№ას-128-121-2014 14 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ-ე, შპს „ს. კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჯ-ისა და შპს „ს. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ჯ-ის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე თავის კუთვნილ №22/63 ბინაზე ბანკ „ს. კ-თან“ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ი. ჯ-სთვის თანხის დაკისრება.
მოპასუხე ი. ჯ-მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
მოპასუხე შპს „ს. კ-მა“ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის სასაქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი შპს „ს. კ-ისა” და ი. ჯ-ის წინააღმდეგ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხე ი. ჯ-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტეილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. გ-ის მოთხოვნა ი. ჯ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. გ-ის სარჩელი ი. ჯ-ის მიმართ 21 765 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, ი. ჯ-ს დ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21 765 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 02 მარტს ნოტარიუს ხ. ჯ-თან შპს ,,ს.-კ-ის“ წარმომადგენელს ი. მ-სა და დ. გ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,ს. კ-ის“ წარმომადგენელმა დ. გ-ს გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის სახით ძირითადი თანხის 5% დარიცხვით. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0,2% ოდენობით.
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა დ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ჯ-ის ქ. I შეს. ბინა 22/63, ფართი 87.55 კვ.მ. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში განისაზღვრა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების სათანადო ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელე დ. გ-მ სრულად მიიღო 2012 წლის 02 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა 15000 აშშ დოლარი. დ. გ-ს ასევე პირადად აქვს განხორციელებული თანხების გადახდა შპს ”ს. კ-ის” ანგარიშზე.
2012 წლის 07 ნოემბერს ნოტარიუს ხ. ჯ-ის მიერ შპს ,,ს. კ-ის’’ მოთხოვნის საფუძველზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დ. გ-ის ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა 21.765 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე მითითებულ იქნა, რომ დავალიანების თანხის ამოღება განხორციელდეს დ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ი. ჯ-ის I შეს. №22, ბ. 63, საკადასტრო კოდი: ................ იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
დადგენილია, რომ დ. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისი, ი. ჯ-ის I შეს. №22, ბ. 63, საკადასტრო კოდი: ........., შპს ,,ს. კ-თან“ დადებულ ხელშეკრულებამდე, დ. გ-ის მიერ ორჯერ იყო იპოთეკით დატვირთული.
მტკიცებულებათა არარსებობის გამო სააპელაციო პალატა, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი დაუდასტურებლად მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას მოტყუებით დაადებინეს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
იმ ფაქტობრივი გარემოების გასარკვევად, შეეძლო თუ არა დ. გ-ს თავისი ჯანრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაეცნობიერებია თავისი მოქმედება და ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოყვებოდა მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს - სააპელაციო სასამართლოს მიერ დაინიშნა ექსპერტიზა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული 2013 წლის 15 ნოემბრის №005124413 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დ. გ-ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული (დაუზუსტებელი ეტიოლოგიის) აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. 2012 წლის 2 მარტს, იპოთეკური ხელშეკრულების დადების დროს, დ. გ-ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული (დაუზუსტებელი ეტიოლოგიის) აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. (ანუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის დ.გ-ს, მიუხედავად ფსიქიკური პრობლემებისა შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი. ჯ-ის მიერ აღიარებულ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დ გ-მ შპს ”ს. კ-საგან” აღებული თანხა სესხის სახით გადაცა ი. ჯ-ს და ი. ჯ-მ იკისრა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება იმ პირობებით რა პირობითაც ჰქონდა დ. გ-ს აღებული სესხი - შპს „ს. კ-საგან”.
იგივე ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ი. ჯ-ე წარმოდგენილი შესაგებლით. ”ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხა დ.გ-მ მე გადმომცა შეთანხმებისამებრ. აღნიშნული თანხით მე გავისტუმრე ვალები, დანარჩენი კი მოვახმარე ჩემს საქმიანობას”. (იხ. ს.ფ. 80).
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დადგენილია, რომ დ. გ-ის ვალდებულება შპს ”ს. კ-ის” მიმართ განისაზღვრა 21.765 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია, რომ ბანკიდან აღებული თანხა დ.გ-მ თავის მხრივ სესხად გადასცა ი. ჯ-ს ზუსტად იმ პირობებით, რა პირობითაც მას ჰქონდა აღნიშნული თანხა ნასესხები შპს ”ს. - კ-საგან”.
სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 131 -ე მუხლისა და მოპასუხე ი. ჯ-ის აღიარების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მ მის მიერ შპს „ს. კ-საგან” აღებული თანხა სესხის სახით გადასცა ი. ჯ-ს, რომელმაც იკისრა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება იმ პირობებით რა პირობითაც ჰქონდა დ. გ-ს აღებული სესხი - შპს ”ს. კ-საგან“.
პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე მუხლებით და ზემოთმითითებულ გარემოებათა და იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია ფაქტი, ვალდებულების არსებობისა და მისი ჯეროვნად შეუსრულების შესახებ, მიიჩნია, რომ დ. გ-ის სარჩელი ი. ჯ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
რაც შეეხება აპელანტის (იგივე მოსარჩელე მხარის) მოთხოვნას იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა რომ, სადავო გარიგება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 82.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოტუების დროს სახეზე იყო ნების ნაკლის გამოვლენა, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი- გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდგომ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მოტყუვდა როცა აღნიშნული გარიგება დადო. კერძოდ, მხარეებმა ისარგებლეს მისი ფსიქიური მდგომარეობით და მოატყუეს.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 15 ნოემბრის №005124413 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დ. გ-ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული (დაუზუსტებელი ეტიოლოგიის) აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. 2012 წლის 2 მარტს, იპოთეკური ხელშეკრულების დადების დროს, დ. გ-ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული (დაუზუსტებელი ეტიოლოგიის) აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, შესაბამისად ააპელანტის მიერ ვერ იქნა დამკიცებული და დადასტურებული გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ დ. გ-მ რეალურად, გაცნობიერებული ქმედებით აიღო სესხი შპს „ს. კ-საგან” უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით და აღნიშნული თანხა სესხის სახით გადასცა მის დის შვილს ი. ჯ-ს.
პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შემთხვევაშიც მას არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მოტყუების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე მტკიცებულება იმის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელსეკრულების გაფორმების დროისათვის დ გ-ის მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და მოწინააღმდეგე მხარეს არ დაავალა წარმოედგინა საქმის სრულყოფილად განხილვისთვის საჭირო საბუთები, რის საფუძველზეც, უკანონოდ დაიტვირთა მისი ბინა იპოთეკით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დ. გ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე