Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-327-308-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. ქ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აქციონერისათვის საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ს. ქ-ის“ მიმართ აქციონერისათვის საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულების შესრულების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს.ქ-ას“ დაევალა ა) 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების სახელით „ს. კ-თან“ და „ა. ბ. ს-ო, შპს ა. ფ-თან“ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებების ასლების სს „ბ-ისათვის“ გადაცემა; ბ) 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების და აქციონერთა კრების ოქმების ასლების სს „ბ-ისათვის“ გადაცემა; გ) 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე ინფორმაციის სს „ბ-ისათვის“ გადაცემა; დ) სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ ვის მფლობელობაშია და როდიდან (ასევე რის საფუძველზე) საზოგადოების კუთვნილი „სიმონაცის“ ჩამომსხმელი ხაზი, ასევე სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ ჩამომსხმელი ხაზის იჯარით გაცემისათვის რა რაოდენობის შემოსავალი აქვს საზოგადოებას მიღებული და რა დავალიანებაა საზოგადოების სასარგებლოდ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ამ ხაზით სარგებლობისათვის დარიცხული; ე) არსებობის შემთხვევაში სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის დავალიანება გააჩნია და როდიდან „ა. ბ. ს-ო, შპს ა. ფ-ს“ სს „ს. ქ-ის“ მიმართ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე; ვ) სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ „ა. ბ. ს-ო“, შპს „ა. კ-ის“ საქართველოს ფილიალს რა რაოდენობის და რა პერიოდულობით გააჩნია სს „ს. ქ-ის“ მიმართ დავალიანება და რა პერიოდულობით ხდებოდა მისი გასტუმრება; ზ) სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა გატარებული საზოგადოების ხელმძღვანელთა მხრიდან ბორჯომის მინერალური და წყაროს წყლის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში. თ) სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ ვინ იყო 2001 წლის იჯარის, 2005 და 2006 წლების მომსახურების ხელშეკრულებების დადების ინიციატორი „მ. წ. კ-ასთან“ (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო კრების მიერ, თუ დირექტორის მიერ ერთპიროვნულად. დაუჭირა თუ არა მხარი ამ ხელშეკრულებების დადებაზე გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭომ).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს. ქ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ პუნქტები, მე-3 პუნქტი და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი დოკუმენტების გადაცემის ნაწილში: 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე ინფორმაციის სს „ბ-ისათვის“ გადაცემაზე; სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ ვის მფლობელობაშია და როდიდან (ასევე რის საფუძველზე) საზოგადოების კუთვნილი „სიმონაცის“ ჩამომსხმელი ხაზი. ასევე სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, ჩამომსხმელი ხაზის იჯარით გაცემისათვის რა რაოდენობის შემოსავალი აქვს საზოგადოებას მიღებული და რა დავალიანებაა საზოგადოების სასარგებლოდ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ამ ხაზით სარგებლობისათვის დარიცხული; არსებობის შემთხვევაში სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის დავალიანება გააჩნია და როდიდან „ა. ბ. ს-ო, შპს ა. კ-ის“ საქართველოს ფილიალს სს „ს. ქ-ის“ მიმართ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე; სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემაზე იმის შესახებ, თუ „ა. ბ. ს-ო, შპს ა. კ-ის“ საქართველოს ფილიალს რა რაოდენობის და რა პერიოდულობით გააჩნია დავალიანება სს „ს. ქ-ის“ მიმართ და რა პერიოდულობით ხდებოდა მისი გასტუმრება. სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემაზე იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა გატარებული საზოგადოების ხელმძღვანელთა მხრიდან ბორჯომის მინერალური და წყაროს წყლის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში. სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემაზე იმის შესახებ, თუ ვინ იყო 2001 წლის იჯარის, 2005 და 2006 წლების მომსახურების ხელშეკრულებების დადების ინიციატორი „მ. კ-ასთან“ (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო კრების მიერ, თუ დირექტორის მიერ ერთპიროვნულად. დაუჭირა თუ არა მხარი ამ ხელშეკრულებების დადებაზე გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭომ). გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ბ-ი“ (ს/ნ ......) წარმოადგენს სს „ს. ქ-ის“ 20% აქციების მფლობელ პარტნიორს.

სს „ს. ქ-ა“, საიდენტიფიკაციო კოდი ......., რეგისტრირებულია 1999 წლის 30 ივლისს, სახელმწიფო რეგისტრაციის №24/5-31.

2013 წლის 31 მაისს სს „ბ-მა“ თავისი, როგორც პარტნიორის უფლების განხორციელების მიზნით, წერილობით მოსთხოვა სს „ს. ქ-ის“ დირექტორ გ. პ-ს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული დოკუმენტაცია.

სს „ს. ქ-ის“ დირექტორმა სს „ბ-ის“ დირექტორს უარი განუცხადა 2013 წლის 31 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემაზე და მიუთითა, რომ მთელი ინფორმაცია, რომელიც ეხება 2001-2009 წლებს, წარდგენილი ჰქონდა ქარხნის ადმინისტრაციის მიერ და მისი გადახედვა მოხდა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.10 მუხლის საფუძველზე მიღებული აქციონერთა გადაწყვეტილების შესაბამისად, ამიტომ არც ერთ პარტნიორს არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა ინფორმაცია კიდევ ერთხელ. საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა კომპანიის ადმინისტრაციას, გაეცა ერთი და იგივე ინფორმაცია ერთ ჯერზე მეტად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სს „ბ-ის“ სარჩელი.

პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სს „ს. ქ-ას“ დაავალა სს „ბ-ისათვის“: ა) 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების სახელით „ს. კ-ასთან“ და „ა. ბ. ს-ო, შპს ა. ბ. ფ-თან“ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებების ასლების გადაცემა და ბ) 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების და აქციონერთა კრების ოქმების ასლების სს „ბ-ისათვის“ გადაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების უფლება სს „ბ-ს“ გააჩნდა, როგორც სს „ს. ქ-ის“ 20% აქციების მფლობელ პარტნიორს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილისა და ამავე კანონის 53-ე მუხლის 32 და 35 ნაწილების თანახმად.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად აპელანტმა არც შესაგებლით და არც სააპელაციო საჩივრით მითითებული მოთხოვნების მართლზომიერება სადავოდ არ გახადა, თუმცა იგი სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა, ასევე იგი მონაწილეობას იღებდა აქციონერთა კრებებში და მისთვის ცნობილი იყო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, პალატამ ზემოაღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ დაადასტურა მოსარჩელისათვის სადავო დოკუმენტაციის გადაცემის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ელექტრონული ფოსტის ამონაწერს, აღნიშნულით არ ირკვევა და დაუდგენელია, თუ რა სახის ინფორმაცია იქნა გაგზავნილი და მიიღო თუ არა ეს ინფორმაცია სს „ბ-მა“. ამდენად, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სს „ბ-ი“ უარყოფს მოპასუხისაგან სადავო ინფორმაციის მიღების ფაქტს, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მოთხოვნის ამ ნაწილში დადგენილად მიიჩნიოს სადავო გარემოება.

ამასთან, პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე ვინაიდან, მოსარჩელის ის მოთხოვნა, რომელიც შეეხება კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემის უფლებას, არ შეიძლება შეფასდეს მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა მოსარჩელე მხარისაგან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მისთვის მიყენება.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ სს „ს. ქ-ას’’ დაავალა სს „ბ-ისათვის’’ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ პუნქტებში მითითებული დოკუმენტების გადაცემა, პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა არ თავსდება აქციონერის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების ფარგლებში.

2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე ინფორმაციის სს „ბ-ისათვის“ გადაცემის თაობაზე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2. მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის IV1 თავზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების შესახებ და განმარტა, რომ იგი არეგულირებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამდენად, საზოგადოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე რეგისტრირებული მონაცემების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია გამოთხოვილ უნდა იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოდან.

სასამართლომ შეაფასა მხარის მოთხოვნა სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემის თაობაზე იმის შესახებ, თუ ვის მფლობელობაშია და როდიდან (ასევე რის საფუძველზე) საზოგადოების კუთვნილი „სიმონაცის“ ჩამომსხმელი ხაზი. პალატამ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე საზოგადოების სახელით „ს. კ-ასთან“ და „ა. ბ. ს-ო“, შპს ა. კ-ის“ საქართველოს ფილიალთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებების ასლების სს „ბ-ისათვის“ გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საზოგადოების კუთვნილი „სიმონაცის“ ჩამომსხმელი ხაზის რაიმე ფორმით სავარაუდო გადაცემის თაობაზე არსებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა მოაზრებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. შესაბამისად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა „სიმონაცის“ ჩამომსხმელი ხაზის მფლობელობის თაობაზე ინფორმაციის განყენებულად გადაცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ ჩამომსხმელი ხაზის იჯარით გაცემისათვის რა რაოდენობის შემოსავალი აქვს საზოგადოებას მიღებული და რა დავალიანებაა საზოგადოების სასარგებლოდ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ამ ხაზით სარგებლობისათვის დარიცხული; სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის დავალიანება გააჩნია და როდიდან „ა. ბ. ს-ო, შპს ა. კ-ის საქართველოს ფილიალს“ სს „ს. ქ-ის“ მიმართ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე; სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ „ა ბ. ს-ო, შპს ა. კ-ის“ საქართველოს ფილიალს რა რაოდენობის და რა პერიოდულობით გააჩნია სს „ს. ქ-ის“ მიმართ დავალიანება და რა პერიოდულობით ხდებოდა მისი გასტუმრება.

პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და ჩათვალა, რომ მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს უფლება აქვს საზოგადოებისაგან მიიღოს საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუღალტრო დოკუმენტები და სააღრიცხვო მონაცემები, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების თაობაზე დეკლარაციები და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანი წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილებში წარმოადგენს აქციონერისათვის წარსადგენი ინფორმაციის ანალიზს და არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტითა და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა გატარებული საზოგადოების ხელმძღვანელთა მხრიდან ბორჯომის მინერალური და წყაროს წყლის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში.

სს „ბ-ისათვის“ ინფორმაციის გადაცემა იმის შესახებ, თუ ვინ იყო 2001 წლის იჯარის, 2005 და 2006 წლების მომსახურების ხელშეკრულებების დადების ინიციატორი „მ. წ. კ-ასთან“ (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო კრების მიერ, თუ დირექტორის მიერ ერთპიროვნულად. დაუჭირა თუ არა მხარი ამ ხელშეკრულებების დადებაზე გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭომ).

პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა ბორჯომის მინერალური და წყაროს წყლის სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებაში, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს მოსარჩელისათვის იმ ინფორმაციის გადაცემას, თუ ამ მიმართულებით რა ზომები იქნა გატარებული საზოგადოების ხელმძღვანელთა მხრიდან. პალატამ ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იმ ინფორმაციის გადაცემა, თუ ვინ იყო „მ. წ. კ-ასთან“ 2001 წლის იჯარის, 2005 და 2006 წლების მომსახურების ხელშეკრულებების დადების ინიციატორი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება აღნიშნული ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობა (მიზანშეწონილობა).

სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის, მესამე პირებთან ურთიერთობის და გარიგებების დადების უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და მათ უფლება-მოვალეობებს. ნებისმიერ გარიგებას, ვისი ინიცირებულიც არ უნდა იყოს იგი, ხელს აწერს და დებს საამისოდ უფლებამოსილი პირი და არა ხელშეკრულების დადების სავარაუდო ინიციატორი. ამდენად, ამგვარი ინფორმაციის საზოგადოებისაგან გამოთხოვა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს. ქ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, როდესაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელისაგან მითითებული ნორმით გათვალისწინებული ზიანის მისთვის მიყენება. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს მხოლოდ უშუალო, პირდაპირ ქონებრივ ზიანს.

მოსარჩელემ მოითხოვა დოკუმენტები 12-წლიან პერიოდზე (2001 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე). თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს, აშკარაა, რომ ასეთი ინფორმაცია ყოვლად უსარგებლო იქნება მოსარჩელისათვის, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება ცდება კეთილსინდისიერების პრინციპს და განპირობებულია არა კონკრეტული საჭიროებით, არამედ მოსარჩელე მიზნად ისახავს საწარმოს ადმინისტრაციის გაღიზიანებას, ადმინისტრაციის მუშაობის პარალიზებასა და დროის უქმად კარგავს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პრაქტიკა არ შეზღუდავს აქციონერთა უფლებებს ინფორმაციის მიღებაზე კონკრეტული პერიოდით (მაგალითად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით), ასეთი შეუზღუდავი უფლებების გამოყენება გამოიწვევს სააქციო საზოგადოებების ფუნქციონერების შეფერხებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით სს „ს. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. ქ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. ქ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 24 მარტს №150 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს. ქ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 24 მარტს №150 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე