საქმე №ას-363-345-2013 30 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ა. პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. პ-ის“ მიმართ 180 600 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2007 წელს შპს „ა. პ-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ი. შ-მ შესთავაზა მოსარჩელეს აშშ-დან ინდაურის ხორცის შემოტანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი დათანხმდა თანამშრომლობას და საწყის ეტაპზე შპს „ა. პ-ში“ შეიტანა 40 000 აშშ დოლარი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2008 წლის დასაწყისში მას ფული დაუბრუნდა მოგებით.
მოსარჩელემ აიღო მხოლოდ მოგება, ხოლო ძირი თანხა დატოვა ისევ კომპანიაში სხვა საქმიაობის ინვესტირებისათვის, რაზეც ასევე უნდა მიეღო მოგება. ამის შემდეგ, შპს „ა. პ-მა“ გადაწყვიტა გაყინული თევზისა და ხორცის შემოტანა, რომელშიც მოსარჩელე სრულად იყო ჩართული და საზოგადოებაში დამატებით შეიტანა ჯერ 40 000 აშშ დოლარი, შემდეგ 9 200 აშშ დოლარი და 70 000 აშშ დოლარი. სულ თანხამ შეადგინა 159 200 აშშ დოლარი. მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, შპს „ა. პ-ს“ მასთან სათანადო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რითიც ოფიციალური სახე მიეცემოდა მის მონაწილეობას კომპანიაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ა. პ-ის“ დირექტორმა პ. შ-მ და აღნიშნული შპს-ს 25%-იანი წილის მფლობელმა ი. შ-მ თანხა ისესხეს შ. ლ-ისაგან 2007-2008 წლის თებერვლის პერიოდში.
ნასესხები თანხის ნაწილი გამოიყენეს შპს „ა. პ-ის“ ინტერესებისთვის, ხოლო ნაწილი პირადი საჭიროებისთვის.
მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეთხოვა გასესხებული თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან თანხის სესხების კონკრეტული ვადები მხარეთა შორის არ განსაზღვრულა. ამჟამად, შ. ლ-ს ი და პ შ-ებისაგან მიღებული აქვს გასესებული თანხა სარგებლის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 109 200 აშშ დოლარის გადახდა, შ. ლ-ის სარჩელი შპს „ა. პ-ისათვის“ მოგების სახით 21 400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს „ა. პ-მა“, ხოლო 50 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შ. ლ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შ ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ა. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21 400 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შ. ლ-ის სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ა. პ-ის“ წარმომადგენლების მტკიცება, რომ შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ისგან 159 200 აშშ დოლარი ინსვესტიციის სახით არ მიუღია, არამედ თანხა ისესხეს ფიზიკურმა პირებმა – ი. და პ. შ-ებმა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს „ა. პ-ის“ მიერ 2009 წლის 5 ოქტომბერს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შ. ლ-ს 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე შპს „ა. პ-ში“ განხორციელებული აქვს ინვესტიცია საერთო თანხით 159 200 აშშ დოლარი. თანხის დაბრუნებამდე .შ ლ-ს მიეცემა სარგებელი გაყინული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგების 1/3-ის ოდენობით. 159 200 აშშ დოლარი შ. ლ-ს დაუბრუნდება მოთხოვნისამებრ. აღნიშნული ცნობა შედგენილია შპს „ა. პ-ის“ სატიტულო ქაღალდზე და ხელმოწერილია დირექტორის პ.შ-ის მიერ.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთახნმა შპს „ა. პ-ის“ წარმომადგენლების მტკიცებას, რომ მითითებულ ცნობაში ტექსტი ჩაბეჭდილია მას შემდეგ, რაც მასზე განხორციელდა დირექტორის ხელმოწერა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო (აუდიო) ჩანაწერით დასტურდება შპს „ა. პ-ის“ მიერ შ. ლ-ისათვის 159 200 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შ ლ-ის მტკიცება მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება რაიმე მტკიცებულებით, მათ შორის, სადავო ვიდეო(აუდიო) ჩანაწერით არ დასტურდება.
საქმეში წარმოდგენილი შპს „ა. პ-ის“ გენერალური დირექტორის პ. შ-ის 2011 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით დგინდება, რომ ზ. ჩ-ე 2011 წლის 1 დეკემბრიდან დაინიშნა შპს „ა. პ-ის“ დირექტორის მოადგილედ. მხარეთა განმარტებებითა და სადავო ვიდეო (აუდიო) ჩანაწერით კი ირკვევა, რომ შ. ლ-სა და ზ. ჩ-ს შორის საუბარი შედგა 2011 წლის 21 დეკემბერს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ა. პ-ის“ მიერ 2009 წლის 5 ოქტომბერს გაცემული ცნობა წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას.
სარჩელში შ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 180 600 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც 159 200 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 21 400 აშშ დოლარი – გადაუხდელი სარგებელი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე შპს „ა. პ-ის“ შესაგებელზე, რომლითაც ეს უკანასკნელი სადავოდ არ ხდის სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობას, არამედ, უთითებს მხოლოდ იმას, რომ შ. ლ-ს მთლიანად დაუბრუნდა ნასესხები თანხა სარგებლის ჩათვლით.
სასამართლოს მოსაზრებით, სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ისათვის დაბრუნებული აქვს ინვესტირებული თანხა და სარგებელი სრულად, მოპასუხეს ეკისრება, რაც ამ უკანასკნელმა დარჩენილი სარგებლის – 21 400 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში სათანადოდ ვერ განახორციელა. შესაბამისად, არ დადასტურდა 21 400 აშშ დოლარის შ. ლ-ისთვის დაბრუნების ფაქტი.
სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან დადგინდა შპს „ა. პ-ის“ მხრიდან შ. ლ-ისათვის კომპანიაში ინვესტირებული 159 200 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ა. პ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, გასცდა შ. ლ-ის სააპელაციო საჩივრით გათვალისწინებულ მოთხოვნას, როდესაც შპს „ა. პ-ს“ დააკისრა 21 400 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არასრულად დაასაბუთა ადვოკატის მომსახურებისათვის საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ხარჯის დაანგარიშების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ შ. ლ-მ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ 1.1 პუნქტი, როდესაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მხოლოდ ძირი თანხის სახით საქალაქო სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებელი 50 000 აშშ დოლარის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივარში შ. ლ-ს საერთოდ არ უხსენებია სარგებლის – 21 400 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. პ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
შპს „ა. პ-მა“ შ. ლ-ისაგან ინსვესტიციის სახით მიიღო 159 200 აშშ დოლარი.
2009 წლის 5 ოქტომბერს შპს „ა. პ-მა“ გასცა ცნობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა შ. ლ-ის წინაშე აღიარა ძირი თანხის – 159 200 აშშ დოლარის და სარგებლის – გაყინული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგების 1/3 ნაწილის გადახდის ვალდებულება.
შპს „ა. პ-მა“ შ. ლ-ს დაუბრუნა 159 200 აშშ დოლარი.
შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ისათვის არ დაუბრუნებია სარჩელით მოთხოვნილი მოგების თანხა – 21 400 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შ. ლ-ის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა იმ მოტივით, რათა ეღიარებინა ვალდებულების შესრულების მიღება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
როგორც განსახილველი საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორის ძირითადი პრეტენზია ეძღვნება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, კერძოდ, 377-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
სარჩელით შ. ლ-მ მოითხოვა მოპასუხე შპს „ა. პ-ისათვის“ 180 600 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც მისივე განმარტებით 159 200 აშშ დოლარი წარმოადგენდა ინვესტიციის სახით გადაცემულ ძირ თანხას, ხოლო 21 400 აშშ მისაღები მოგების თანხას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ა. პ-ს“ შ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის _ 109 200 აშშ დოლარის გადახდა. შ. ლ-ის სარჩელი შპს „ა. პ-ისათვის“ მოგების სახით 21 400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ლ-მ გაასაჩივრა მხოლოდ ძირი თანხიდან 50 000 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. რაც შეეხება მოგებას, ამ ნაწილში მას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და არც შესაბამის უსწორობაზე მიუთითებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს „ა. პ-მა“, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მნიშვნელოვანია, რომ თვით შ. ლ-ც არ უარყოფს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს (იხ. შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, ტ.II, ს.ფ.172).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ზემოთ მოყვანილ გარემოებებს თუ მივიღებთ მხედველობაში, მივალთ იმ ცალსახა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა იმ ნაწილში, იგულისხმება მოპასუხისათვის მოგების სახით 21 400 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომელიც მხარეებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. საპროცესო ნორმათა ამ სახის დარღვევას შედეგად მოყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც შ. ლ-ს უარი ეთქვა შპს „ა. პ-ისათვის“ 109 200 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით, შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან არ არსებობს საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს დავა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ა. პ-ის“ საკუთრებაში არსებულ ქ.თბილიში, №1 მ. ჩიხში მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით: ..........
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნაწილით მოწესრიგებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა, რაც ქონებრივ დავებში გულისხმობს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით ანაზღაურებას.
საქმის მასალების მიხედვით, შპს „ა. პ-მა“ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადაიხადა 8765,18 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურების სახით სამივე ინსტანციის სასამართლოში _ 4980 ლარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ლ-ს შპს „ა. პ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების გადახდა 13745,18 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა. პ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტები.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა შპს „ა. პ-ის“ საკუთრებაში არსებულ ქ.თბილიში, №1 მ. ჩიხში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით:.......... .
4. შ. ლ-ს დაეკისროს შპს „ა. პ-ის“ სასარგებლოდ 13745,18 ლარის გადახდა.
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე