№ას-187-176-2014 14 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩის №53-ის მე-3 სადარბაზოში არსებული სარდაფის 35 კვ.მ-ის (საკადასტრო კოდი ................) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოშ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე ე. ბ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ე. ბ-ის მფლობელობიდან ქ. თბილისში, ფ-ის ქ. №53-ის მე-3 სადარბაზოში მდებარე სარდაფი (საკადასტრო კოდი............. ) და გადაეცა მოსარჩელე მ. ნ-ს გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დღეის მდგომარეობით უძრავი ნივთი - სარდაფი ფართით 48.59 კვ.მ, (საკადასტრო კოდი............ ), მდებარე - ქ. თბილისი, ფ-ი ქუჩა №53, სადარბაზო 3, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ნ-ის (35.00 კვ.მ) და ე. ტ-ის (13.59 კვ.მ) სახელზე. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 25 აპრილის №A 12009660-015/001 და 2009 წლის 29 აპრილის №01/01-07/09-469 განკარგულებები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). მითითებულ უძრავ ნივთს არამართლზომიერად ფლობს აპელანტი (მოპასუხე) ე. ბ-ი. ამასთან, ქ. თბილისში, ფ-ის ქ№53-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №............) ფაქტობრივად წარმოადგენს სარდაფს საჯარო რეესტრის მონაცემებით 35 კვ.მ-ს, ხოლო ხელახალი აზომვის შედეგად 29.27კვ.მ-ს და ეზოს 13.95 კვ.მ-ს (მხარეთა ხსნა-განმარტება, აზომვითი ნახაზები).
ე. ბ-ისთვის 2010 წლის 24 მარტს, ’’სააღსრულებო წამროებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 771 მუხლის საფუძველზე, ნატურით გადაცემული მოვალე ნ. მ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისი, ფ-ის ქ№53-ს III სადაბაზოში მდებარე სარდაფის 13, 59 კვ.მ., რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ე. ტ-ის საკუთრებას, რეალურად არის ეზო და არა სარდაფი (მხარეთა ხსნა-განმარტება, ექპერტიზის დასკვნა №6788/03/1, აზომვითი ნახაზები).
ე. ბ-მაც აღიარა, რომ მას ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდა მ. ნ-ის საკუთრებაში არსებული სარდაფი (მხარეთა ახსნა-განმარტება, „კ-ე და კომპანიას“ აზომვითი ნახაზი).
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 173.1-ე, 172.1-ე მუხლებზე და მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ-ე წარმოადგენს ქ. თბილისში, ფ-ის ქ. №53-ის მე-3 სადარბაზოში არსებული უძრავი ქონების - სარდაფის 35,00 კვ.მ.-ს მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით,რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ, ვინაიდან ე. ტ-ს საჯარო რეესტრის მონაცემებით მ. ნ-ზე ნაკლები ფართი აქვს, ამიტომ ის სარდაფის მესაკუთრედ არ უნდა ჩაითვალოს და ე. ტ-ის ქონება წარმოადგენს მხოლოდ ეზოს ფართს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 6 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე