№ას-1289-1231-2013 18 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: შპს „ა-ას“ მიერ 2009 წლის 16 ოქტო,ბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სს „ქ-ის“ ხაზობრივი ნაგებობის @01 ლიანდაგის ჩრდილო საზღვრის ნაწილში გაუქმება; სს „ქ-ის“ კუთვნილი №01 ლიანდაგის ჩრდილო ნაწილის განსაზღვრა №01 ლიანდაგის №02 ისრის კალმიდან 50 მეტრში და შესაბამისი მონაცემებით დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით სს „ქ-ის“ დავალდებულება, შეიტანოს ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „მ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ა-ას“ მიერ 2009 წლის 16 ოქტომბერს, სს ”ქ-ის” სახელზე შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სს „ქ-ის“ კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის №01 ლიანდაგის ჩრდილოეთი საზღვარი განისაზღვრა, №01 ლიანდაგის №02 ისრის კალმიდან 50 მეტრში, სს „ქ-ს“ დაევალოს შესაბამისი მონაცემებით დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოახდინოს ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში; სს „ქ-ს“ შპს „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯების, 2550 ლარის გადახდა.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და შ.პ.ს. ,,გ-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. ,,გ-მ” აუქციონზე შეიძინა ქ. ქუთაისში, ო-ის ქ. №14-ში მდებარე, შპს ,,ქ. ბ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს 100 %-იანი წილი, მათ შორის, რკინიგზის ჩიხი.(ტ.2.ს.ფ.17-18).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანებით, სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შპს ,,ქ. ბ-ის” მონაცემების ცვლილება საფირმო სახელწოდების ნაწილში. შპს ,,ქ. ბ-ა” დარეგისტრირდა შპს ,,მ-ის“ სახელწოდებით.(ტ.2.ს.ფ.20,52)
მხარეთა განმარტებებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,მ-ის“ მიმდებარედ ფუნქციონირებს სს ,,ქ-ი”, რომელსაც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საკუთრებაში გააჩნია 1100 გრძივი მეტრი რკინიგზის ხაზი. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....). უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 24 აგვისტოს დადგენილება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1995 წლის 28 დეკემბრის №247 ბრძანება. (ტ.2.ს.ფ.48-50).
დადგენილია, რომ რკინიგზის ჩიხის დასარეგისტრირებლად, სს ,,ქ-მა”, შპს ,,ა-ას” შეუკვეთა აზომვითი ნახაზის მომზადება. დასახელებული ლიანდაგის საზღვრები და სხვა მონაცემები, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ისე, როგორც შპს ,,ა-ას” მიერ მომზადებულ აზომვით ნახაზშია მითითებული.(ტ.2.ს.ფ.50, 196).
პალატამ დამატებით დაადგინა შემდეგი: საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში შპს ”მ-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებულია 662 გრძივი მეტრი ლიანდაგი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.......).(ტ.2.ს.ფ.193-195).
2013 წლის 18 იანვრის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის, სს ,,ქ-ის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარკინიგზო ლიანდაგის საზღვრების დადგენის მიზნით, შპს ”ა-ასათვის” რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ წარუდგენიათ. არსებული ელექტრონული ბადის საფუძველზე, სარკინიგზო ლიანდაგზე სს ,,ქ-ის” საკუთრების საწყისი წერტილი, შპს ,,ა-ას” მიერ მომზადებულ აზომვით ნახაზში დაფიქსირდა იქ, სადაც დასრულდა შპს ”ს. რ-ის ” საკუთრება, ხოლო ბოლო წერტილი დაფიქსირდა საწყისი წერტილიდან 1100 გრძივ მეტრზე.
2013 წლის 30 იანვრის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „ს. რ-დან“ მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ სხვა პირებისათვის რკინიგზის ლიანდაგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის მიზნით, შპს „ს. რ-ას“ მიერ გაიცემოდა „სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტი“. აღნიშნული პასპორტები შეიცავდა სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის, მფლობელობაში გადაცემული ლიანდაგის სიგრძისა და საზღვრების თაობაზე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შპს „ს. რ-ას” მიერ შედგენილი ”სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტებითა” და მასზედ დართული რკინიგზის ლიანდაგის ტექნიკური პასპორტებით ირკვევა შემდეგი:
შპს” ს. რ-ას” მიერ, შპს ”მ”-ის (ყოფილი შპს ,,ქ. ბ-ა”) მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული იყო 673 გრძივი მეტრი რკინიგზის ლიანდაგი, რაც წარმოადგენდა სს ,,ქ-ის” სავლელი ლიანდაგის გაგრძელებას. (ტ.2.ს.ფ.21-31). შპს ”მ”-ის (ყოფილი შპს ,,ქ. ბ-ა”) ტერიტორიის ტექნიკურ პასპორტში დაფიქსირებულია შენიშვნა: 1) ნიშნულები პირობითია; 2) მის. ლიანდაგების ტექ. პირობები მოცემულია ტექ. პასპორტში და განიხილება ნახაზთან ერთად. (ტ.2.ს.ფ.47). შპს” ს. რ-ას” მიერ, სს ,,ქ-ის” მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული იყო 1105 გრძივი მეტრი რკინიგზის ლიანდაგი, რაც განთავსებული იყო კონტეინერების ეზოს ლიანდაგის გაგრძელებაზე სად. ქუთაისი II. (ტ.2.ს.ფ.33-46) სს ,,ქ-ის” ტერიტორიის ტექნიკურ პასპორტში დაფიქსირებულია შენიშვნა: 1) მის. ლიანდაგის საწყისად საკონტეინერო ეზოს ჭიშკრის ღერძი; 2) 01 ლიანდაგის დასასრულად ითვლება №02 გადამყვანიდან +50 მ. (იხ. ნახაზი. 3) ნიშნულები პირობითია; 4) მის. ლიანდაგების ტექნიკური მაჩვენებლები მოცემულია პასპორტში და განიხილება მასთან ერთად. (ტ.2.ს.ფ.32). ლიანდაგის პასპორტებს ხელს აწერენ პასპორტის შემდგენელი- თ. ტ-ი, შპს” ს. რ-ას” საგზაო რევიზორი მისასვლელი ლიანდაგის დარგში, სალიანდაგო სამსახურის მისასვლელი განყოფილების უფროსი და მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები (შპს ”მ”-ის და სს ,,ქ-ის” დირექტორები).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის № 009139-2012/07/4 ექსპერტის დასკვნით დგინდება შემდეგი: წარმოდგენილი რ/გ ლიანდაგების ტექნიკური პასპორტების მიხედვით, სს ,,ქ-ის” საკუთრებად რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობების-რკინიგზის ჩიხის საზღვარი, ანუ საზღვარი შპს ”მ”-თან მდებარეობდა სადგური ქუთაისი II-ის მიმართულებისა და სს ,,ქ-ის” ლიანდაგების შემაერთებელი P65 ტიპის საისრე გადამყვანის კალმის წვეროდან 50 მ-ით დაშორებულ წერტილში, ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით მიმავალი სალიანდაგო ხაზის გასწვრივ. წარმოდგენილი შპს ”ა-ას” მიერ შესრულებული საკადასტრო ნახაზისა და საჯარო რეესტრის საკადასტრო გეგმის მიხედვით, სს ,,ქ-ის” ლიანდაგის საზღვარი სადგური ქუთაისი II-ის მიმართულებისა და სს ,,ქ-ის” ლიანდაგების შემაერთებელი P65 ტიპის საისრე გადამყვანის კალმის წვეროდან, ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით მიმავალი სალიანდაგო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულია 142 მ-ის მანძილზე.(ტ.1.ს.ფ.203-208);
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის № 003055813 ექსპერტის დასკვნით დგინდება შემდეგი: 1. სს ,,ქ-ისა” და შპს ”მ”-ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობების (სარკინიგზო ლიანდაგის) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების (საკადასტრო გეგმების) მიხედვით, აღინიშნება ურთიერთგადაფარვა (ზედდება). გადაფარვის სიგრძე შეადგენს 69 მეტრს. (იხ დანართი №1). 2. თუ გავითვალისწინებთ ი/მ თ. ტ-ის შედგენილ პასპორტში არსებულ მონაცემებს 02 ისრიდან მითითებული 50 მ-ის ნაცვლად, სს ,,ქ-ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (სარკინიგზო ლიანდაგის) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზღვრები გრძელდება 122 მ-ზე. (72 მ-ით მეტ მანძილზე). 3. შპს ”მ”-ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (სარკინიგზო ლიანდაგის) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზღვრები იწყება 02 ისრიდან 53 მ-ის შემდეგ, ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით. 4. ი/მ. თ. ტ-ის მიერ, სს ,,ქ-ისა” და შპს ”მ”-ის სახელზე შედგენილი ნახაზების მონაცემების მიხედვით, სს ,,ქ-ისა” და შპს ”მ”-ის კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობებს (სარკინიგზო ლიანდაგებს) შორის საზღვარი გადის 02 ისრიდან 50 მეტრის მანძილზე შპს ”მ”-ის ტერიტორიის მხარეს;
აპელანტმა (მოსარჩელემ) იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ საჯარო რეესტრში სს ”ქ-ის” სახელზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეიცავდა სწორ მონაცემს შპს ”მ-ის“ კუთვნილ სარკინიგზო ლიანდაგთან არსებული საზღვრის თაობაზე, მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე:
1.შპს „ს. რ-ას” მიერ შედგენილი „სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტები” და მასზე დართული რკინგზის ლიანდაგის ტექნიკური პასპორტები;
2. შპს ”ს. რ-დან” მოწვეული სპეციალისტის განმარტება;
3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნები.
მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ), იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შპს ,,ა-ას” მიერ, 2009 წლის 16 ოქტომბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეიცავდა სწორ მონაცემებს, მიუთითა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული უფლების დამდგენ შემდეგ დოკუმენტებზე: ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 24 აგვისტოს დადგენილება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1995 წლის 28 დეკემბრის №247 ბრძანება.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა სს ”ქ-ის” სახელზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ამ ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სისწორე.
სსსკ-ის 102-103-ე და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ მითითებული მონაცემების უზუსტობა.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: შპს „ს. რ-ის” მიერ შედგენილი ”სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტების”, მასზედ დართული რკინგზის ლიანდაგის ტექნიკური პასპორტების, შპს ”ს. რ-დან” მოწვეული სპეციალისტის განმარტებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნებით დადასტურებულია, რომ შპს ,,ა-ას” მიერ, 2009 წლის 16 ოქტომბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არასწორია, კერძოდ: ნახაზის მიხედვით სს ,,ქ-ისა” და შპს ”მ”-ის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობების (სარკინიგზო ლიანდაგის) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებში აღინიშნება ურთიერთგადაფარვა (ზედდება): სს ,,ქ-ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (სარკინიგზო ლიანდაგის) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზღვრები ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით გრძელდება 72 მეტრით მეტ მანძილზე, შპს ”მ”-ის ტერიტორიის მხარეს.
შპს ,,ა-ას” მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზში დაფიქსირებული მონაცემის ნაცვლად, სს ”ქ-ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის №01 ლიანდაგის ჩრდილოეთი საზღვარი მდებარეობს №01 ლიანდაგის №02 ისრის კალმიდან 50 მეტრში.
პალატის აზრით, მოსარჩელეს მსჯელობა შპს ,,ა-ას” მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის უსწორობის შესახებ დასაბუთებულია, რაც სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
მოპასუხემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2009 წლის 16 ოქტომბერს, შპს ,,ა-ას” მიერ შესრულებული სს ”ქ-ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეიცავდა სწორ მონაცემებს, მიუთითა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული უფლების დამდგენ შემდეგ დოკუმენტებზე: ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 24 აგვისტოს დადგენილება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1995 წლის 28 დეკემბრის №247 ბრძანება. პალატის განმარტებით, მითითებული მტკიცებულებები არ შეიცავენ ჩანაწერს სს ”ქ-ის” კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (რკინიგზის ლიანდაგის) მონაცემების, მათ შორის საზღვრების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავენ ჩანაწერს, რომლითაც შესაძლებელია სს ,,ქ-ისა” და შპს ”მ”-ის სარკინიგზო ლიანდაგის სასაზღვრო ნიშნულის იდენტიფიკაცია.
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხის მითითების დასადასტურებლად გაზიარებული ვერ იქნება.
პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც შპს ”მ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საჯარო რეესტრის შესახებ.
კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აუქმებს საკუთრების უფლებას და საჯარო რეესტრის ჩანაწერს. თუმცა სასამართლო პირდაპირ არ მიუთითებს და შეგნებულად გვერდს უვლის ამ ფაქტს. კანონი საჯარო რეესტრის შესახებ არ ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას (ერთადერთი ცვლილება, რასაც საჯარო რეესტრი აწარმოებს, ეს არის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (მუხლი 9.3), რომელიც ეხება უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთს და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებებს (მუხლი 4.2, იგულისხმება იპოთეკა, უზურფურუქტი, იჯარა აღნაგობა და ა.შ. ცვლილება). ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კანონი ითვალისწინებს ჩანაწერების მხოლოდ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობას, რაც მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია და არც სასამართლოს უმსჯელია ამის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს არა მარტო საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, არამედ საკუთრების უფლებასაც.
კასატორის განმარტებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სამართლებრივი აქტი და არა სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტი, როგორსაც წარმოადგენს საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამიტომ მიუთითებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომ მხარის (მოსარჩელის) უფლებები თუ დაირღვა, იგი შეიძლებოდა დარღვეულიყო სწორედ სამართლებრივი აქტის გამოცემით, ანუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, და არა საკადასტრო აზომვითი ნახაზით. ამდენად, მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გადაფარვა შეადგენს 69 მეტრს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტი, რომლის თანახმად, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარს. ამავე მუხლის „ვ1“ პუნქტი ითვალისწინებს ასევე უარს რეგისტრაციაზე, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ქუთაისის სააპელაციო სასამმართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნიშნავს სს „ქ-ის“ საკუთრების არსებული რეგისტრაციის ჯერ გაუქმებას, ხოლო შემდგომ ხელახალ რეგისტრაციას საკუთრების უფლების დარღვევით (საკუთრებაში არსებული 1100 გრძივი მეტრის ნაცვლად, რაც დღემდე არავის სადავოდ არ გაუხდია, უნდა დავარეგისტრიროთ 1030 გრძივი მეტრი, ანუ ჩამოგვერთმევა 70 გრძივი მეტრი რკინიგზის ხაზი და რაც მთავარია – უსასყიდლოდ გადაეცემა იგი მოსარჩელე მხარეს). გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო თვითონ აღნიშნავს, რომ დავის საგანი არის რეესტრის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. თუ ეს ასეა, მაშინ ასეთი დავა არ შეიძლება განხილულ იქნეს საჯარო რეესტრის შესახებ კანონის გათვალისწინების გარეშე. ასეთ ცვლილებას საჯარო რეესტრის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს და არც არის გაწერილი კანონში, თუ როგორ, რა შემთხვევაში და რის საფუძველზე ხდება ცვლილებების შეტანა რეგისტრაციის მონაცემებში.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ჩვენი მითითება სასარჩელო მოთხოვნების დაუსაბუთებლობის შესახებ, რამაც ასახვა ჰპოვა გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ არც მხარეს წარმოუდგენია და არც სასამართლოს დაუდგენია რომ საკადასატრო აზომვითი ნახაზი არასწორია, რაც ცხადყოფდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი სწორად, ხარვეზის გარეშე იყო შესრულებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, სააპელაციო პალატამ მაინც გააუქმა ეს ნახაზი.
კასატორის აზრით, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ვინმე ინდ.მეწარმის მიერ შესრულებული რაიმე დოკუმენტი. ასეთი რანგის მქონე დოკუმენტი არ შეიძლება გახდეს სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითადი და ერთადერთი იურიდიული დასაბუთება. არ შეიძლება იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი იქცეს სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების საფუძვლად, ანუ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მიუხედავად არაერთი განმარტებისა, სააპელაციო პალატა ინდ. მეწარმე ტ-ის მიერ შესრულებულ პასპორტებს წარმოადგენს, როგორც შპს „ს. რ-ის“ მიერ გაცემულს. ამას არ ეთანხმება ექსპერტიც და სააპელაციო პალატის მიერ შპს „ს. რ-ის“ პასპორტებად წოდებული დოკუმენტების შესახებ კითხვებზე პასუხობს ინდ.მეწარმე ტ-ის მიერ შესრულებული პასპორტების მიხედვით, მიუხედავად ამისა გადაწყვეტილებაში პალატა მაინც შპს „ს. რ-ის“ პასპორტებს მოიხსენიებს, რითაც ცდილობს შესძინოს ამ დოკუმენტებს იურიდიული ძალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს №153 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე