Facebook Twitter

№ას-285-267-2014 21 ივლისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 9 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ჯ. ა. ს. ჯ-მ“ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნები:

1. მოპასუხე სამინისტროსათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის დაგვიანების გამო, პირგასამტეხლოს, 3239.4 ლარის დაკისრება;

2. მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, 450.27 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 3239.4 ლარის გადახდა;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 97.2 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ხოლო 64.78 ლარი – იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

ამავე გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას“ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებულ ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 1 მარტს, შპს ,,ჯ. ა. ს. ჯ-სა’’ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N107.

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა დასახელების ჰიგიენური საშუალებების მიწოდება.

ხელშეკრულების 22.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა მისი დადების დღიდან (1.03.2012 წელი) 90 დღე (30.05.2012 წელი).

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, გადაეხადა მიმწოდებლისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში; ამასთან, ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 70%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების 16.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, განისაზღვრა შემსყიდველის პასუხისმგებლობა – პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 2%-ისა.

2012 წლის 1 მარტის ხელშეკრულება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. ამასთან, მხარეებს არ შეუცვლიათ ხელშეკრულების პირობები.

2012 წლის 23 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავანსის სახით ჩარიცხა 377.930 ლარი – მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულების 70%.

შპს ,,ჯ. ა. ს. ჯ-ამ’’ დაარღვია საქონლის მიწოდების შეთანხმებული ვადა, 60 დღე და მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით, 2012 წლის 21 და 28 მაისს. ამ დარღვევისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 30234 ლარით. ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა 2012 წლის 17 ივლისს.

შპს ,,ჯ. ა. ს. ჯ-ას'', ხელშეკრულების ამოწურვამდე, სრულად ჰქონდა შესრულებული შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდების ვალდებულება. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურებით, გადახდის ქვითრებით და მხარეთა განმარტებებით, ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ შემსყიდველს მიღებული ჰქონდა მიწოდებული საქონელი.

2012 წლის 3 და 18 ივლისს, შპს ,,ჯ. ა. ს. ჯ-ამ’’ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა წერილით (N37 და N44) და მოითხოვა დარჩენილი თანხის გადახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფიქსირებული დავალიანება – 161.970 ლარი მოსარჩელეს ჩაურიცხა 2012 წლის 26 ივლისს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3239.4 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ადასტურებდა მიმწოდებლის მიმართ ანგარიშსწორების ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, იგი სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვადაგადაცილებით მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა, აპელანტი სადავოდ არ ხდიდა, ასევე, პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობას, თუმცა, იგი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების გასაბათილებლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისი გადახდის ვალდებულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემომითითებული მოსაზრება, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ხელშეკრულების ვადის გასვლა არ იწვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შეწყვეტას და მის საფუძველზე არსებული უფლება-მოვალეობები ძალაში რჩება ვალდებულების შესრულებამდე. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 17.2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის, ვადის გასვლის გამო) არ ათავისუფლებს მხარებს იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოიშვა.

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, განისაზღვრა შემსყიდველის პასუხისმგებლობა – პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 2%-ისა.

როგორც აღინიშნა, საქმეზე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მან საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში მიმწოდებელს არ გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, რითაც მას, ხელშეკრულების 16.4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ წარმოეშვა პირგასამტეხლოს – 3239.4 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სასარგებლოდ გააჩნდა პირგასამტეხლოს – 3239.4 ლარის გადახდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის დაუსაბუთებლობაზე, რომელიც შეეხებოდა აპელანტისათვის შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2000 ლარამდე ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს – 3239.4 ლარის გადახდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა (3239.4-ის 3%) 97.2 ლარი, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯ. ა. ს. ჯ-ას” სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მართებულად დააკისრა 64.78 ლარი, რომელიც წარმოადგენდა დავის საგნის ღირებულების 2 %-ს. მოსარჩელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯები დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულებით და სალაროს გასავლის ქვითრით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ არც გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოიშვა მაშინ, როდესაც მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა უკვე შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ვერ იკისრებდა იმ ვალდებულებას, რომელიც მას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა.

ხელშეკრულების 16.4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მისი მოქმედების განმავლობაში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. ვინაიდან ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 30 მაისიდან, ხოლო მიმწოდებლის მიერ საქონლის შემოტანა ფიქსირდება ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2 დღით ადრე, თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება აღარ წარმოადგენდა შესასრულებლად სავალდებულო ნორმას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი თანხის გადახდა შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ნებისმიერ დროს, მათ შორის, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზეც.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის და ადვოკატის გამო გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში. საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, საგადახდო დავალება, რომელიც აუცილებელია აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე