Facebook Twitter

საქმე №ას-371-349-2014 31 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „....... ც-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მ, ხ. ჩ-მ, ო. კ-მა, ქ. ხ-მ, ქ. ჩ-მა, ე. ბ-მა, მ. ს-მ, ლ. ჯ-მ, ზ. ჯ-მ და გ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „....... ც-ის“ მიმართ და მოითხოვეს მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. დირექტორის ბრძანების საფუძველზე მათთან ეტაპობრივად გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები 6 თვის ვადით.

2012 წლიდან ეროვნული ცენტრის მესაკუთრე გახდა სადაზღვევო კომპანია „ა-ი“, რა დროიდანაც სამუშაოდან გათავისუფლდა 70 თანამშრომელი.

2013 წლის 16 მაისს მოსარჩელეები ............. ც-ის დირექტორმა გამოიძახა საკონფერენციო დარბაზში. დირექციამ მათ მადლობა გადაუხადა ამ დროის განმავლობაში გაწეული მუშაობისათვის და გააფრთხილა, რომ 1 ივნისიდან ისინი დათხოვნილი იქნებოდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

ამდენად, მოსარჩელეები სამუშაოდან დაითხოვეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბრძანებები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მოსარჩელეები სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლდნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ. გ-მ, ხ. ჩ-მ და ო. კ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ხ. ჩ-ისა და ნ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „........ ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 15 მაისის ბრძანება ხ. ჩ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და 2013 წლის 15 მაისის ბრძანება ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ნ.გ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ ო. კ-სა და შპს „............ ც-ს“ შორის 2012 წლის 3 დეკემბერს 2013 წლის 3 ივნისამდე დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების 3.2. 3.3. და 3.4. პუნქტების თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლო, დასაბუთების მიუთითებლად, შეეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა.

2013 წლის 1 ივნისს, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის საფუძველზე, დამსაქმებელმა ოლღა კევლიშვილთან შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა.

შპს „............ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 29 მარტის ბრძანებით საწარმოს მუშაკებს, მათ შორის, ხ. ჩ-ს საწარმოსთან შრომითი ურთიერთობის ვადა 2013 წლის 1 აპრილიდან გაუგრძელდათ 2013 წლის 1 ოქტომბრამდე.

ხ. ჩ-ე შრომითი ხელშეკრულების ამ პირობას დაეთანხმა, ბრძანებას ხელი მოაწერა და სამუშაოს შესრულებას შეუდგა.

2013 წლის 1 ივნისს დამსაქმებელმა ხ. ჩ-ს შრომითი ხელშეკრულება მოუშალა.

ნ. გ-ე შპს „........... ც-ის“ იურისტად დაინიშნა 2012 წლის 24 აგვისტოს 2013 წლის 1 იანვრამდე. ამის შემდეგ, ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სამი თვით, 2013 წლის 1 აპრილამდე.

2013 წლის 29 მარტს საწარმოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრა 2013 წლის 1 მაისამდე, თუმცა ნ. გ-ე ამ ბრძანებას არ დაეთანხმა და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები გაგრძელდა ისევ 3 თვის ვადით.

2013 წლის 1 ივნისიდან დამსაქმებელმა ნ. გ-ე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.

სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, თუმცა, ამ ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა არ მისცემია. ამიტომ, სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს შრომის კოდექსის, გასაჩივრებული ბრძანებების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებისა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ო. კ-სა და შპს „............. ც-ს“ შორის დადებული ხელშეკრულება გარიგების შეწყვეტისათვის კანონით დადგენილი პირობისაგან განსხვავებულ პირობას არ ითვალისწინებდა. პირიქით, ხელშეკრულების თანახმადაც, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად დამსაქმებელს რაიმე სახის დასაბუთება არ ესაჭიროებოდა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ო. კ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მათზე.

ამიტომ, შპს „.......... ც-ი“ 2013 წლის 3 ივნისამდე უფლებამოსილი იყო, მოეშალა ო. კ-თან შრომითი ხელშეკრულება.

დამსაქმებელმა აპელანტთან შრომითი ხელშეკრულება მოშალა 2013 წლის 1 ივნისს, ამის გამო, ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

2013 წლის 1 ივნისის დროისათვის მოქმედი რედაქციით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო შრომითი ხელშეკრულების მოშლა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობების უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეწყვეტით ირღვეოდა და ირღვევა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტებით დაცული ადამიანის ძირითადი, შრომითი უფლება. ამიტომ, შრომითი ურთიერთობების უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეწყვეტა კანონსაწინააღმდეგოა.

პალატამ მიიჩნია, რომ კანონის თანახმად შრომითი ხელშეკრულების მოშლა იყო შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის დამოუკიდებელი, ცალკე საფუძველი. დამსაქმებელს შეეძლო, მოეშალა შრომითი ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის სხვა საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშიც, თუ იარსებებდა ობიექტური გარემოება, რომელიც ამ ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა.

შპს „.............. ც-მა“ ხ. ჩ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას საფუძვლად დაუდო „შრომითი ხელშეკრულების მოშლის რეკომენდაციის“ აქტი.

პალატამ მიიჩნია, რომ აქტში მითითებული რეკომენდაციები ყოვლად დაუსაბუთებელია. გაუგებარია, თუ რატომ გასცა რეკომენდაცია კომისიამ, მაინცდამაინც, აპელანტებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რას ეფუძნებოდა კომისიის პოზიცია და რატომ გაიზიარა დამსაქმებელმა ეს რეკომენდაციები. აღნიშნული არ დადასტურდა სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. სასამართლოს სხდომაზე კომისიის წევრებმა ვერ განმარტეს, თუ რას ეფუძნებოდა მათი რეკომენდაცია, უშუალოდ, ხ. ჩ-სთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ხ. ჩ-სთან შრომითი ურთიერთობების 2013 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელების თაობაზე დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ხ. ჩ-მ საწარმოში საქმიანობა გააგრძელა, რაც ნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 1 ოქტომბრამდე.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციისაგან განსხვავებულ წესს საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს. ამიტომ, დამსაქმებელი ვალდებული იყო, დაეცვა ხ. ჩ-სთან დადებული ხელშეკრულების პირობები და, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, განსაკუთრებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში, არ შეეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობები. როგორც აღინიშნა, დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა ხ. ჩ-სთან შრომითი ურთიერთობების მოშლის წინაპირობების არსებობა, ამიტომ გასაჩივრებული ბრძანებით მან დაარღვია როგორც კანონისმიერი, ასევე სახელშეკრულებო ვალდებულებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანება ხ. ჩ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მართლსაწინააღმდეგოა. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი, მართლსაწინააღმდეგი გარიგება ბათილია. ამგვარად, ხ. ჩ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა.

ამავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო და დამსაქმებელს აპელანტთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელების ნება არ გამოუხატავს.

პალატის მოსაზრებით, ერთ-ერთი მხარისათვის ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების დავალდებულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს. ამის გამო, ხ. ჩ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა, თუმცა, პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე, ე.ი. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხ. ჩ-მ შრომითი მოვალეობები ვერ შეასრულა ბათილი ბრძანების გამო, ე.ი. დამსაქმებლის ბრალით.

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. შესაბამისად, დამსაქმებელმა ხ. ჩ-ს სრულად უნდა გადაუხადოს შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისათვის. ამასთან, დამსაქმებლის მიერ აპელანტისათვის უკვე გადახდილი 1 თვის საზღაური ამ თანხას არ უნდა გამოაკლდეს, რადგან იგი აპელანტს შრომითი ანაზღაურების სახით მიღებული არა აქვს და მისი უკან დაბრუნება შპს „........... ც-ს“ არ მოუთხოვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხ. ჩ-ის ხელფასი, ხელზე ასაღები თანხა, ყოველთვიურად, შეადგენდა 560 ლარს. 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე გავიდა 4 თვე. ამიტომ, შპს „................. ც-მა“ ხ. ჩ-ს იძულებითი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს 560X4=2240 ლარი.

შპს „............ ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 14 ივნისის წერილითა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად ნ. გ-ის განმარტებებით დასტურდება, რომ ნ. გ-სა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით და მისი მოქმედების ვადა გავიდა 2013 წლის 1 აპრილს. ამის შემდეგ, მხარეები შრომითი ხელშეკრულების ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ნ. გ-მ საწარმოში საქმიანობა გააგრძელა.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით. 2013 წლის 1 აპრილის შემდეგ, ნ. გ-სა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ხელშეკრულება განახლებული პირობებით აღარ დადებულა, ამიტომ, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, ძალაში დარჩა წინა შრომითი ხელშეკრულების პირობები. ამ ხელშეკრულების თანახმად, კი ნ. გ-ე საწარმოში დასაქმებული იყო 3 თვის ვადით, ე.ი. 2013 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, 2013 წლის 1 ივნისს ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ ყოფილა და, ამ მოტივით, მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მართლსაწინააღმდეგო იყო.

სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ბრძანება ნ. გ-სთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ იყო ბათილი და ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია.

სასამართლოს მოსაზრებით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის, ე.ი. 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ დამსაქმებელს აპელანტთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელების სურვილი არ გამოუხატავს და, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მისთვის ამ ხელშეკრულების დადების დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ამდენად, პალატამ ნ. გ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უსაფუძვლოდ ჩათვალა.

ამავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელმა ნ. გ-ს უნდა გადაუხადოს იძულებითი განაცდური 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის, ანუ ერთი თვის ხელფასის ოდენობით. დადგენილია, რომ ნ. გ-ის ხელფასი, ხელზე ასაღები თანხა, შეადგენდა ყოველთვიურად 320 ლარს. ამიტომ, შპს „........ ც-მა“ ნ. გ-ს იძულებითი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს 320 ლარი.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა სამი თვით. ვინაიდან მოსარჩელე 2013 წლის 1 მაისის შემდეგ დაწესებულებაში კვლავ აგრძელებდა საქმიანობას, ხოლო მხარეთა შორის რაიმე ვადაზე შეთანხმება არ მიღწეულა, შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

ნ. გ-ე შპს „...... ც-ის იურისტად დაინიშნა 2012 წლის 24 აგვისტოს 2013 წლის 1 იანვრამდე.

2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით, 2013 წლის 1 აპრილამდე.

2013 წლის 29 მარტს საწარმოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრა 2013 წლის 1 მაისამდე, რასაც დასაქმებული არ დაეთანხმა და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები გაგრძელდა ისევ 3 თვით.

2013 წლის 1 ივნისიდან დამსაქმებელმა ნ. გ-ე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.

ნ. გ-ის ხელფასი (ხელზე ასაღები თანხა) შეადგენდა ყოველთვიურად 320 ლარს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ. გ-სთან შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 1 აპრილიდან გაგრძელდა 3 თვით. კასატორის მოსაზრებით, 2013 წლის 1 მაისის შემდეგ, დამსაქმებელს მისთვის რაიმე ახალი პირობა არ შეუთავაზებია და არც ხელშეკრულების ვადა განუსაზღვრავს. 2013 წლის 1 მაისიდან კასატორმა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა საქმიანობა 1 ივნისამდე. შესაბამისად, 2013 წლის 1 აპრილიდან, შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი გაგრძელების გამო, შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად ითვლება.

საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის მართებულობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:

სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობები მთლიანად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, თუ რა ჩაითვლება არსებით პირობად. ასეთია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება. საკასაციო პალატის შეფასებით, ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში _ „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების დროს. როდესაც ხელშეკრულებით რაიმე მოვლენის დადგომის მომენტი მკაფიოდაა განსაზღვრული, სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ივარაუდება, რომ სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. გ-ე შპს „......... ც-ის“ იურისტად დაინიშნა 2012 წლის 24 აგვისტოს 2013 წლის 1 იანვრამდე. 2013 წლის 1 იანვრიდან ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით, 2013 წლის 1 აპრილამდე. 2013 წლის 29 მარტს საწარმოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაადგინა 2013 წლის 1 მაისამდე, რასაც დასაქმებული არ დაეთანხმა. დასაქმებულმა ისე გააგრძელა საქმიანობა 2013 წლის 1 აპრილიდან 1 ივნისამდე, რომ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების რაიმე ვადაზე არ შეთანხმებულან.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შპს „.............. ც-ის“ 2013 წლის 14 ივნისის 01/491 წერილს, რომელშიც ცენტრის დირექტორი ნ. გ-სთან მიმართებაში განმარტავს შემდეგს: ნ. გ-ის შრომის ხელშეკრულება 2013 წლის 1 აპრილს განისაზღვრა ერთი თვით, მაგრამ ვინაიდან ხელშეკრულების გასვლის შემდგომ არ მომხდარა ხელშეკრულების შეწყვეტა, ისევ გაგრძელდა შესაბამისი ვადით. საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაშინ, როდესაც მოპასუხეს ეკისრებოდა ვადასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ფაქტების მითითების, არამედ მისი სათანადო მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთიც. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ხელშეკრულების მოქმედების ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 1 აპრილიდან უნდა ჩაითვალოს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა ნ. გ-ის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რაც ნიშნავს ნ. გ-ის იმ უფლებებში აღდგენას, რომელშიც სადავო ბრძანების გამოცემამდე იმყოფებოდა.

შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 320 ლარს. მითითებული ნორმის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებულია ნ. გ-ს აუნაზღაუროს იძულებითი მოცდენის დროის მთელი პერიოდი, 2013 წლის 1 ივნისიდან შრომითი ურთიერთობის განახლებამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკასაციო პრეტენზიის გაზიარებით, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს დავა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-მ სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 550 ლარი. აქედან გამომდინარე, შპს „.............. ც-ს“ ნ. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა 550 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „.......................... ც-ს“ ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 320 ლარის გადახდა და ნ. გ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე.

3. ნ. გ-ე აღდგენილ იქნეს შპს „................ ც-ში“ იურისტის თანამდებობაზე.

4. შპს „.................. ც-ს“ დაეკისროს ნ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით, ყოველთვიურად 320 ლარის ოდენობით.

5. შპს „........... ც-ს“ დაეკისროს ნ. გ-ის სასარგებლოდ 550 ლარის გადახდა.

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე