№ას-124-118-2014 18 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ. ბ. გ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ. ბ. გ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, 2008 წლის 5 ნოემბრის № 05/08 განზრახვის ოქმის 3.2 პუნქტის შესრულების მიზნით 2008 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელე თ. შ-სა და მოპასუხე შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ (წარმომადგენელი დირექტორი ლ ბ-ე) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 1170 კვ.მ. ფართობი, საკადასტრო კოდი: .. .. .., რომლის ღირებულება შეადგენდა 7897.5 ლარს და მისი გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად: ა)4738.5 ლარი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციამდე; ბ)1579.5 ლარი არაუგვიანეს 2009 წლის 20 აპრილისა; გ) 1170 ლარი ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების შემდგომ (ვადა გამყიდველისათვის განისაზღვრა 2009 წლის 30 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე); დ) 409.5 ლარი ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების შემდგომ, იგივე პუნქტის ’’დ’’ ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ გადაიხადა 4738.5 ლარი. 2008 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და განხორციელდა თ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო უძრავი ქონების ფაქტობრივი გადმოცემა მოსარჩელისათვის დღემდე არ მომხდარა. 2009 წლის 13 მაისს მოსარჩელემ გადაიხადა 1598.55 ლარი. გადახდის მე-3 ეტაპი დგებოდა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ოქტომბრისა, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი (მოპასუხე) შეასრულებდა ხელშეკრულების 5.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რაც დღემდე არ შეუსრულებია. აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო სრული სახელშეკრულებო თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 5 %-ისა. ვინაიდან ხელშეკრულების 5.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვადის დადგომიდან გასულია 3 წელი და 5 თვე, მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი ამ ვალდებულების შესრულების მიმართ.
მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს ’’ნ. ბ. გ-ის’’ (ს/ნ .. .. ..) მიმართ; თ. შ-სა და შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ შორის შეწყდა 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით; მოპასუხე შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ (ს/ნ ........) მოსარჩელე თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 336.55 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ (ს/ნ ......) მოსარჩელე თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 395 ლარის ანაზღაურება; შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ (ს/ნ...... ) თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 336.55 ლარის წლიური 10%-ის (633.65 ლარი) ანაზღაურება 2009 წლის 30 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში; შპს ’’ნ. ბ. გ-ს’’ (ს/ნ........... ) მოსარჩელე თ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 309 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ხოლო სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა გადახდილად.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს ’’ნ. ბ. გ-ის’’ წარმომადგენელმა ლ. ბ-მ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის განახლება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით შპს „ნ. ბ. გ-ის“ საჩივარი 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ. ბ. გ-მა“, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ნ. ბ. გ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 26 აპრილს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. შ-მ მოპასუხე შპს „ნ. ბ. გ-ის“ მიმართ და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის ხელსეკრულების შეწყვეტა და შპს „ნ. ბ. გ-სთვის“ თანხის დაკისრება.
სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად, მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაჰბარდა 2013 წლის 12 ივნისს (ტომი I. ს.ფ. 56).
შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრულ ათდღიან ვადაში, მოპასუხე შპს „ნ. ბ. გ-ს“ არ წარმოუდგენია პასუხი (შესაგებელი).
2013 წლის 28 ივნისს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე (ტომი I. ს.ფ. 57-61).
საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამასთან, გაფრთხილებულ იქნა შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
აპელანტის (მოპასუხე) წარმომადგენელი - ლ. ბ-ე (შპს „ნ. ბ. გ-ის“ დირექტორი) შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს დედის ავადმყოფობაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია შპს „თ. N4 ს. მ. ც-ის“ 2013 წლის 19 ივლისის ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ბ-ი 2013 წლის 20 ივნისიდან 2013 წლის 24 ივნისის ჩათვლით გადიოდა მკურნალობას და გამოკვლევებს დასახელებულ სამედიცინო ცენტრში (ტ. I. ს.ფ. 68).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ცნობა არ ასაბუთებდა მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ( 2013 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 22 ივნისის ჩათვლით) წარუდგენლობის საპატიოობას. კერძოდ, საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ რატომ ვერ შეძლო მან საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში - 2013 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 22 ივნისის ჩათვლით, შესაგებლის სასამართლოსთვის წარდგენა ან/და ამ ვადაში მოეთხოვა საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოპასუხის წარმომადგენლის დედის ავადმყოფობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი ცნობა შეეხება მხოლოდ 2013 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით პერიოდს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ავადმყოფობა (მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს დირექტორის ოჯახის წევრის) არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იურიდიული პირის ინტერესებისთვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობის - სასამართლოში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის დადასტურებისათვის. აღნიშნული გარემოების დამტკიცებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, დადასტურებულ იქნეს ასევე ის გარემოება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დაცვა შეუძლებელი იყო ასევე სხვა წარმომადგენლის მიერაც. ასეთი მტკიცება საჩივრის ავტორის მიერ არ ყოფილა განხორციელებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლას, მიწის ღირებულების გადახდილი ნაწილის დაბრუნებას და პირგასამტეხლოს დაკისრებას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. პუნქტი) და მიაჩნია, რომ ზემოდასახელებული გარემოებების ერთობლიობა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 417-ე და 418-ე მუხლებისა, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას და მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია და საჩივრის ავტორმაც ვერ დაადასტურა შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება, გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და ვერც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ. ბ. გ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი და საპატიო მიზეზისა და „სხვა ობიექტური გარემოების“ ცნება შეზღუდა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობაში მითითებული პერიოდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „ნ. ბ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ. ბ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ნ. ბ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (432 ლარი) 70% –302.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ. ბ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 24 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (432 ლარის) 70% – 302.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე