საქმე №ას-377-354-2014 21 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის მიმართ მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მავე კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც ა. კ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2012 წლის 30 იანვარს ა კ-მა სარჩელის აღძრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა ყადაღის დადება ქ. თბილისში, მე-.... მ-ში, ზ/პ-ს №14 კორპუსში მდებარე №54 ბინაზე.
ა. კ-ის მიერ ნ. ც-ის სახელზე 2011 წლის 20 ივნისს გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა ამოიწურა 2011 წლის 20 დეკემბერს (გაცემული იყო 6 თვის ვადით).
2012 წლის 13 თებერვალს ა. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ბინის 1/6 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.
მოსარჩელემ სარჩელში ძირითად მისამართად (ფაქტობრივი ადგილსამყოფლად) მიუთითა ქ.თბილისი, მე-... მ-ი, ზ/პ-ო, №14 კორპუსი, ბინა №54. სარჩელში ასევე მითითებულია ნ. ც-ის მისამართი – ქ. თბილისი, მე-... მ-ი, მე-9 კვ. მე-4 კორპ, ბინა №42 და ქ.თბილისი, კ-ის ქ.№6. შუამდგომლობების გრაფაში, ა. კ-ი ითხოვდა, შეტყობინებები გაგზავნოდა მისი მარწმუნებლის (ნ. ც-ის) სამუშაო ადგილის მისამართზე – ქ. თბილისში, კ-ის №6-ში, ვინაიდან მოპასუხეთა მცდელობის გამო, იგი ვერ ცხოვრობდა ძირითად მისამართზე.
მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2013 წლის 20 თებერვალს 16:00 საათზე. ა. კ-ს სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება გაეგზავნა შემდეგ მისამართებზე: ქ.თბილისი, მე-... მ-ი, ზ/პლატო, №14 კორპუსის №54 ბინა და ქ. თბილისი, კ-ის ქ. №6. პირველ მისამართზე გაგზავნილი უწყება დაბრუნდა შეტყობინებით, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს გ-ი, ხოლო მეორე მისამართზე გაგზავილი უწყებაში აღინიშნა, რომ მითითებულ მისამართზე არის საადვოკატო ბიურო, ადრესატი არ დახვდა მისამართზე და შეტყობინება დატოვა ადრესატის კაბინეტის კარზე. ქ. თბილისში, კ-ის ქ.№6 არის ნ. ც-ის სამუშაო ადგილის მისამართი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის გამოუცხადებლობაზე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა და პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. კ-ის მიერ სარჩელი წარდგენილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობამ მხარეთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისათვის სარჩელის ერთ-ერთ სავალდებულო რეკვიზიტად სწორედ მოპასუხის ძირითადი მისამართი ანუ ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართი მიიჩნია. როდესაც საპროცესო ნორმა მხარის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ წესს, იგულისხმება მხარის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, სადაც იგი იმყოფება კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ა. კ-მა სარჩელში ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ის მისამართი, სადაც იგი არ ცხოვრობდა. აღნიშნულზე მითითებას შეიცავს სარჩელში შუამდგომლობების გრაფა, სადაც ა. კ-ი განმარტავს, რომ ის არ ცხოვრობს ძირითად მისამართზე (ქ. თბილისი, მე-... მ-ი, ზ/პ-ო, კორპუსი №14, ბინა №54) და ითხოვს, რომ შეტყობინებები გაეგზავნოს მისი მარწმუნებლის (ნ. ც-ის) სამუშაო ადგილის მიხედვით. ამდენად, სარჩელში ა. კ-ის მიერ არ იქნა მითითებული მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. მიუხედავად აღნიშნულისა, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეტყობინება სხდომის თაობაზე ალექსანდრე კიიანისათვის გაგზავნილი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, კ-ის ქ. №6-ში ორჯერ, ვინაიდან სასამართლოსათვის მხოლოდ მითითებული მისამართი იყო ცნობილი, რომელიც მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა ალტერნატიულ მისამართად.
ამავდროულად, მოსარჩელე სარჩელში უთითებდა, რომ სწორედ კ-ის ქ. №6-ში გაეგზავნათ მისთვის შეტყობინებები.
სხდომის თაობაზე შეტყობინება ა. კ-ს გაეგზავნა მისამართზე – ქ. თბილისი, მე-... მ-ი, ზ/პ-ო, №14 კორპუსი, ბინა №54, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს.
ქ. თბილისში, კ-ის ქ. №6-ში უწყება გაიგზავნა ერთხელ. აღნიშნულით კი, დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, გამოუცხადებელი მხარე არ ყოფილა მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი და მის წინმსწრებად მიღებული განჩინებების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც მან მოითხოვა, შემოწმებულიყო სარჩელის შეტანის და სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს იურიდიულად ითვლებოდა თუ არა ინვალიდად ა. კ-ი, რომელმაც უარი თქვა ინვალიდობს პენსიაზე და დაინიშნა ასაკის პენსია. ამით მას მოეხსნა ინვალიდობის სტატუსი. შესაბამისად, მას აღარ გააჩნდა შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით.
ასევე უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც კასატორს უარი ეთქვა მოსამართლე ნ.ნაზღაიძის აცილებაზე. ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში ისე, რომ სააპელაციო საჩივარს არ ჰქონდა დართული კანონით განსაზღვრული დოკუმენტი – სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ა. კ-მა წარმოადგინა გაურკვეველი სახის ცნობის ასლი, რომ 2001 წელს კომისიამ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნო. აღნიშნული საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მოსამართლე ნაზღაიძეს ა. კ-ი გაენთავისუფლებია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მაშინ, როდესაც სხვა დავებში და სხვა პირთა საქმეებზე არა ერთი საქმეა განხილული მის მიერ, როცა ძველი ინვალიდობის ცნობას მოსამართლე ნაზღაიძე არ იღებდა და მხარეს ავალებდა ცნობების წარმოდგენას.
ამასთან, მოსამართლე ნაზღაიძე ახლო ურთიერთობაში აღმოჩნდა ა. კ-ის ადვოკატ ნ. ც-თან. ხსენებულმა მოსამართლემ მოახერხა პალატის შემადგენლობის გადაბირება, რომლებიც თავდაპირველად არ ეთანხმებოდნენ მის პოზიციას. სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად მოსამართლეებთან ერთად სათათბირო ოთახში შესული იგი დაბრუნდა დარბაზში და განაცხადა, რომ მოსამართლეები ვერ შეთანხმდნენ, აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები და სჭირდებათ შეჯერება და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო სხვა დროისათვის. ამ გზით მან შეძლო პალატის შემადგენლობაში შესული მოსამართლეების გადაბირება.
სარჩელში ა კ-მა მიუთითა კასატორის საცხოვრებელი სახლის მისამართი თავის ფაქტობრივ ადგილსამყოფელად, კერძოდ: ქ.თბილისი, მე-... მ-ი, ზ/პ-ო 14-ე კორპ. ბინა №54, ხოლო ალტერნატიულ მისამართად მიუთითა კ-ის №6, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ალტერნატიული მისამართი შეეცვალა და სხვა მისამართებზე გაეგზავნა სასამართლო უწყება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული საკონტაქტო ტელეფონებზე მოსამართლის თანაშემწემ არაერთხელ უშედეგოდ სცადა მოპასუხის წარმომადგენლად მითითებულ პირთან დარეკვა, ხოლო სარჩელში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე კი იგი არ ცხოვრობს და კურიერმა სასამართლო უწყება დააბრუნა წარწერით, რომ მოსარჩელე ამ მისამართზე არ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, რატომ იყო სასამართლო ვალდებული, აუცილებლად ერთსა და იმავე მისამართზე ორჯერ გაეგზავნა სასამართლო გზავნილი, როცა სარჩელში მითითებულია მოსარჩელის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და ალტერნატიული მისამართი და სასამართლომ ორივე მისამართზე გააგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ მოსარჩელეს იგი არ ჩაბარდა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე უწყება ითვლება ჩაბარებულად, ხოლო ის ფაქტი, ვინ წარმოადგენდა მოსარჩელეს სასამართლოსთვის უცნობია, ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მარწმუნებელია ნ. ც-ი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე კ-ი არის ნ. ც-ის დამცველი ადვოკატი, რასაც საკასაციო სასამართლომ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარმოებები და არ დაადგინა, ვინ არის მოსარჩელის მარწმუნებელი, ვისაც უნდა ჩაჰბარებოდა სასამართლო გზავნილი, არ დაადგინა, იყო თუ არა ნ. ც-ი უფლებამოსილი პირი, რათა სასამართლო უწყება მისთვის გაეგზავნა და ნ. ც-ისათვის უწყების ჩაბარებისას ჩაითვლებოდა თუ არა, რომ სასამართლომ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დანაწესი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ც-ს სარჩელის აღძვრისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში არ გააჩნდა მოსარჩელე ა. კ-ისაგან მინიჭებული მინდობილობა. დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს ნ. ც-ი იმყოფებოდა დარბაზში და ეს თავად დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რასაც საკასაციო სასამართლომ უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, მით უმეტეს, როცა საკასაციო სასამართლოს არა ერთი ანალოგიური საქმე აქვს განხილული და მიღებული აქვს გასაჩივრებული განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიკერძოებით განიხილა დავა მოსამართლემ ნატალია ნაზღაიძესა და ადვოკატ ც-ს შორის ახლობლური დამოკიდებულების არსებობის გამო.
ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარდგენილ საკასაციო პრეტენზიაში კასატორმა აღნიშნა, რომ 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ ალტერნატიულ მისამართად მისი მარწმუნებლის ნ. ც-ის მისამართი დაასახელა, რაც არ არის სწორი.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის ძირითადი ფაქტობრივი მისამართია თბილისი მე-... მ-ი, ზ/პ-ო, 14-ე კორპუსის, ბინა 54 მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამ მისამართზე სარჩელის აღძვრის მომენტში არ ცხოვრობდა და არც არასოდეს არ უცხოვრია.
სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და განჩინებაში მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არსებობდა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და რადგან მოსარჩელეს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად და მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს სარჩელში ერთი და იგივე მისამართი, გაურკვეველია რატომ არ შეიძლება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთი და იმავე მისამართზე ცხოვრობდეს.
სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარშიც მოსარჩელე ა. კ-ი და უკვე მისი ადვოკატი ნ. ც-ი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ისევ და ისევ მიეთითებდნენ ქ.თბილისის მე-... მ-ის ზ/პ-ს 14-ე კორპუსის 54 ბინაზე მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასამართლო უწყება უნდა გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზე, რასაც ეწინააღმდეგება სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართი. საქმეს ერთვის სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია, რომ სადავო ბინაში ა. გ-ი და მისი ცოლ-შვილი რეგისტრირებული არ არიან და ისინი მოიხსნენ რეგისტრაციიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. კ-ას მიერ 2014 წლის 2 მაისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2014 წლის 19 მაისს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 33,33 ლარის, სულ 333,33 ლარის 70% – 233,331 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. გ-ს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. კ-ას მიერ 2014 წლის 2 მაისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2014 წლის 19 მაისს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 33,33 ლარის, სულ 333,33 ლარის 70% – 233,331 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე