Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-349-330-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ ქუთაისის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ნ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაოს – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის – 29634,90 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სამუშაოების ღირებულება მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ნ-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიას დაეკისრა 23604.7 ლარის გადახდა შპს „ნ-ს“ სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიას (შემსყიდველი) და შპს „ნ-ს“ (მიმწოდებელი) შორის 2011 წლის 27 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქალაქ ქუთაისში მდებარე ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემსყიდველმა კი, – აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ამ სამუშაოების ღირებულება 313000 ლარის ოდენობით.

2012 წლის 3 თებერვალს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული სამუშაოები განხორციელებულიყო კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 283272.9629 ლარით.

მხარეებმა 2012 წლის 26 ივნისს შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც დამტკიცდა, რომ შპს „ნ-მ“ შეასრულა 259668.26 ლარის ღირებულების სამუშაოები. მხარეები არ დავობენ, რომ ეს თანხა შპს „ნ-ს“ მიღებული აქვს აპელანტისაგან (მოპასუხისაგან).

მიღება-ჩაბარების აქტი დაეფუძნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტის 2012 წლის 25 აპრილის №012739-2012/07/4 დასკვნას, რომლის თანახმად ქალაქ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 253280.6 ლარი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტის 2012 წლის 14 ივნისის №018977-2012/07/4 დასკვნის თანახმად, ქალაქ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 29634.9 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა იმ გარემოებებს, რომ მოპასუხის (შემკვეთის) სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შემკვეთმა მენარდეს საზღაური – 29634.9 ლარი არ გადაუხადა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „ნ-ს“ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად უნდა დაემტკიცებინა, რომ: ა) მოდავე მხარეებს შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელემ (მენარდემ) ჯეროვნად შეასრულა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულება; გ) შემკვეთმა (მოპასუხემ) არ გადაუხადა მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ 2011 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რადგან შპს „ნ-მ“ (მენარდე), სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიას (შემკვეთი) უნდა გადაეხადა მენარდისათვის შეთანხმებული საზღაური.

მითითებული სამუშაოების ღირებულებად მხარეებმა თავდაპირველად განსაზღვრეს 313000 ლარი, შემდეგ კი განახორციელეს ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 283272.9629 ლარი.

სასამართლომ ასევე უდავოდ დაადგინა, რომ მენარდეს შემკვეთისაგან უკვე მიღებული აქვს 259668.26 ლარი, ამდენად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტის 2012 წლის 14 ივნისის №018977-2012/07/4 დასკვნის მონაცემების სრულად გაზიარების შემთხვევაში შემკვეთს ასანაზღაურებელი აქვს 259668.26+29634.9=289903.16 ლარი. ეს თანხა აღემატება მხარეთა მიერ კორექტირებულ, მყარად განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვას 6030.198 ლარით, რის გამოც პალატამ აღნიშნული თანხა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ მენარდის საზღაურად არ ჩათვალა. მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ არსებობდა მოპასუხის (შემკვეთის) თანხმობა შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებაზე (გადახარჯვაზე).

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი ითვალისწინებს გარკვეული წინაპირობების არსებობისას მენარდისათვის გადახარჯვის ანაზღაურებას, თუმცა მენარდის ეს უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესასრულებელი სამუშაოს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოდავე მხარეებს შორის, არსებობდა მყარად განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა, რის გამოც მისი გადახარჯვის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ: საქმე №ას-888-834-2012).

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 6030.198 ლარის დაკისრების ნაწილში იურიდიულად დასაბუთებული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

2012 წლის 26 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ნ-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 259668,26 ლარი, რაც ქუთაისის მერიის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.

მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 2012 წლის 26 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ნ-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების – 259668.26 ლარის სრულად მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №012739-2012/07/04 დასკვნის საფუძველზე. რაც შეეხება ამავე ბიუროს №018977 2012/07/4 დასკვნას, მასში მითითებული სამუშაოები უკვე ასახული იყო ექსპერტიზის წინა დასკვნაში და დამატებით ქუთაისის მერია თანხას ორჯერ ერთსა და იმავე სამუშაოებში ვერ გადაიხდიდა.

სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რატომ დაუკვეთა ექსპერტიზის ბიუროს მოსარჩელემ ორი დასკვნის შედგენა და თუ ორი დასკვნა არსებობდა, რატომ მოაწერა ხელი მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტს ნაკლებ თანხაზე მითითებით თუ თვლიდა, რომ იგი არ ასახავდა სრულად მის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის ქალაქ ქუთაისის მერიის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქალაქ ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე