საქმე №ას-230-215-2014 22 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს. გ-ის წარმომადგენელმა ბ. ხ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც გაიხმო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტსაც (831 მუხლი), თუმცა აღნიშნული წესის საკასაციო საჩივარზე გავრცელებით მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღება, რადგან იგი საკასაციო საჩივრის შეტანას ხელმეორედ ვერ შეძლებს. სარჩელისაგან განსხვავებით, რომლის შეტანის დრო საპროცესო-სამართლებრივი კუთხით შეზღუდული არ არის, საკასაციო საჩივრის შეტანა ხდება კანონით იმპერატიულად დადგენილ ვადაში, რის შემდეგაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით ს. გ-ის წარმომადგენელმა ბ. ხ-მ (რომლის უფლებამოსილება, მარწმუნებლის სახელით უარი განაცხადის სარჩელზე, დადასტურებულია ს.ფ 72-ზე ასახული მინდობილობით) გაიხმო ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, თუმცა საქმეზე დართული, სასამართლოს მოხელის მიერ 2014 წლის 22 ივლისს შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ ხსენებული განცხადების მიზანია, უცვლელად დარჩეს განსახილველ საქმეზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. ამავე აქტით, მხარეს ასევე განემარტა, რომ საკასაციო საჩივრის გამოხმობის შემდეგ კასატორი განმეორებით ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარს ვეღარ შეიტანს და მისი მოთხოვნა, ფაქტობრივად, წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმას, რასაც ბ.ხ-ე დაეთანხმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. გ-ის შუამდგომლობა, თავისი იურიდიული მახასიათებლებით, წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმას და პალატა იზიარებს მხარის მიერ გამოვლენილ ნებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება ს. გ-ის საკასაციო საჩივრის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საქმეზე – ნ. დ-ის სარჩელის გამო ს. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე