Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-383-360-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – სს „ქ. ქ-ა“, შპს „დ. ი-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. ტ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ტ. ტ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ. ქ-ისა“ და შპს „დ. ი-ის“ მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ტ. ტ-ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ერთი კომპლექტი კომბინირებული სპრედერი (20 და 40 ფუტიანი), ერთი ცალი ელექტროტელფერი და საკაბელო დოლის კაბელის ფენილის მილები გათავისუფლდა ყადაღისაგან შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 11 თებერვალს შპს „ჯ. ტ-მა“ გამოაცხადა ტენდერი ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის შესყიდვის შესახებ თანმდევი სამონტაჟო მომსახურებით.

გამოცხადებული ტენდერით შესყიდვის ობიექტი იყო „არანაკლებ 50ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის, საკაბელო დოლით და კომბინირებული სპრედერით შესყიდვა მონტაჟი. სავარაუდო ღირებულებას კი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 296 000 ლარი.

შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი”) და შპს „დ. ი-ს“ შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმდა საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულებით შპს „ჯ. ტ-მა“ შპს „დ ი-ისაგან“ შეიძინა 50 ტონა ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწე.

მითითებული ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ქმნიან მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება, ფასების ცხრილი, სპეციალური პირობები და 50ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის ტექნიკური მახასიათებლები, ტექნიკური დავალება, შპს „ს. რ-ის“ სატენდერო კომისიის სხდომოს ოქმი, ხელშეკრულების საერთო პირობები, ხელშეკრულების სპეციალური პირობები, სს „თ. ბ-ის“ მიერ 2012 წლის 22 მარტს გაცემული ხელშეკრულების შესრულების №2109796 - 2098155 საგარანტიო უზრუნველყოფა და 2012 წლის 26 მარტის ცვლილება.

შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს“ შორის, 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, პროდუქციის მიმღებია შპს „ჯ. ტ-ი“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“).

ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტში მხარეებმა გააკეთეს დათქმა იმის თაობაზე, რომ ამწე უნდა იყოს მთლიანად დაკომპლექტებული, მუშა მდგომარეობაში, მისი ყველა მექანიზმი უნდა იყოს გაპოხილ-შეზეთილი.

2012 წლის 22 მარტს სს „თ. ბ-მა გააფორმა საბანკო გარანტია №2109796 – 2098155, სადაც პრინციპალს წარმოადგენს შპს „დ. ი-ი“, ხოლო ბენეფიციარს შპს „ჯ. ტ-ი“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“).

გარანტიის გაცემის საფუძვლად მითითებულია „ბენეფიციარსა“ და „პრინციპალს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს არანაკლებ 50ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის, საკაბელო დოლით და კომბინირებული საპრედერით შესყიდვა - მონტაჟს.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბანკო გარანტია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც „ბენეფიციარსა“ და „პრინციპალს“ შორის გაფორმდება ხელშეკრულება არანაკლებ 50ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის, საკაბელო დოლით და კომბინირებული სპრედერით შესყიდვა-მონტაჟის თაობაზე.

შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს“ შორის, 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, სს „თ. ბ-ის“ მიერ 2012 წლის 22 მარტს გაცემული ხელშეკრულების შესრულების №2109796 – 2098155 საგარანტიო უზრუნველყოფა და 2012 წლის 26 მარტის ცვლილება ქმნიან საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

შპს „დ. ი-ის“ დირექტორმა – დ.ც-მა შეადგინა შპს „ჯ. ტ-ისათვის“ 50 ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის ტექნიკური მახასიათებლები.

აღნიშნულ დოკუმენტში სხვა მახასიათებლებთან ერთად, მე-17 პუნქტად აღნიშნულია კომბინირებული სპრედერი (კონტეინერების სატაცი მოწყობილობა) 20 და 40 ფუტიანი კონტეინერებისათვის, ჰიდროსაბიძგებლით, ჩამკეტ-გამხსნელი მექანიზმით. ხმოვანი მანათობელი სასიგნალო მოწყობილობით – 1 ცალი. ხოლო მე-20 ნომრად კი მითითებულია ელკვების საკაბელო დოლი – 1 ცალი.

შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს“ შორის, 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, 50ტ. ტვირთამწეობის ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის ტექნიკური მახასიათებლები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ქმნიან საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

საქმეში წარმოდგენილი შპს „დ. ი-ის“ დირექტორ დ.ც-ის მიერ ხელმოწერილი ფასების ცხრილში მითითებულია საქონლის ძირითადი მახასიათებლები. ჩამონათვალში კი დაფიქსირებულია: ხარიხა (ჯოჯგინა) ამწე; ხარიხა (ჯოჯგინა) ამწის მონტაჟი; კომბინირებული სპრედერი; ელექტრო ტელფერი; ამწის ქვეშა ლიანდაგის დამიწების კონტური; საკაბელო დოლის კაბელისთავის ფენილის მოწყობა.

შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს“ შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, ფასების ცხრილი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ქმნიან საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მოძრავი ნივთები შემსყიდველის – შპს „ტ. ტ-ის“ მფლობელობაშია.

2012 წლის 2 მარტს შემსყიდველის მოთხოვნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებდა შესყიდვის ობიექტი სატენდერო პირობებს, ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნაში აღწერილია შესყიდვის ობიექტი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია სადავო მოძრავი ნივთებიც, კერძოდ: კომბინირებული სპრედერი, და ელკავების საკაბელო დოლი - 1 ცალი.

2012 წლის 4 აპრილს ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდა ქ.ფოთში სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული K-651 ტიპის ხარიხა ამწის საბაზრო ღირებულება. ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ ქ.ფოთში სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული K-651 ტიპის ხარიხა ამწის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 220 000 ლარს.

2012 წლის 10 ივლისს, მოდავე მხარეთა შორის, შპს „ჯ. ტ-სა“ (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს“ შორის, შედგა საქონლის და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ შეთანხმება, სადაც საქონლის სყიდვის ფასად განისაზღვრა 220 000 ლარი.

2013 წლის 30 იანვარს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით განცხადებით მიმართა სს „ქ. ქ-ამ“ და მოითხოვა შპს „დ. ი-ისათვის“ მის სასარგებლოდ 42990 ლარის გადახდა.

2013 წლის 31 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც შპს „დ. ი-ს“, სს „ქ. ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 42 990 ლარის გადახდა.

შპს „დ. ი-მა“ სს „ქ. ქ-ას“ არ გადაუხადა დაკისრებული თანხა, რის გამოც შპს „დ. ი-ის“ მიმართ დაიწყო იძულებით აღსრულება. თანხების ამოღებისა და აღსრულების განხორციელების მიზნით აღმასრულებელმა შპს „ტ. ტ-ის“ ტერმინალში აღწერა და დააყადაღა ერთი კომპლექტი კომბინირებული სპრედერი (20 და 40 ფუტიანი), ერთი ცალი ელექტროტელფერი და საკაბელო დოლის კაბელის ფენილის მილები.

საქმეში განთავსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 20 თებერვლის ოქმში მითითებული და დაყადაღებული მოძრავი ქონების: კომბინირებული სპრედერი (20 და 40 ფუტიანი) 1 კომპლექტი; 1 ცალი ელექტროტელფერი და საკაბელო დოლის კაბელის ფენილის მილების მესაკუთრე, შპს „ჯ. ტ-სა” (იგივე შპს „ტ. ტ-ი“) და შპს „დ. ი-ს” შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, არის შპს „ტ. ტ-ი“, შესაბამისად სხვისი ვალდებულების გამო, არასწორად იქნა დაყადაღებული შპს „ტ. ტ-ის“ მოძრავი ქონება.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო დაყადაღებული ნივთები, ისევე, როგორც ამწე, ჯოჯგინა, ასევე კომბინირებული სპრედერი, ელექტროტელფერი და საკაბელო დოლის კაბელის ფენილის მილები ერთ წელზე მეტია მოპასუხის მფლობელობაშია და განთავსებულია მისსავე სამუშაო ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-40 მუხლით, და საქმის მასალებით, უპირველესად კი, თავად მხარეთა შორის შემდგარი 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით (დანართითურთ, რომლებიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს), მოსარჩელის განმარტებით, საგარანტიო საბუთით, ექსპერტთა დასკვნით, დადგენილად მიიჩნია იმ ფაქტობრივი გარემოება, რომ აღწერილი მოძრავი ნივთები არ არის მოვალე შპს „დ. ი-ის“ საკუთრება, არამედ მოსარჩელე შპს „ტ. ტ-ის“ საკუთრებაა.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მფლობელის კეთილსინდისიერება და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მესაკუთრედ ჩაითვალოს.

სასამართლოს მითითებით, მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელია მოსარჩელე შპს „ტ. ტ-ი“.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „დ. ი-სა“ და სს „ქ. ქ-ას“ უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მისი არაუფლებამოსილების და ამ სადავო ნივთების შპს „დ. ი-ისათვის“ კუთვნილება, რაც ვერ განხორციელდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ტ. ტ-ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ქ. ქ-ას“ და შპს „დ. ი-მა“ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას.

სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებით იმპერატიულად განსაზღვრული არ არის თუ რა ქონება გადასცა ერთმა მხარემ მეორეს.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2012 წლის 10 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დროს შემსრულებელ შპს „დ. ი-ს“ სადავო კომბინირებული სპრედერი შეძენილი არ ჰქონდა და იგი სს „ქ. ქ-ისაგან“ მხოლოდ 2012 წლის 12 სექტემბერს შეიძინა. ანალოგიურად მოხდა სხვა სადავო ქონების შეძენაც. შესაბამისად, სადავო ქონების ერთადერთი კანონიერი მესაკუთრეა შპს „დ. ი-ი“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით სს „ქ. ქ-ისა“ და შპს „დ. ი-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ქ. ქ-ისა“ და შპს „დ. ი-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ქ. ქ-ასა“ და შპს „დ. ი-ს“ უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით „ქ. ქ-ის“ მიერ 2014 წლის 14 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2014 წლის 29 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1540 ლარის, სულ – 1840 ლარის 70% – 1288 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ქ. ქ-ისა“ და შპს „დ. ი-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ქ. ქ-ასა“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) და შპს „დ. ი-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით „ქ. ქ-ის“ მიერ 2014 წლის 14 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2014 წლის 29 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1540 ლარის, სულ – 1840 ლარის 70% – 1288 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე