Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-309-291-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს-ე, შ. ჭ-ე, ლ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მ, მ. ფ-მ, შ. ჭ-მ და ლ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №83 განკარგულების ბათილად ცნობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ს. კ-ა“.

საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის № 83 განკარგულება და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს. კ-ამ“ და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №83 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, გასაჩივრებული აქტების კანონთან შესაბამისობის გამო.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №83 განკარგულებით უდავოდ დგინდება, რომ შპს „ს. კ-ის“ დირექტორის მიერ საწარმოში განხორციელდა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები, რისი უფლებაც ამ დაწესებულების დირექტორს ჰქონდა.

სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვეს შპს „ს. კ-ის“ დირექტორის მიერ მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებული აქტების არარა აქტებად აღიარება და ახალი აქტების გამოცემა. ასევე, შპს „ს. კ-ის“ შესახებ და მისი წესდების თაობაზე გამოცემული საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 16 თებერვლის №22 ბრძანების არარა აქტად ცნობა. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №47 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

სააპელაციო პალატამ ასევე უდავოდ დაადგენა, რომ 2001 წლის 13 მარტს საჩხერის რაიონულმა გამგეობამ გამოსცა №23 დადგენილება, რომლითაც საჩხერის ქონების მართვის განყოფილებას დაევალა, კომუნალური სამსახურის რეორგანიზაციის განხორციელება.

2001 წლის 25 ივნისის №25 ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ გააუქმა საჩხერის კომუნალური მომსახურების სამსახური და მის ბაზაზე შექმნა შპს „ს. კ-ა“. ამავე თარიღით დამტკიცდა შპს „ს. კ-ის“ წესდება. წესდებით ამ დაწესებულების 100%-იანი მეწილეა სახელმწიფო, ანუ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც ნიშნავს ამ სამსახურის დირექტორს.

საზოგადოების 100-% წილის მფლობელია სახელმწიფო. დამფუძნებელს უფლება აქვს, მოახდინოს შპს-ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

შპს „ს. კ-ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დასუფთავება, კეთილმოწყობა, ნაგვის გატანა, ქალაქის გამწვანებითი სამუშაოები, სასტუმრო მომსახურეობა და სხვა საქმიანობა რაც კანონით არ არის აკრძალული.

შპს „ს. კ-ის“ დირექტორის 2012 წლის 3 დეკემბრის №117 ბრძანებით განისაზღვრა შპს „ს. კ-ის“ სამსახურში მოსალოდნელი სტრუქტურული რეორგანიზაცია და ცვლილებები, ხოლო იმავე დღეს გამოიცა №118 ბრძანება, რომლითაც შპს „ს. კ-ის“ სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მათ შორის, სპეციალისტი მენეჯერი, საფინანსო ეკონომიკური და საკადრო სამსახურის პასუხისმგებელი პირი – მ. ფ-ე, მთ. ბუღალტრის მოადგილე – ლ. მ-ი, სპეციალისტი, საქმეთა მმართველი საკადრო და საკანცელარიო საკითხებში – შ. ჭ-ე, მებაღე-დეკორატორი გამწვანების დარგში, ბაღების, სკვერების მოვლაზე და გამწვანების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი – მ. ს-ე.

შპს „ს. კ-ის“ სამსახურის დირექტორის 2013 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე - 38-ე მუხლებისა და სამსახურის შინაგანაწესის საფუძველზე განხორციელდა შპს „ს. კ-ის“ სამსახურის რეორგანიზაცია, რომელიც უნდა მომხდარიყო 2013 წლის 18 იანვრამდე, თუმცა 2013 წლის 18 იანვარს საზოგადოების დირექტორმა გამოსცა №8 ბრძანება, რომელმაც რეორგანიზაციის დრო 31 იანვრამდე გადაწია.

შპს „ს. კ-ის“ სამსახურის დირექტორის 2013 წლის 31 იანვრის №15 ბრძანებით საზოგადოების სამსახურის რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, შპს-ს სამსახურში რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2013 წლის 1 თებერვლიდან შემცირდა 9 საშტატო ერთეული, მათ შორის, ის საშტატო ერთეულები, რომლებზედაც მოსარჩელეები მუშაობდნენ.

შპს „ს. კ-ის“ სამსახურის დირექტორის 2013 წლის 1 თებერვლის ბრძანებებით შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა მოსარჩელეებთან და მიეცათ ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ის ბრძანებები, რომლებიც მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს, გამოცემულია შპს-ს დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, რაც მას კანონით და ამ საწარმოს წესდებით აქვს მინიჭებული.

შპს „ს. კ-ის“ წესდებით განსაზღვრულია, რომ შპს-ს უფლება აქვს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები, შრომის ანაზღაურების წესი და პირობები. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანებების, მათ შორის, საწარმოს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, კანონიერების საკითხის შემოწმების უფლება არ შედის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციაში.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიმართვა საკრებულოსადმი უსაფუძვლოა. შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე კანონიერია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე, თ. ს-ის, მ. ფ-ის, შ. ჭ-ის და ლ. მ-ის სარჩელის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „ს. კ-ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებით, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის 41 პუნქტით, და მიუთითა, რომ შპს „ს. კ-ის“ წესდების 11.1. მუხლის შესაბამისად, შპს-ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს, თუ მას გადაწყვეტს დამფუძნებელი სათანადო პირობების გამო. ასეთ პირობებს წარმოადგენს შემდგომში ფუნქციონირების არსებული სახით შეუძლებლობა, ან შპს-ს ხანგრძლივად ზარალიანად მუშაობა, როდესაც მიღებული ზომები მისი რენტაბელური ფუნქციონირების შედეგს არ იძლევა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად შპს-ს რეორგანიზაცია შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ზემოთ მითითებული ორი პირობიდან ერთ-ერთი და არა სხვა შემთხვევაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში და იმის გამო, რომ არ არსებობდა ზემოთაღნიშნულ მუხლში მითითებული გარემოებებიდან არც ერთი, რეალურად შპს „ს. კ-ის“ რეორგანიზაცია არ განხორციელებულა, რაზედაც მიუთითა კიდევაც მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მის მიერ გამოცემულ და მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარ 2013 წლის 17 ივნისის №83 განკარგულებაში.

ამავე განკარგულების საფუძველზე სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ შპს-ში განხორციელდა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, რაც გამოიხატა ორგანიზაციის საკადრო ცვლილებებში, რისი სრული უფლებაც ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ჰქონდა დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე.

შპს „ს. კ-ის“ წესდების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით შპს წარმოადგენს სრულ სამეურნეო ანგარიშიან დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს და ფიზიკურ იურიდიულ პირებთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარების გამო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მას უფლება აქვს „საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები, შრომის ანაზღაურების წესი და პირობები“.

სასამართლომ მიუთითა შპს „ს. კ-ის“ წესდების მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე. უშუალოდ მართავს შპს-ს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ის გარემოება, რომ იგი განაგებს შპს-ს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, საკონტრაქტო წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მუშაკებს, საზღვრავს მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს, ანაწილებს ფუნქციებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და დებულებებს, გამოსცემს ბრძანებებს. მმართველობის მიმდინარე საქმეების შესრულება დირექტორს ეკისრება, საკუთარი პასუხიმგებლობის ქვეშ.

სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ ამ მუხლის მიხედვით დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არა ის, რომ ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე მართოს შპს და ა.შ.

შპს „ს. კ-ის“ წესდების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია: „მმართველობის მიმდინარე საქმეების შესრულება ეკისრება დირექტორს საკუთარი პასუხიმგებლობის ქვეშ. სხვა შემთხვევაში საჭიროა დამფუძნებელთან წინასწარი შეთანხმება ასეთ საკითხებს მიეკუთვნება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა, მხოლოდ პარტნიორთან შეთახმებით ბ) სხვა გაერთიანებებში მონაწილეობა, ასევე ფილიალების დაარსება და მათი დახურვა გ) გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობების დამყარება 12 თვეზე მეტი ვადით, ან საფინანსო ვალდებულებების აღება შპს-ს ბიუჯეტის 10%-ზე მეტი თანხით. დ) შპს-ს წლიური ბალანსის შედგენა ე) სავაჭრო მინდობილობებისა და პროკურების დანიშვნა, გაცემა ან გაუქმება“.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა წესდებით და კანონით მის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხები, კერძოდ, მან განახორციელა სტრუქტურული ცვლილებები სამსახურში, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება, კერძოდ, შემცირდა ის საშტატო ერთეულები, რომლებსაც არ ჰქონდათ დატვირთვა და ზედმეტ ხარჯს წარმოადგენდნენ საწარმოსათვის. ამ შემცირებაში მოყვნენ სწორედ მოსარჩელეები, რაზედაც მათ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.

ამასთან, პალატამ გაიზიარა აპელანტ შპს „ს. კ-ის“ მსჯელობა იმის შესახებ, რომ შპს „ს. კ-ის“ დამფუძნებელი 100%-იანი მეწილე სახელმწიფო ანუ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, იგი (საკრებულო) მაინც არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს საწარმოს შიდა საქმიანობაში, ანუ საკრებულო არ არის უფლებამოსილი შპს-ს თანამშრომლის დანიშვნაზე და გათავისუფლებაზე. აღნიშნულის უფლებამოსილება და კომპეტენცია გააჩნია საწარმოს დირექტორს. თუ რა შემთხვევაშია საჭირო საკრებულოს თანხმობა, ეს წესდებით არის განსაზღვრული, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს იმ გარემოებას, რა დროსაც გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო იქნებოდა საკრებულოს თანხმობა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოს დირექტორი სადავო ბრძანებების გამოცემისას ხელმძღვანელობდა კანონით და წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებებით, რაც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საკრებულოს არ ჰქონდა მისი ბათილად ან/და არარად გამოცხადების არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება. ამდენად, უდავოა, რომ საწარმოს დირექტორმა საწარმოში განახორციელა საკადრო ცვლილები, შეამცირა არასაჭირო შტატები, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელეთა განთავისუფლება.

სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ს. კ-ის“ სამსახურის დირექტორის 2013 წლის 1 თებერვლის ბრძანებებით შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელეებთან სრულიად კანონიერად შეწყდა და მათ მიეცათ ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ს. კ-ის“ დირექტორს წესდებით და კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები არ დაურღვევია და თავისი უფლებამოსილებისათვის არ გადაუჭარბებია, მის მიერ მიღებული ყველა ბრძანება შეესაბამება წესდებით და კანონით განსაზღვრულ დირექტორის უფლებამოსილებას, შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 17 ივნისის №83 განკარგულება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი. საკრებულოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გაებათილებინა შპს-ს დირექტორის ბრძანებები, რომელიც გამოცემულია მისი კომპენტენციის ფარგლებში ან არარად ეცნო. ანუ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ საფუძველი, მიემართათ საჩხერის საკრებულოსათვის. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს განკარგულება არასწორია, უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო მოსარჩელეთა სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ს-მ, შ. ჭ-მ და ლ. მ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მოცემული საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მაშინ, როცა იგი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადაწყვეტა.

იმ პირობებში, როცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დირექტორმა განახორციელა საწარმოს რეორგანიზაცია, გაურკვეველია რატომაა აღნიშნული რეორგანიზაცია კანონშესაბამისი, როდესაც ამ საწარმოს რეორგანიზაცია უნდა განეხორციელებინა მის დამფუძნებელს – მინიციპალიტეტის საკრებულოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. ს-ის, შ. ჭ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-ის, შ. ჭ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ს-ს, შ. ჭ-სა და ლ. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლევან ჩხეიძის მიერ 2014 წლის 29 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის, შ. ჭ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. ს-ს (პირადი №.....), შ. ჭ-სა (პირადი №.....) და ლ. მ-ს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ჩ-ის მიერ 2014 წლის 29 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე