Facebook Twitter

ბს-701-288(კ-05) 18 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

17.11.04წ ს. ჩ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის მიმართ სარჩელი აღძრა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1987 წლიდან 2004წ. 31 ივლისამდე მუშაობდა ქუთაისის ......... განყოფილებაში ........ სპეციალისტად. 2004წ. მაისში ადმინისტრაციამ გამოაცხადა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატის სავარაუდო შემცირების შესახებ. შესაბამისად, ყველა თანამშრომელი დატოვებულ იქნა თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. ივლისში ქ. ქუთაისის მერიამ ჩაატარა საჯარო მოხელეთა ტესტირება, სადაც მან დააგროვა 50 სავალდებულო გამსვლელი ქულა. მიუხედავად ამისა, 31 ივლისს აცნობეს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაშინ როდესაც ტესტირების შედეგად განყოფილებაში 5 ახალი თანამშრომელი იქნა მიღებული.

მოპასუხე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ს. ჩ-ა სამსახურიდან დათხოვნილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ქუთაისის საკრებულოს 19.05.04წ. დადგენილებით გაერთიანდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ......... განყოფილება. რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ახალი სამსახური _ .......... სამსახური. ქუთაისის მერიის 25.05.04წ. ¹250 განკარგულებით დამტკიცდა აღნიშნული სამსახურის საშტატო განრიგი. ს. ჩ-ა იყო ........ სამსახურის სპეციალისტი. აღნიშნული თანამდებობა ახალ საშტატო განრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.01.05წ. გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტმა მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. ამდენად, კონკურსი ან ატესტაცია მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო.

აპელანტმა აღნიშნა, რომ 31.07.04წ. ¹16 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საბოლოო ანგარიშსწორებით, მაგრამ ანგარიშსწორება რეალურად არ მომხდარა, რადგან იმ პერიოდში არ არსებობდა ბრძანებები გათავისუფლების შესახებ. მართალია, საკრებულოს 19.05.04წ. ¹202 დადგენილებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად მას ეცნობა საშტატო ერთეულის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული გაფრთხილება არ ჩაიბარა. შედგა აქტი, რომელშიც გაფრთხილებას შემცირების შესახებ, ჩაენაცვლა გაფრთხილება საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ.

აპელანტის მოსაზრებით, მას ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი არა აქვს. მან რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციას, რომ ხელზე მიეღო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც საბოლოოდ 01.09.04წ. განხორციელდა. შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, «მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ დათხოვნის საქმეთა გამო სასამართლოს, დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში».

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.03.05წ. განჩინებით ს. ჩ-ას სააპელაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.01.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 04.06.04წ. ქუთაისის თვითმმართველობის მოხელეთათვის გამოცხადდა ატესტაციისა და ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსი. ს. ჩ-ამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ვერ შეძლო საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სათანადო ქულათა რაოდენობის დაგროვება, რის გამო ვერ მოხვდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების დამტკიცების 21.07.04წ. ¹5 სხდომის ოქმში გამარჯვებულად გამოვლენილთა სიაში. 31.07.05წ. ქუთაისის თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ¹16 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს. ჩ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, «მოხელეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება». ს. ჩ-ამ სასამართლოს მხოლოდ 17.11.04წ. მიმართაბ ანუ 2 თვისა და 17 დღის დაგვიანებით მაშინ, როდესაც მას 01.08.04წ. აგვისტოდან სამსახურებრივი მოვალეობა აღარ შეუსრულებია, მისთვის მეორე დღესვე ცნობილი იყო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია. რომ ს. ჩ-ას სარჩელი ხანდაზმული იყო.

სააპელაციო პალატის განჩინება ს. ჩ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი უთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. ამდენად, კონკურსი ან ატესტაცია ვერ გახდებოდა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციას, რათა ხელზე მიეღო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რასაც საბოლოოდ 01.09.04წ. განხორციელდა. შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, «მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ დათხოვნის საქმეთა გამო სასამართლოს, დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში». ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვსბ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება ან მოქმედება. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუცდენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან, კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ქუთაისის საკრებულოს 19.05.04წ. ¹202 დადგენილებით გაერთიანდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ........... განყოფილება. რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი სამსახური _ ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. ქუთაისის მერიის 25.05.04წ. ¹250 განკარგულებით დამტკიცდა აღნიშნული სამსახურის საშტატო განრიგი. 04.06.04წ. ქუთაისის თვითმმართველობის მოხელეთათვის გამოცხადდა ატესტაციისა და ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსი. ს. ჩ-ამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ვერ შეძლო საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სათანადო ქულათა ოდენობის დაგროვება, რის გამო ვერ მოხვდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების დამტკიცების 21.07.04წ. სხდომის ¹5 ოქმში, რომლითაც დამტკიცდა გამარჯვებულად გამოვლენილ პირთა სია. 31.07.05წ. ქუთაისის თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ¹16 ბრძანებით ს. ჩ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ს. ჩ-ამ უარი თქვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლით დადგენილი წესით მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირებასთან დაკავშირებით გაფრთხილების ჩაბარებაზე, რის თაობაზეც 09.06.04წ. შედგა სათანადო ოქმი. ამდენად, კასატორისათვის ცნობილი იყო საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ. ს. ჩ-ა მონაწილეობას იღებდა 04.06.04წ. გამოცხადებულ ქ. ქუთაისის თვითმმართველობის მოხელეთათვის ატესტაციისა და ვაკანტური ადგილების დასაკავებელი საკონკურსო-საატესტაციო კონკურსში. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცების ოქმი მეორე დღესვე გამოქვეყნდა მერიის შენობაში, ოქმი გამოქვეყნდა აგრეთვე თვითმმართველობის ორგანოს გაზეთ « ......-ში». 2004წ. სექტემბერში მას მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშსწორება. ამდენად, ს. ჩ-თვის იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო კონკურსის შედეგები. მიუხედავად ამისა ს. ჩ-ას კონკურსის შედეგები არ გაუსაჩივრებია. რაც შეეხება ქ. ქუთაისის თვითმმართველობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 31.07.04წ. ¹16 სადავო ბრძანებას, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ბრძანების მიღებიდან ს. ჩ-ას სამსახურებრივი მოვალეობები არ შეუსრულებია, ხელფასი არ მიუღია, ს. ჩ-ა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში თავად აღნიშნავდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება მისთვის 01.09.04წ. გახდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს 17.11.04წ. მიმართა. ამდენად სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის დროისათვის ს. ჩ-ას გაცდენილი ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების ვადა. საკასაციო სასამართლო განმარტავს‚ რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სასარჩელო ხანდაზმულობის (უფლების დაცვის) ვადის გაცდენა არის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის რაიმე საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.03.05წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.