საქმე №ას-241-226-2014 21 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს „.......“ (მოსარჩელე)
2. სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „........-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 194571,65 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26233,70 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს სს „თ-სა“ („შემკვეთი“) და შპს „.......-ას“ („შემსრულებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „.......-ამ“ იკისრა ვალდებულება, სს „თ-ს“ ჩაუტაროს სამუშაოები, კერძოდ, მილსადენების ტესტირება, ხოლო სს „თ-მა“, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, შპს „........-ას“ გადაუხადოს ჩატარებული სამუშაოების ღირებულება. ანაზღაურების წესი განისაზღვრა საათობრივი ანაზღაურების სახით, თითოეული ტიპის ტექნიკის მიხედვით, ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად, სს „თ-ის“ ვალდებულებებს შეადგენდა: შემსრულებლისთვის მომსახურების ჩატარების თაობაზე მოთხოვნა-განაცხადების წარდგენა; შემსრულებლის ინფორმაციით უზრუნველყოფა; სპეცტექნიკის მუშაობისათვის საჭირო მოედნის მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ტექნიკის გამოყოფა შესაბამისი აღჭურვილობის მისაწოდებლად დანიშნულების ადგილამდე; სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თავისი წარმომადგენლის ობიექტზე ყოფნის უზრუნველყოფა; სამუშაოების დაწყებამდე შემსრულებლისათვის უსაფრთხოების წესების გაცნობა; სამუშაოების დაწყების წინ ტესტირების პარამეტრების მიწოდება; შპს „.........-ის“ ვალდებულებებს წარმოადგენდა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება; ჯგუფისა და სპეცტექნიკის ადგილზე დროული გამოცხადების უზრუნველყოფა; სამუშაოების ჩატარება უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინებით; ტესტირების ჩატარება შემკვეთის მიერ მოთხოვნა-განაცხადში დაფიქსირებული წნევით, მაგრამ არა უმეტეს 80 ატმოსფეროსი.
მხარეთა შორის უდავოა, რომ ტესტირების პირველ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, რაც მოიცავდა მილსადენის ტექნიკური წყლით შევსებას და მის დაწნეხვას შესაბამისი ოდენობის წნევაზე, შპს „.......-ამ“ განახორციელა სრულად. სს „თ-მა“ აანაზღაურა ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს და 21 სექტემბრის წერილებით, სს „თ-მა“ მოითხოვა 720 მმ-იანი გაზსადენის მილების წყლისაგან განთავისუფლებისათვის, 25 აგვისტოსა და 21 სექტემბრისათვის შესაბამისი სპეცტექნიკის გამოყოფა.
სატამპონაჟო სამუშაოების №130 და №139 აქტებით დასტურდება, რომ შპს „......-ის“ მიერ ჩასატარებელ სამუშაოს წარმოადგენდა ჰიდროტესტირებული 720 მმ-იანი 30 კმ. გაზსადენი მილის გასუფთავება ტექნიკური წყლისაგან პნევმატურად გოჭის საშუალებით.
შპს „......-ის“ დირექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით ი.ტ-ის, ნ.ლ-ის და ა.წ-ის მივლინების შესახებ, დასტურდება, რომ სს „თ-ის“ შეკვეთის საფუძველზე ნ-ო-ს-ოს 30კვ.მ. სიგრძის, 720 მმ-იანი გაზსადენი მილების ტექნიკური წყლისგან გასასუფთავებელი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „......ის“ ტექნიკური სამსახურის სატამპონაჟო სერვისის უფროსი ი. ტ-ი, მძღოლი-ოპერატორები ა. წ-ი და ნ. ლ-ე ათი დღით მივლინებულ იქნენ ნ-ში და ს-ში მ.წ. 21 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანებით კომპანიის ლოჯისტიკას დაევალა მივლინებისთვის შპს „ის“ კუთვნილი სპეც.ავტოტექნიკის: სდ-9/101 სახ.№....; სდ-9/101 სახ.....; გაზ-52 სახ.№.... და 10000 ლიტრი დიზელის და 60 ლიტრი ბენზინის საწვავით მომარაგება.
უდავოა, რომ ტესტირების მეორე ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაო, რაც გულისხმობდა მილსადენის ტექნიკური წყლისგან გათავისუფლებას, მოსარჩელის მხრიდან სრულყოფილად არ განხორციელდა. მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მილსადენიდან ტექნიკური წყლის გამოდევნის სამუშაოების განხორციელებისას მოსარჩელის ერთ-ერთი კომპრესორი გამოვიდა მწყობრიდან, რის შემდეგაც წყლის გამოდევნა გაგრძელდა მოსარჩელის ერთი და მოპასუხის ერთი კომპრესორის საშუალებით. ამის შემდეგ, მოსარჩელის კუთვნილი მეორე კომპრესორიც დაზიანდა. საბოლოოდ მილსადენიდან წყლის გამოდევნა განახორციელა მოპასუხემ მხოლოდ თავისი ერთი კომპრესორის საშუალებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ერთობლივი ძალისხმევით წყლის გამოდევნა განხორციელდა 30 კმ. მილსადენის მხოლოდ 14 კმ. მონაკვეთიდან, შესაბამისად, პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ ერთობლივი ძალისხმევით წყლის გამოდევნა განხორციელდა მილსადენის 19 კმ. მონაკვეთიდან.
სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით განხორციელდა მილსადენის 19 კმ-იანი მონაკვეთიდან წყლის გამოდევნა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება განხორციელდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დამოუკიდებლად 30 კმ. მილსადენიდან ტექნიკური წყლის გამოდევნა, მან კი წყალი გამოდევნა მხოლოდ მილსადენის 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან, თანაც მოპასუხის დახმარებით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დამოუკიდებლად შესრულებულია 14 კმ. მილსადენიდან წყლის გამოდევნის სამუშაოების ნახევარი.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სპეცტექნიკის იჯარით გადაცემის სამართლებრივი ურთიერთობა, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „...........-ის“ დირექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით და სატამპონაჟო სამუშაოების აქტებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა თავისი ტექნიკით ტესტირების სამუშაოების ჩატარება.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მილსადენში დგუშების (ე.წ. გოჭების) ჩაყენება წარმოადგენდა მოპასუხის ვალდებულებას, რადგან მოპასუხის აღნიშნული ვალდებულება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა, კერძოდ, შპს „.............-ის“ მიერ შესრულებულია მეორე ეტაპის სამუშაოების მხოლოდ 7/30 ნაწილი.
მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დაადგნა, რომ ნამუშევარი საათების მიხედვით, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 219571.23 ლარით.
პალატის მოსაზრებით, შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით, მოსარჩელის მიერ გაწეულია 51233.28 ლარის ღირებულების სამუშაო. მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ სს „თ-ის” მიერ მოსარჩელისთვის მეორე ეტაპის სამუშაოს ფარგლებში გადახდილია 24 999.58 ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ მეორე ეტაპის სამუშაოების ასანაზღაურებლად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებით 26 233.70 ლარის გადახდა (51233.28 – 24999.58).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს „თ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს „.....-ის“ მიერ შესრულდა მეორე ეტაპის სამუშაოების მხოლოდ 7/30 ნაწილი, კერძოდ, ნაცვლად 30 კმ. მილსადენისა ტექნიკური წყალის გამოდევნა მოხდა მილსადენის მხოლოდ 14 კმ-იდან, ისიც ერთობლივი ძალისხმევით.
ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეული საქმიანობა შეფასებული იყო 219 571.23 ლარით, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სამუშაოების ღირებულება განსაზღვრა, სულ – 51 233.28 ლარით (219571.23.7/30). სს „თ-ს“ უკვე გადახდილი ჰქონდა 24999.58 ლარი, რის გამოც მეორე ეტაპის სამუშაოების ასანაზღაურებლად სააპელაციო სასამართლომ დააკისრა 26.233.70 ლარი (51233.28-24999.58=26 233.70).
2012 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ-ის“ დაკვეთის საფუძველზე შპს „.......-ას“ უნდა განეხორციელებინა მილსადენების ტესტირება ს-ო, ნ-ო – ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შპს „.......-ამ“ მილსადენის წყლით შევსების და წნევის წარმოქმნის სამუშაოები შეასრულა სრულად 2012 წლის 25 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოები სრულად ანაზღაურდა სს „თ-ის“ მიერ.
შპს „..........-ის“ მიერ ჩასატარებელ სამუშაოს ბოლო ეტაპს წარმოადგენდა 720 მმ-იანი 30 კმ. გაზსადენის მილების ტექნიკური წყლისაგან განთავისუფლება, რაც დასტურდება 2012 წლის ს/ს „თ-ის“ 24 აგვისტოს და 21 სექტემბრის წერილებით 25 აგვისტოსა და 21 სექტემბრისთვის სპეცტექნიკის გამოთხოვის თაობაზე, აგრეთვე, სატამპონაჟო სამუშაოების №130 და №139 აქტებით.
შპს „.........-ის“ 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით ასევე დასტურდება კომპანიის თანამშრომლების ი.ტ-ს, ა.წ-ის და ნ.ლ-ის 10 დღით მივლინების ფაქტი, ნ-ში და ს-ში მილების ტექნიკური წყლისაგან გასასუფთავებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანებით კომპანიის ლოჯისტიკას დაევალა შესაბამისი სპეცტექნიკის საწვავით მომარაგება.
მოსარჩელის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ სამუშაოები დასრულდებოდა 1-14 დღის განმავლობაში.
მილსადენიდან ჰაერის მეშვეობით წყლის გამოდევნისათვის საჭიროა მძლავრი, დიდი ოდენობის წნევის ერთდროულად შექმნა, საჭირო რაოდენობის ჰაერის – 800 მ/3-სთ-ში მიწოდების გზით. აღნიშნული კი, შესაძლებელი იყო მხოლოდ ორი კომპრესორის ერთდროულად მუშაობის შედეგად.
სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში მწყობრიდან გამოვიდა ერთი კომპრესორი და იგი მწყობრში ვეღარ ჩადგა, მისი არაერთგზის შეკეთების მცდელობის მიუხედავად. ვინაიდან, საფრთხე ექმნებოდა პროექტის შესრულებას, სს „თ-ის“ წარმომადგენლებმა თავისი ძალებით დადგეს მეორე კომპრესორი (სტაციონარული), რომელიც ავითარებდა მხოლოდ 25 ატმოსფერო წნევას, რაც საკმარისი არ იყო სათანადო წნევის განსავითარებლად და შესაბამისად სამუშაოების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოსარჩელემ დამოუკიდებლად ვერ შეძლო მილსადენიდან წყლის გამოდევნა, შესაბამისად, 14 კმ. მილიდან, რაც შეადგენდა მთელი სამუშაოს 45%-ს, წყლის გამოდევნა მოხდა ორივე მხარის მიერ ერთობლივად. გარდა ამისა, უდავოა, რომ სამუშაო გაიწელა დროში და, ნაცვლად 10-14 დღისა გამოდევნა მოხდა 40 დღეში.
მოსარჩელის თანამშრომლებმა და ტექნიკამ ობიექტი დატოვა 31 სექტემბერს, იმის გამო, რომ ვერ ახერხებდნენ წყლის გამოდევნას და ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან. იმ დროისთვის დარჩენილი მილსადენიდან წყლის გამოდევნა „თ-მა“ დაამთავრა თავის ტექნიკით.
ამრიგად, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები არ შეასრულა და იგი განხორციელდა მოპასუხის ძალისხმევით, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უსაფუძვლოა სს „თ-ისთვის“ 26233.70 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა, შპს „.......-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა ხსენებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არ არის ნახსენები პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა ან მის შეცვლაზე მითითება, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება იმის თაობაზე თუ რატომ არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები, ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კონკრეტულად კანონის რომელი მოთხოვნები დაარღვია პირველი ინსტანციის სასამართლომ ან რომელი გარემოებები იქნა არასწორად დადგენილი.
საქმეში წარმოდგენილია №130 და №139 შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელსაც თავად მოპასუხე მხარეც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. აღნიშნული აქტებით განსაზღვრულია კასატორის ტექნიკის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა, გამრავლებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ ტარიფზე და გამოყვანილია კასატორის მიერ შესრულებული ე.წ. სამუშაოების ღირებულება, რაც შეადგენს 219 571.23 ლარს.
სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა მოპასუხე მხარეც, თავისი ტექნიკის გამოყენებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ აქტებში მითითებულია მხოლოდ კასატორის ტექნიკის მიერ ნამუშევარი დრო და შესაბამისი თანხის ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს მოსაზრება, შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული თანხების მხოლოდ ნაწილობრივ მოკუთვნების შესახებ, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა სამუშაოების მთლიანი მოცულობის ღირებულების ანაზღაურება, არამედ მხოლოდ კასატორის ტექნიკის საშუალებით განხორციელებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რისი ოდენობაც დადასტურებულია და სადავო არ არის. ცალსახად ვლინდება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმისათვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენს ის, თუ რა ევალებოდა კასატორს ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მე-2 ეტაპი ითვალისწინებდა 30 კმ გაზსადენის გათავისუფლებას ტექნიკური წყლისაგან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასამართლომ შეგნებულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მიხედვით ამ სამუშაოების განხორციელებისას კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის გამოყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ სამუშაოებს ახორციელებდა მოპასუხე.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ 2012 წლის 21 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა მოთხოვნა განაცხადი, სადაც მითითებული იყო, რომ 720 მმ-იანი გაზსადენის მილების წყლისგან გათავისუფლებისთვის გამოიყო შესაბამისი სპეცტექნიკა.
სასამართლომ მოიშველია იმ ფაქტი, რომ კასატორის კუთვნილი ერთ-ერთი კომპრესორი გამოვიდა მწყობრიდან, რაც ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა-განაცხადში ტექნიკის რაოდენობა მითითებული არ ყოფილა, ანუ კასატორის ვალდებულებას არ წარმოადგენდა ორი ერთეული ტექნიკის გამოყოფა. მისი კუთვნილი კომპრესორი კ,ი ობიექტზე იმყოფებოდა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და მუშაობდა მოპასუხის კომპრესორთან ერთად, თუმცა მოპასუხეს აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
№130 და №139 აქტებით თავად მოპასუხის მიერ დადასტურებულია ნამუშევარი საათების ოდენობა და მისი ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ ამ აქტებში მითითებული თანხის ანაზღაურება, მისი კომპრესორების მწყობრიდან გამოსვლაზე მითითებით ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების დადასტურდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო ასევე მნიშვნელოვან ადგილს უთმობს იმ გარემოების დადგენას, თუ რამდენი კილომეტრი მილსადენი იქნა წყლისგან გასუფთავებული ერთობლივად მხარეების მიერ.
აღნიშნული გარემოების დადგენა საერთოდ არ არის კავშირში განსახილველ საქმესთან, ვინაიდან, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო ნამუშევარი საათების მიხედვით და არანაირად არ იყო დამოკიდებული მილსადენის სიგრძესა და მილსადენის წყლისგან გასუფთავების სრულად დასრულებაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სპეცტექნიკის იჯარით გადაცემის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან განსახილველი ხელშეკრულება წარმოადგენდა არა მხოლოდ იჯარას, არამედ მოიცავდა იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ სასამართლო პროცესზე აღიარა ე.წ. „გოჭების“ მათ მიერ ჩაწყობის ფაქტი.
სასამართლომ გვერდი აუარა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან №130 და №139 აქტებზე ხელმოწერით და ღირებულების ნაწილის გადახდით ფაქტობრივად აღიარებულ იქნა ვალდებულების არსებობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფაქტობრივად განიმარტა ხელშეკრულება, ვინაიდან სასამართლომ განსაზღვრა, თუ რა ვალდებულებები ეკისრებოდათ მხარეებს ხელშეკრულების შესაბამისად, რაც ხელშეკრულების ტექსტში გარკვევით არ ყოფილა მითითებული.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ანაზღაურება დაკავშირებული არ იყო სამუშაოს საბოლოო რეზულტატთან, ამასთან, თუ კონკრეტულად რა მოცულობის სამუშაო იქნა შესრულებული, ეს დაფიქსირებულია №130 და №139 აქტებში.
არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ სამუშაოების სრულად შესრულების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრებოდა 219 571.23 ლარით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით – შპს „......-ის“, ხოლო 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „..........-ისა“ და სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივებრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „თ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 19 მარტს №15 საგადახდო დავალებით გადახდილი 1312 ლარის 70% – 918,4 ლარი, ხოლო კასატორ შპს „.........-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 თებერვალს №78 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „....-ისა“ და სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „......-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 თებერვალს №78 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
3. კასატორ სს „თ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 19 მარტს №15 საგადახდო დავალებით გადახდილი 1312 ლარის 70% – 918,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე