საქმე №ას-219-204-2014 31 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ც-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ბ-ის მიმართ სესხის – 26200 ლარის დაბრუნების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6400 ლარის გადახდა, ხოლო მ.ც-ის შესაგებელი დარჩა განუხილველად, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
მ. ც-მ ქ. მ-ის მიმართ აღძრული სარჩელით მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა 26200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და, 26200 ლარის ნაცვლად, ქ. მ-ისათვის 6400 ლარის გადახდის დაკისრება მ. ც-ის სასარგებლოდ.
აპელანტმა (მოპასუხემ), როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, ასევე, სააპელაციო საჩივრით, მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. მ-ს მ. ც-ისაგან 26200 ლარი არ უსესხია. მხარეებს შორის არსებობდა ბიზნეს-ურთიერთობა, რის შედეგადაც ქ. მ-მ, 6400 ლარის გადახდის პირობით, შეიძინა მ. ც-ისაგან 3200 კგ ნედლი თხილი. მყიდველის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მან ვერ შეძლო ნასყიდობის თანხის გამყიდველისათვის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, სააპელაციო საჩივრის ასლი გადაეგზავნა მ. ც-ს და განესაზღვრა სააპელაციო შესაგებლის წარმოსადგენად საპროცესო ვადა 10 დღის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის ასლი მ. ც-ს ჩაბარდა პირადად, 2013 წლის 18 ოქტომბერს.
2013 წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მ. ც-ის შესაგებელი. მასზე დართული საფოსტო კონვერტით დადგინდა, რომ სააპელაციო შესაგებელი ჩაბარებული იყო ფოსტისათვის ერთი დღის დაგვიანებით – 2013 წლის 29 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოტანილ იქნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მ. ც-მ 2013 წლის 29 ნოემბერს საჩივრით მომართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ჩაიბარა მისმა მეუღლემ და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცა გზავნილი მას. 2013 წლის 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სააპელაციო შესაგებელი მიიტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც შესაგებელი არ ჩაიბარა, რადგან საქმე გადაგზავნილი იყო სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდგომ, 17:20 საათზე სცადა სააპელაციო შესაგებლის გაგზავნა ფოსტით, თუმცა ვერც ეს მოხერხდა, რადგან 17:00 საათიდან ფოსტა დაკეტილი იყო.
საჩივარს ერთვის შპს „ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის №15-01/63 ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ს. ფ-ის“ სერვისცენტრები მუშაობენ 09:00-17:00 საათებში, ხოლო საფოსტო გზავნილების სამსახურის საფოსტო გზავნილების დამუშავების ჯგუფის დილის ცვლის ოპერატორები – 10:00-18:00 საათებში.
სააპელაციო პალატის მითითებით, მომჩივანი აღიარებს, რომ სააპელაციო შესაგებელი წარმოდგენილია ერთი დღის დაგვიანებით, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული განპირობებულია საპატიო მიზეზით, რადგან მან 2013 წლის 28 ოქტომბერს ვერ შეძლო სააპელაციო შესაგებლის ჩაბარება ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის და ვერც ფოსტისათვის, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) შესაგებელი არ არის წარმოდგენილი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არ არსებობს წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. „საპატიო მიზეზის“ ლეგალურ დეფინიციას იძლევა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორმა მიუთითა საკუთარ ავადმყოფობაზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კანონით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი არ წარმოუდგენია. მხარემ ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი შეეცადა 2013 წლის 28 ოქტომბერს ფოსტის მეშვეობით სააპელაციო შესაგებლის გაგზავნას სააპელაციო სასამართლოსათვის და ეს ვერ მოახერხა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან სააპელაციო შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დამტკიცდა, არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ც-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
შესაგებლის წარდგენის ერთდღიანი ვადის გადაცილება გამოწვეულია იმით, რომ კასატორმა დაგვიანებით მიიღო სააპელაციო საჩივარი და შემდეგ მისმა წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო დროულად ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა შესაგებელი, რისთვისაც მხარემ ბოდიში მოუხადა სააპელაციო სასამართლოს და ზოგადად საქართველოს ერთიან სასამართლოებს.
ქ. მ-ს გააჩნია მისი ვალი – 26200 ლარი, რაც აღიარებულია მის მიერ ნებაყოფლობით და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულზე არსებობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის საქმე №2-90-13 გადაწყვეტილება და მხოლოდ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მოპასუხემ ვალის არსებობა უარყო და განიზრახა თაღლითური გზით ფულის წართმევა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები.
კასატორმა მოითხოვა, შესაგებლის შეტანის ერთდღიანი ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მ. ც-ის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მ.ც-ის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ – 6400 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა.
ხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდა ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარზე მ. ც-ისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წანამძღვრები როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებში, რა დროსაც საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არეგულირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საქმის განხილვაზე აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ქ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ასლი და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ 2013 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო განჩინების ასლი მ. ც-ს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2013 წლის 18 ოქტომბერს სარჩელში მითითებულ მისამართზე პირადად ჩაბარდა (ს.ფ.153). მხარეს შესაგებლის წარდგენა შეეძლო 10 დღის განმავლობაში, თუმცა სააპელაციო შესაგებლით სასამართლოს მიმართა 2013 წლის 29 ოქტომბერს (ს.ფ. 163, კონვერტი), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ თავად მ. ც-ს სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მან დაადასტურა, რომ სააპელაციო შესაგებელი ერთი დღის დაგვიანებით შეიტანა, რის საპატიო მიზეზად მიუთითა, რომ ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ჩაიბარა მისმა მეუღლემ და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცა გზავნილი მას. 2013 წლის 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სააპელაციო შესაგებელი მიიტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც შესაგებელი არ ჩაიბარა, რადგან საქმე გადაგზავნილი იყო სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდგომ, 17:20 საათზე სცადა სააპელაციო შესაგებლის გაგზავნა ფოსტით, თუმცა ვერც ეს მოხერხდა, რადგან 17:00 საათიდან ფოსტა დაკეტილი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მ. ც-მ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების არსებობა (მხარის ავადმყოფობის, ან ისეთი გარემოების არსებობის ფაქტი, რამაც ხელი შეუშალა დროულად სააპელაციო შესაგებლის სასამართლოსა და ფოსტაში შეტანას), რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის წინაპირობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებით შემდეგი ფაქტები:
ქ. მ-ს მ. ც-ისაგან 26200 ლარი არ უსესხია. მხარეებს შორის არსებობდა ბიზნეს-ურთიერთობა, რის შედეგადაც ქ. მ-მ, 6400 ლარის გადახდის პირობით, შეიძინა მ. ც-ისაგან 3200 კგ ნედლი თხილი. მყიდველის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მან ვერ შეძლო ნასყიდობის თანხის გამყიდველისათვის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რომელთა თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მყიდველი) აღიარებს გამყიდველის – მ. ც-ის მიერ მისთვის საკუთრებაში 3200 კგ თხილის გადაცემის ფაქტს და ასევე აღიარებს, რომ თავად საპასუხოდ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასი – 6400 ლარი არ გადაუხდია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი მათი გაუქმების თაობაზე სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 6 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე