№ას-163-153-2014 18 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე. ჰ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ფ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 16 აპრილს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა მოსარჩელე სს ”ს. ფ-ამ” მოპასუხის შპს ,,N. H-E-ის” (ე. ჰ-ი) წინააღმდეგ და მოითხოვა დავალიანების გადახდის დაკისრება. სარჩელის თანახმად, სს ”ს. ფ-ასა”და შპს „X. B. T-e Co“ -ს შორის 2012 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოპასუხე შპს ”,,N. H-E”-ისთვის (ე. ჰ-ი) საქართველოს ტერიტორიაზე გადმოზიდულ იქნა ტვირთი, რომელიც გადაეცა მოპასუხე ს. ფ-ას კუთვნილ ტერმინალში. ზემოთაღნიშნული ხელშეუკრულების შესაბამისად, ადრესატისაგან გადაზიდვის ღირებულების გადახდევინებას ახორციელებდა შპს ”ს. ფ-ა”. გადაზიდვის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა ტვირთის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში ე.ი 2012 წლის 18 ოქტომბრამდე. ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 31906,76 ლარს.
სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე,რომელიც ჩაბარდა შპს ”,,N. H-E-ის” (ე. ჰ-ი) წარმომადგენელს 2013 წლის 30 მაისს. მოპასუხეს ეცნობა, რომ შესაგებლის წარმოსადგენად მას განსაზღვრული ქონდა 10 დღე. იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესსაგებელი და არც შესაგებლის წარსადგენად ვადის გაგრძელებისთვის მოუმართავს სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ”ს. ფ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს: შპს „N. H-E” (ე. ჰ-ი) მოსარჩელე შპს ”ს. ფ-ის” მიმართ დაეკისრა: 31906,76 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ე. ჰ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემებრის საოქმო განჩინებით შპს „ე. ჰ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტიელბა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. ჰ-მა“, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „ე. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16.04.2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სს ”ს. ფ-ამ” მოპასუხე შპს ,,N. H-E-ის” მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით;
16.04.2013 წels მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა;
04.06.2013წ. მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ სს ”ს. ფ-ის“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 30.05.2013 წელს ჩაბარდა შპს ,,N. H-E-ის” დირექტორს გ. ბ-ს;
დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 30.05.2013წ. ჩაბარდა შპს ,,N. H-E-ის” დირექტორს გ. ბ-ს და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში შესაგებელის წარდგენა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა და მოპასუხეს არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
18.06.2013წ. თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს ”ს. ფ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;
შპს ,,N. H-E” სადავოდ არ ხდის დადგენილი წესით გზავნილის მისთვის 30.05.2013წ. ჩაბარების ფაქტს და ამასთან, მიუთითებს, რომ არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზი.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა _ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (სსსკ 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:
სს ”ს. ფ-ასა”და შპს „X. B. T-e Co“ -ს შორის 2012 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოპასუხე შპს ”,,N. H-E”-ისთვის (ე. ჰ-ი) საქართველოს ტერიტორიაზე გადმოზიდულ იქნა ტვირთი, რომელიც გადაეცა მოპასუხე საქართველოს ფოსტას კუთვნილ ტერმინალში.
ხელშეკრულების შესაბამისად, ადრესატისაგან გადაზიდვის ღირებულების გადახდევინებას ახორციელებდა შპს ”ს. ფ-ა”. გადაზიდვის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა ტვირთის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში ე.ი 2012 წლის 18 ოქტომბრამდე.
ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 31906,76 ლარს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით და დააკმაყოფილა შპს ”ს.ფ-ის“ სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე. ჰ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, იგი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე და მე-400 მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება აგებულია იმ ვარაუდზე, რომ მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სარჩელზე თანდართული ხელშეკრულება კი, დადებულია ჩინეთის რესპუბლიკის კერძო სტრუქტურასთან და არა იმ სტრუქტურასთან, რომელიც წარმოადგენს მის კონტრაგენტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ე. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ე. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1595.50 ლარი) 70% –1116.85 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 1 მარტს №14 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1595.50 ლარის) 70% – 1116.85 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე