№ას-1449-1367-2012 7 ივლისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ., ი. და ჟ. წ-ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი., ნ. და ჟ. წ-ების მიმართ და მოითხოვა:
1. ი. წ-ისათვის 1600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
2. ნ. წ-ისათვის 3450 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
3. ნ. წ-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით, ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ტ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ი. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა;
3. ნ. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 125 აშშ დოლარის გადახდა;
4. ნ. წ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული, ქარელის რაიონის სოფელ ხ-ში (საკადასტრო კოდი №……) მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ.
ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო, ამავე პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ., ჟ. და ი. წ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 26 დეკემბერს ერთი მხრივ, ტ. მ-ას, როგორც გამსესხებელს, მეორე მხრივ, ნ. წ-ს, როგორც მსესხებელს და ჟ. წ-ს, როგორც იპოთეკარს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 5000 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით.
2008 წლის 7 აპრილის ხელწერილით დადგინდა, რომ ნ. წ-მ ტ. მ-ას 2006 წლის 26 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით (2008 წლის 26 მარტის ჩათვლით) გადაუხადა ყოველთვიურად დარიცხული პროცენტის თანხა და ძირითადი თანხიდან – 5000 აშშ დოლარიდან, 2000 აშშ დოლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5%-ის დანამატით. ამასთან, საქმეზე წარდგენილი 2009 წლის 7 აპრილის ხელწერილით დადგინდა, რომ მსესხებელმა გამსესხებელს ასევე გადაუხადა 1600 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 7 აპრილის მდგომარეობით მსესხებელს გამსესხებლისათვის მთლიანობაში გადახდილი ქონდა 3600 აშშ დოლარი (2000 აშშ დოლარს + 1600 აშშ დოლარი). რაც შეეხებოდა საპროცენტო სარგებელს, ზემოხსენებული ხელწერილითვე (2008 წლის 7 აპრილის ხელწერილი) დადგინდა, რომ 2008 წლის 26 მარტის ჩათვლით მსესხებელს გამსესხებლისათვის გადახდილი ჰქონდა საპროცენტო სარგებელიც.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი 3%-იანი სარგებლისა, გამსესხებელს გადახდილი ჰქონდა 5%, ანუ, 2008 წლის 26 მარტისათვის გამსესხებელს ზედმეტად ჰქონდა მიღებული ძირითადი თანხის 2%, რაც შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. შესაბამისად, 2008 წლის 26 მარტისათვის ნ. წ-ის სასეხო დავალიანება ტ. მ-ას მიმართ შემოიფარგლებოდა მხოლოდ 1500 აშშ დოლარით (3000 აშშ დოლარს - პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი 1500 აშშ დოლარი).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2008 წლის 26 მარტიდან მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით – 1500 აშშ დოლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტი სარგებელი, რომლის ოდენობა 2008 წლის 26 მარტიდან იმავე წლის 26 აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა 225 აშშ დოლარს. მთლიანობაში მსესხებელს გამსესხებლის მიმართ გააჩნდა 1725 აშშ დოლარის დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2009 წლის 7 აპრილის ხელწერილზე, რომლითაც დადგინდა, რომ ნ. წ-მ ტ. მ-ს გადაუხადა 1600 აშშ დოლარი. ხელწერილზე ტ. მ-ის მიერ შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 29 თებერვლის დასკვნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 26 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ. წ-ის დავალიანება ტ. მ-ას მიმართ შეადგენდა მხოლოდ 125 აშშ დოლარს (1725 აშშ დოლარს - 1600 აშშ დოლარი). ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა 3450 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მას არ მიუღია 2009 წლის 7 აპრილის ხელწერილში მითითებული 1600 აშშ დოლარი, შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2009 წლის 7 აპრილის ხელწერილი განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134–ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ წერილობით მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდებოდა მოპასუხის მიერ 1600 აშშ დოლარის გადახდის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოება, ხოლო ხელწერილზე ტ. მ-ას მიერ შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობას კი ადასტურებდა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 29 თებერვლის დასკვნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. წ-ის სასესხო დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 3000 აშშ დოლარს. 2008 წლის 7 აპრილს ნ. წ-მ ხელწერილით დაადასტურა და აღიარა 3000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. სასამართლოს მართლაც რომ მიეჩნია დადგენილად პროცენტის ზედმეტად გადახდის, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული 3%-ის ნაცვლად 5%-ის გადახდის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი;
მოწინააღმდეგე მხარემ, ნ. წ-მ 2008 წლის 7 აპრილის ხელწერილით აღიარა 3000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად ცნო, რომ ნ. წ-ის ვალი 2008 წლის 26 მარტის მდგომარეობით ტ. მ-ის მიმართ შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. კონკრეტულ შემთხვევაში, დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ 2008 წლის 7 აპრილის ხელწერილით დაადასტურა 3000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი, საფუძველს მოკლებულია ზედმეტად გადახდილი პროცენტის სასამართლოს მიერ ძირითადი ვალის ანგარიშში ჩათვლა;
ექსპერტიზა ჩატარდა 2009 წლის 7 აპრილის ხელწერილზე არსებულ ხელმოწერაზე და არა მთლიანად საბუთზე, რომელშიც დასახელებული თარიღიდან წელი გადასწორებულია. აღნიშნული ნათლად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე