Facebook Twitter

№ ას-1216-1161-2013 16 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე, გ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ს-მა სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ნ. კ-ისა და გ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი...... ) ნასყიდობის შესახებ ნ. კ-სა და გ. გ-ს შორის 2012 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე ნ. კ-ისათვის, შ. ს-ის სასარგებლოდ, 8900 ლარის დაკისრება. დასახელებული მოთხოვნების საფუძვლად, მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 2008 წლის 15 აგვისტოს კახეთის სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე გაიტანა ა. ქ-ის კუთვნილი უძრავი ქონება - ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, გ. ც-ი კი, აუქციონის შედეგებით, გახდა დასახელებული ქონების მესაკუთრე; 2009 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ც-მა 2008 წლის 15 აგვისტოს აუქციონზე ნაყიდი ქონება (საკადასტრო კოდით N..... ) გაასხვისა შ. ს-ის სახელზე; 2010 წლის 14 აპრილს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ნ. კ-მ სარჩელი აღძრა გ. ც-ის, შ. ს-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 15 აგვისტოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ისევე როგორც გ. ც-სა და შ. ს-ს შორის 2009 წლის 6 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც ნ. კ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; 2012 წლის 18 მაისს შ. ს-მა შეიტყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურმა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში, შ. ს-ის კუთვნილი ნაკვეთიდან 1501.00 კვ.მ ნაკვეთი 2011 წლის 19 ოქტომბერს აღრიცხა ნ. კ-ის სახელზე, ხოლო ნ. კ-მ აღნიშნული ნაკვეთი 2011 წლის 3 მაისს გაასხვისა გ. გ-ზე; 2011 წლის 3 მაისის ხელშეკრულება ფიქტიურია – იგი დადებულია იმ მიზნით, რომ ნ. კ-ს შ. ს-ის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიღების შემთხვევაში უკანონოდ დარეგისტრირებული ქონება არ დაეკარგა. სადავო ნაკვეთი ნ. კ-ის სახელზეც ფიქტიურად იყო ფაფორმებული და იგი ეკუთვნოდა მ. კ-ს; ნ. კ-მ 2011 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით შ. ს-ის კუთვნილი ნაკვეთის გასხვისებით ამ უკანასკნელს მიაყენა ზიანი გარიგების ფასის შესაბამისად 8900 ლარის ოდენობით.

ნ. კ-მ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მოსაზრებით, 2008 წლის 15 აგვისტოს აუქციონზე ვერ გავიდოდა ქონება, რომელიც ნ. კ-მ ა. ქ-ისაგან იყიდა. მოპასუხის მითითებით, მან სასამართლოდან მიიღო ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, ამასთან, 2011 წლის ოქტომბერში ნ. კ-ს დაუკავშირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და მოსთხოვა 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენა. მოპასუხის მტკიცებით, ის გარემოება, რომ 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მისთვის ცნობილი გახდა სადავო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნ. კ-ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო არ დაკმაყოფილდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ აპელანტ შ. ს-ის წარმომადგენელი თ. მ-ი, ნ. კ-ე, გ. გ-ი და მათი წარმომადგენელი კი, სხდომაზე არ გამოცხადებულან. მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო აპელანტ შ. ს-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა შ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა 2012 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დაკმაყოფილდა შ. ს-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი....... ) ნასყიდობის შესახებ ნ. კ-სა და გ. გ-ს შორის 2012 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრები წარადგინეს ნ. კ-მ და გ. გ-მა. პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის საჩივარი და გაუქმდა 2012 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ისა და შ. ს-ის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა 2012 წლის 3 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით დადების ფაქტი, მისი მტკიცება შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადავო გარემოების დასადგენად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა 2012 წლის 3 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ დადგინდა გარემოებები, რაც დაადასტურებდა სადავო გარგების მოჩვენებით ხასიათს.

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგანთან მიმართებაში, ვინაიდან ნ. კ-სა და გ. გ-ს შორის 2012 წლის 3 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხება ნ. კ-ის და არა შ. ს-ის საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის დასკვნით, არ არსებობს ნ. კ-სა და გ. გ-ს შორის ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე უძრავ ნივთზე 2012 წლის 3 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ნ. კ-ისათვის შ. ს-ის სასარგებლოდ 8900 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სასამართლომ დაადგინა შემდეგი სახით:

1998 წლის 24 მარტს ნ. კ-სა (მყიდველი) და ა. ქ-ს (გამყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ა. ქ-მა გაყიდა, ხოლო ნ. კ-მ იყიდა ბენზინგასამართი სადგური, რომელიც შედგებოდა ორი ოცტონიანი ავზი-ცისტერნისაგან და განლაგებული იყო ა. ქ-ის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის 0,15 ჰა მიწის ნაკვეთზე;

ა. ქ-სა და ნ. კ-ს შორის 1998 წლის 24 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე ა. ქ-ის კუთვნილ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე ნ. კ-ს საკუთრების უფლება არ ჰქონდა გადაცემული;

2008 წლის 15 აგვისტოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ განმეორებით აუქციონზე გატანილი იქნა ა. ქ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (საცხოვრებელი ფართი 51.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 55.9 კვ.მ, სამეურნეო ფართი 113.6. კვ.მ, საზაფხულო ფართი 27 კვ.მ) და ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობები. აუქციონზე აღნიშნული ფართი გადაეცა კრედიტორ გ. ც-ს;

2009 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. ც-ის მიერ აუქციონზე ნაყიდი ქონება გასხვისდა შ. ს-ზე, რის შედეგადაც აღნიშნული უძრავი ნივთი ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელზე, საკადასტრო კოდით .........;

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2008 წლის 15 აგვისტოს აუქციონის შედეგები, ბათილად იქნა ცნობილი გ. ც-სა და შ. ს-ს შორის 2009 წლის 6 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შ. ს-ი ცნობილ იქნა არაკეთილსინდისიერ შემძენად ნ. კ-ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურისა და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში, დაევალა საჯარო რეესტრს ქონების გამოყოფა და რეგისტრაციაში გატარება ნ. კ-ის სახელზე;

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ს-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შ. ს-ის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე N2/54-11 და ნ. კ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურმა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში და რომელიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია, შ. ს-ის კუთვნილი ნაკვეთიდან 1501.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2011 წლის 19 ოქტომბერს აღრიცხა ნ. კ-ის სახელზე, ხოლო 2012 წლის 3 მაისს ნ. კ-მ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა გ. გ-ის სახელზე, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე 1501.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ;

2012 წლის 3 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. გ-მა ნ. კ-ს გადაუხადა 8900 ლარი.

დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ-ე 8900 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა შ ს-ის ხარჯზე, რადგან ა. ქ-სა და ნ. კ-ს შორის 1998 წლის 24 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე ა. ქ-ის კუთვნილ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე ნ. კ-ს საკუთრების უფლება არ გადასცემია, მან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა გ. გ-ზე და მისგან მიიღო 8900 ლარი. სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი მართალია დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს 2011 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე N2/54-11 და ნ. კ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ 2012 წლის 3 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შ. ს-ის კუთვნილი სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დარჩა გ. გ-ს, მიწის ნაკვეთის ღირებულება 8900 ლარი კი მიიღო ნ. კ-მ.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ნ. კ-ე ვალდებული იყო შ. ს-ისათვის გადაეხადა უსაფუძვლოდ მიღებული 8900 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2013 წლის 30 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც ნ. კ-ე და გ. გ-ი, და არც მათი მათი წარმომადგენელი ვ. ს-ე. აღნიშნულ სხდომაზე მხარეთა და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო აპელანტ შ. ს-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ნ. კ-ის საჩივრის განხილვისას სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის საფუძვლები, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა თავის ინიციატივით იმაზე მითითებით, რომ 2013 წლის 30 მაისს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა თ. მ-მა, რომელსაც ამ დროისთვის აღარ გააჩნდა უფლებამოსილება, წარმოედგინა შ. ს-ი. კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოს ინიციატივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. აღსანიშნავია ისიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის თ. მ-ი უფლებამოსილი იყო, წარმოედგინა შ. ს-ი ამ უკანასკნელის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შ. ს-ი იწონებდა და ეთანხმებოდა ახალი რწმუნებულების გაცემამდე თ. მ-ის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის შუამდგომლობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 მაისის სხდომაზე თ. მ-ის უფლებამოსილების შემოწმების შემთხვევაში სასამართლოსათვის ცნობილი იქნებოდა, რომ თ. მ-ს თან ჰქონდა ორდერი, რაც ანიჭებდა შ. ს-ის სახელით სასმართლო სხდომაზე გამოსვლის უფლებამოსილებას;

სასამართლომ 2013 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა იმგვარად, რომ არ განუმარტავს შესაბამისი განჩინების გასაჩივების წესი და ვადა;

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სასამართლო სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზია ჰქონდა მ. კ-ს და არა ნ. კ-ს, შესაბამისად, ქონება ნ. კ-ის საკუთრებად ფიქტიურად იყო დარეგისტრირებული და ასევე ფიქტიურად მოხდა მისი გასხვისება გ გ-ზე;

ნ. კ-მ შეგნებულად, საჯარო მოხელის ხელშეწყობით თავის საკუთრებად დაირეგისტრირა შ. ს-ის კუთვნილი ნაკვეთი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ იყო კანონიერ ძალაში შესული და რომელიც მოგვიანებით გაუქმდა ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. კ-მ განკარგა ქონება, რომელზეც არ გააჩნდა უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელია ნასყიდობის საგნის გასხვისების ნება გამოავლინოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა - მესაკუთრემ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, არამედ მოხდა არანამდვილი მესაკუთრისა და მყიდველის ნებათა თანხვედრა, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებასთან დაკავშირებით წარმოებდა დავა და საჩივარი წარდგენილი იყო 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ნ. კ-ის საკუთრებად სადავო ქონების დარეგისტრირება;

უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომლის შესაბამისად, შ. ს-ს არ გააჩნია 2012 წლის 3 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ინტერესი. მოსარჩელე მხარემ საჯარო რეესტრში შეიტანა საჩივარი ნ. კ-ის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჩივრის ასლი კი წარდგენილ იქნა სასამართლოში. ასეც რომ არ ყოფილიყო, მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო საჯარო რეესტრში ასეთი საჩივრის წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში შ. ს-ის საკასაციო საჩივრისათვის თ. მ-ის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს გადახდილია 445 ლარი. შესაბამისად, შ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს დასახელებული თანხის 70% - 311,50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შ. ს-ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს თ. მ-ის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 445 ლარის 70% – 311,50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე