Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-291-273-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს სადაზღვევო კომპანია „……..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ის“ მიმართ სადაზღვევო თანხის – 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის არ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ს“ ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვითაც მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ 2010 წლის 10 იანვრიდან მათ შორის დაიდო სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 10 იანვრამდე უზრუნველეყო მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა ავტომობილის საბაზრო ღირებულებით – 6000 აშშ დოლარით, სადაზღვევო პრემია კი – 848 ლარით.

სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო რისკებს და პირობებს შორის დადგინდა უფლებამოსილი მძღოლის მიერ, როგორც ბრალით, ასევე ბრალის გარეშე ავარიის შედეგად ავტომობილის დაზიანების შემთხვევა.

სადაზღვევო პოლისით დადგინდა გამონაკლისებიც. მათ შორის, მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვალა და სტანდარტულ გამონაკლისად იქნა მიჩნეული შემთხვევა, თუ ავარია უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ბრალით კანონის შემდეგი ან მსგავსი უხეში დარღვევების შედეგად მოხდებოდა: რკინიგზის გადასასვლელზე შემობრუნება ან გასვლა, როცა შლაგბაუმი დაიკეტება, დგომა გაჩერება რელსებზე, გვირაბში, ხიდზე ან ესტაკადაზე, მოსახვევში (იძულებით გაჩერების გარდა), მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა, გასწრება უწყვეტი ხაზის გადაკვეთით გვირაბში ან ხიდზე, გასწრებაზე გასული ავტომობილის (გარდა სამ და მეტხაზიან ესტაკადაზე), გზიდან გადასვლით.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 13 თებერვალს დაახლოებით 15:25 საათზე, ქ.თბილისში, მ.გ-ის გამზირზე რ-ის გამზირის მხრიდან „ვეფხი და მოყმეს“ მიმართულებით სავალი გზის მეორე ზოლში მოძრაობდა ლ. ჩ-ი კუთვნილი ავტომობილით. მოძრაობის დროს იგი გადავიდა მესამე სამოძრაო ზოლში, სადაც იგი შეეჯახა იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ლ.ჩ-მა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, შეეჯახა სატვირთო ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავს, შემდეგ მარცხენა მხარეს არსებულ ბორდიურს, რის შემდეგაც მას დაეჯახა სატვირთო „მანი“.

ლ. ჩ-ი დაჯარიმდა 250 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე მანევრირების წესების დარღვევის გამო.

მხარეთა შორის უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისადმი მიყენებული ზიანი შეადგენს 6000 აშშ დოლარს.

სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ მძღოლმა ჩაიდინა უხეში გაუფრთხილებლობა. სადაზღვევო კომპანიის მიერ უარის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლი, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას დაზღვეულის განრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევის პირობებში.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს სადავო არ გაუხდიათ თავად შემთხვევის აღწერილობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე ზოლიდან ზოლში გადავიდა მის წინ მოძრავი ავტომობილის (ავტომობილების) გასწრების მიზნით, მან ვერ შენიშნა მის წინ იმავე ზოლში მოძრავი სატვირთო ავტომობილი, რომელიც ასევე ცდილობდა გასწრებას ზოლიდან ზოლში გადასვლით და სწორედ მას შეეჯახა მოსარჩელის ავტომობილი მარცხენა საბურავში. ამდენად, მხარემ გასწრებაზე გასულ ავტომანქანას კი არ გაუსწრო, (ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა) არამედ, უხეშად დაარღვია მანევრირების წესები, მძღოლმა მანევრი (გასწრება) განახორციელა ისე, რომ არ დარწმუნდა მოძრაობის გადასასვლელი ზოლის თავისუფლებაში. შესაბამისად, განახორციელა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა, რაც უდავოდ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებაზე მეტყველებს.

აღნიშნული მსჯელობით პალატამ გამორიცხა მძღოლის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გამონაკლისად მიჩნეული ისეთ დარღვევა, როგორიცაა გასწრებაზე გასული ავტომობილის გასწრება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ამავე პუნქტით, ანაზღაურებას არ დაექვემდებარა არა მარტო ჩამოთვლილი, არამედ მსგავსი უხეში დარღვევით გამოწვეული შემთხვევები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ ცნობილი სადაზღვევო კომპანია და ფიზიკური პირი. ისინი შეთანხმდნენ სადაზღვევო პაკეტით „აბსოლუტი“ გათვალისწინებულ პირობებზე. სადაზღვევო ხელშეკრულებით ნათელია, რომ დაზღვეული მაქსიმალურად ეცადა თავიდან აეცილებინა ის მატერიალური ზიანი, რაც ავტომობილს, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციისას მოსალოდნელი რისკებიდან შეიძლება მისდგომოდა. დაზღვეულ იქნა როგორც ბრალეული, ასევე ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც და დაზღვეული დათანხმდა შეთავაზებულ საგამონაკლისო შემთხვევებზეც. ასეთ ვითარებაში გარიგების ნორმების შინაარსობრივი, მხარეთა ნების შესაბამისი განმარტების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ, როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობით) ავარიის შედეგად წარმოქმნილი ზიანი, გარდა სტანდარტული გამონაკლისებისა. მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად ვერ მიიჩნევა გამონაკლისებში ალტერნატივის სახით „მსგავსი“ დარღვევის მითითება. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შემთავაზებელი (მზღვეველი) სთავაზობს მეორე მხარეს (დაზღვეულს). სამოქალაქო კოდექსით მაქსიმალურად დაცულია მეორე მხარის – ფიზიკური პირის, როგორც მომხმარებლის უფლებები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეთავაზებისას (342-348-ე მუხლები). შემთავაზებელი ვალდებულია, რომ ეს უფლება გამოიყენოს კეთილსინდისიერად. მეორე მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სტანდარტულ პირობას თანხმდება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი იცავს ხელშეკრულების მხარეს, და ადგენს, რომ თუკი სტანდარტული პირობა ბუნდოვანია, იგი უნდა განიმარტოს მეორე მხარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი კი, ითვალისწინებს ნდობის და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო სტანდარტული პირობის ბათილობას. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალში ბრალის საკითხის გარკვევა შეფასებითი მსჯელობის საგანია. იმის გარკვევა, თუ რამდენად მსგავსია ერთ შემთხვევაში არსებული უხეში დარღვევა სხვა დარღვევისა, უკავშირდება დამრღვევი პირის მოქმედებაში ბრალის ფორმის შედარებას ხელშეკრულების მე-6 მუხლში მითითებული კონკრეტული შემთხვევის დადგომისას მძღოლის ბრალეულობის საკითხთან. აღნიშნული შეფასების გაკეთება არ შეიძლება მოეთხოვოს ფიზიკურ პირს, როგორც ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც რისკების მაქსიმალურად დაზღვევის მიზანი ამოძრავებს და ამ ინტერესით მიმართავს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, როგორც გარკვეული ისტორიის მატარებელს და პრესტიჟის მქონეს, როგორც სანდო პარტნიორს. ყველანაირი ბრალეული ქმედებით, ასევე ბრალის გარეშე დამდგარი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაზღვევისას, გამონაკლისებზე შეთანხმების პირობებში, საგამონაკლისო ნორმებს შორის ორაზროვანი, მეტიც, უსაზღვროდ გავრცობითი განმარტების შესაძლებლობის მქონე პირობის მითითება გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს. სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის საფუძველზე ბუნდოვანი პირობა მეორე მხარის სასარგებლოდ განიმარტება. შემთავაზებლის მიერ ამ ნორმის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების პრინციპს (სამოქალაქო კოდექსის მე-8, 346-ე მუხლები). სწორედ ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ სტანდარტულ გამონაკლისად რაიმეს „მსგავსი უხეში დარღვევის“ მითითება ბუნდოვანებას მოიცავს, ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო ჩანაწერს წარმოადგენს, რის გამოც, მასზე მითითებით მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება დაუშვებელია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მართალია, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მზღვეველის გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით იქნა გამოწვეული, მაგრამ მას არ შეიძლება იმპერატიული მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვინაიდან, თავად ხელშეკრულებით სასამართლომ დაადგინა, რომ დაზღვეულ იქნა მძღოლის ბრალით დამდგარი ზიანი და განისაზღვრა ამ წესისაგან საგამონაკლისო შემთხვევები (სტანდარტული გამონაკლისები).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს სადაზღვევო კომპანია „……-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო შემთხვევა შეფასდა, როგორც სტანდარტული გამონაკლისი. სადაზღვევო კომპანიამ იხელმძღვანელა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისით და უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია გასწრებაზე გასული ავტომანქანის გასწრებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ლ.ჩიტაიშვილი ახორციელებდა იმ ავტომობილის გასწრებას, რომელიც, თავის მხრივ, გადიოდა გასწრებაზე. შესაბამისად, იგი ცალსახად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული ჩანაწერის შემდგომ გამომძიებელმა შეწყვიტა ძიება და მიიღო გადაწყვეტილება ლ.ჩ-ისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სანქციის დაკისრების შესახებ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დამატებითი კვლევის, გარეშე მიიჩნია, რომ გამომძიებლის მიერ მითითებული ნორმა ჩ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი არ იქნება გაზიარებული.

პალატამ სათანადოდ უფლებამოსილი სპეციალისტის გარეშე დაასკვნა, რომ არსებობდა უბრალოდ უხეში გაუფრთხილებლობა, რომელიც არ წარმოადგენს დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სტანდარტულ გამონაკლისს.

სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად დაადგინა, რომ დაზღვეული მაქსიმალურად ეცადა თავიდან აეცილებინა ის ზიანი, რომელიც ავტომობილის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროდან შეიძლება გამომდინარეობდეს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოებიდან არ ირკვეოდა, რომ მძღოლმა დაიცვა რაიმე მოძრაობის წესები, საფრთხის მინიმალური ნორმები.

თავად სასამართლომ დაადგინა უხეში გაუფრთხილებლობის უტყუარად არსებობა, თუმცა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ზიანი მაინც უნდა ანაზღაურდეს, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის არსსა და უძირითადეს პრინციპებს.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, რომლითაც უნდა გადაეწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს სადაზღვევო კომპანია „……-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 17 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 525 ლარის 70% – 367,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „…..-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №…..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 17 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 525 ლარის 70% – 367,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე