№ას-409-386-2014 11 ივლისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ა-მა მოპასუხე ა. ა-ის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნები:
1. 2009 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, ი. ს. ძე ა-ის სამკვიდრო ქონების – თბილისში, გ ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინის 3/8 წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა;
2. 2001 წლის 25 ნოემბერს გარდაცვლილი ძმის, გ. ს. ძე ა-ის სამკვიდრო ქონების – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინის 2/8 წილზე რ. ა-ის მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნულ ნაწილში ნოტარიუს ხ.შ-ის მიერ 2011 წლის 24 ივნისს ი. ს. ძე ა-ისა და გ. ი. ძე ა-ის სამკვიდრო ქონებაზე . ა-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;
3. მოსარჩელისათვის თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16-ში მდებარე შემდეგი ნივთების გადაცემა: 1. სამეული (შავი ფერის, თანაბარი ზომის ხის 3 სავარძელი და 1 მრგვალი მაგიდა, 330 ლარის ღირებულების); 2. 1 ცალი ჭაღი (4-სანთლიანი, 100 ლარის ღირებულების); 3. 30კვ.მ კაფელი (60 ლარის ღირებულების); 4. ჩეხური ჩაის სერვიზი (4 სულზე, 80 ლარის ღირებულების);
4. ა. ა-ისათვის ორი წლის განმავლობაში სამკვიდრო ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან, კერძოდ, 6000 ლარიდან 5/8 ნაწილის, ანუ 3750 ლარის დაკისრება რ. ა-ის სასარგებლოდ;
5. ა. ა-ისათვის მამკვიდრებლების – გ. ი. ძე ა-ისა და ი. ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯებიდან 4442 ლარიდან მისი კუთვნილი 3/8 წილის შესაბამისი თანხის, 1665 ლარის დაკისრება, მოსარჩელის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. მოსარჩელე ცნობილ იქნა 2009 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, ი. ს. ძე ა-ის სამკვიდრო ქონების – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინის 3/8 წილის მესაკუთრედ;
2. რ. ა-ი ცნობილ იქნა, აგრეთვე, 2001 წლის 25 ნოემბერს გარდაცვლილი ძმის, გ. ს. ძე ა-ის სამკვიდრო ქონების – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინის 2/8 წილის მესაკუთრედ;
3. ზემოაღნიშნულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ხ.შ-ის მიერ 2011 წლის 24 ივნისს ი. ს. ძე ა-ისა და გ. ი. ძე ა-ის სამკვიდრო ქონებაზე ა. ა-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;
4. საბოლოოდ, თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინაზე (რომელიც დღევანდელი მდგომარეობით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ¼ გ. ა-ის, ¼ ი. ა-ის, ½ ა. ა-ის სახელზე) წილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
5/8 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა რ. ა-ი და 3/8 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ა. ა-ი;
5. ა. ა-ს დაევალა რ. ა-ისათვის გადაეცა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინაში მდებარე შემდეგი მოძრავი ნივთები:
1. სამეული (შავი ფერის, თანაბარი ზომის ხის 3 სავარძელი და 1 მრგვალი მაგიდა, 330 ლარის ღირებულების); 2. 1 ცალი ჭაღი (4-სანთლიანი, 100 ლარის ღრირებულების); 3. 30კვ.მ კაფელი (60 ლარის ღირებულების); 4. ჩეხური ჩაის სერვიზი (4 სულზე, 80 ლარის ღირებულების);
6. რ. ა-ის სარჩელი ა. ა-ისათვის სამკვიდრო ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
7. ა. ა-ს რ ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა გ. ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯის – 110 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. ა-ის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სამეული (შავი ფერის, თანაბარი ზომის ხის სამი სავარძელი და ერთი მრგვალი მაგიდა, 330 ლარის ღირებულების); 2. 1 ცალი ჭაღი 4 სანთლიანი, 100 ლარის ღირებულების; 3. კაფელი 30კვ.მ, 60 ლარის ღირებულების; 4. ჩეხური ჩაის სერვიზი 4 სულზე, 80 ლარის ღირებულების, რომელიც მდებარეობდა სადავო სამკვიდრო ქონებაში – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინაში (საკადასტრო კოდი: ...........);
მოსარჩელე რ. ა-მა გაწია მამკვიდრებლის, გ. ი. ძე ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯები.
რ. ა-ის მიერ წარდგენილი სარჩელის აღძვრამდე, ორი წლის განმავლობაში, სამკვიდრო ქონებაში – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსის №16 ბინაში ცხოვრობდა რ. ბ-ი, იგი იყო ამ მისამართზე მცხოვრები მეზობელი, რომელმაც ვალების გამო გაყიდა საკუთარი ბინა და აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ა. ა-ას თანხმობით.
2001 წლის 25 ოქტომბერს, ი. ა-მა შეადგინა ანდერძი, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება – თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსში მდებარე №16 ბინა უანდერძა შვილს – რ. ა-ს.
ი. ა-ი გარდაიცვალა 2001 წლის 29 ოქტომბერს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები: რ. ა-ი, გ. ა-ი, ა. ა-ი.
გ. ა-ი გარდაიცვალა 2001 წლის 25 ნოემბერს. მას კანონით პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია.
ი. ა-ის და გ. ა-ის საკუთრებას თანაბარ წილში წარმოადგენდა თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსში მდებარე №16 ბინა.
ნოტარიუს ხ.შ-ის მიერ 2011 წლის 24 ივნისს (რეგისტრაციის №110644959) ი. ს. ძე ა-ის და გ. ი. ძე ა-ის სამკვიდრო ქონებაზე ა. ა-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა. ა-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ი. და გ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნახევრის მესაკუთრედ.
რ. ა-ს ი. და გ. ა-ის სამკვიდრო მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით, სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით.
ი. და გ. ა-ის საფლავის მოწყობის საბაზრო ღირებულებაა 80900 რუბლი.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ა. ა-ისათვის სამკვიდრო ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლის დაკისრებაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელი ა. ა-ისათვის ი. ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეემოწმებინა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით,სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად კი, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი; სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს, მიიღოს მოწმობა დანარჩენ ნაწილზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სადავო სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებები უნდა შევიდეს მოსარჩელის წილის გათვალისწინებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტმა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას სარჩელის მოთხოვნები სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში ცნო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხებოდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ა. ა-ს რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა გ. ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.
ზემომიმითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრეები ვალდებული არიან მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად დაფარონ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები, რომელშიც მოიაზრება, ასევე, საფლავის მოწყობის ხარჯების გონივრული ოდენობა. მოცემულ შემთხევაში, აპელანტს, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ა-ის საფლავის მოწყობის ხარჯი გაწია რ. ა-მა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი). აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე აპელანტს არ მიუთითებია არც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილ დასკვნაში (საფლავის მოწყობის ხარჯების შესახებ) მითითებული თანხის ნახევარი სწორად დაეკისრა ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მოსარჩელის თბილისში, გ. ხ-ის მე-10 კორპუსში მდებარე №16 ბინის ½-ის თანამესაკუთრედ ცნობა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანდერძი შეიცავდა ბათილობის საფუძვლებს და ეს დოკუმენტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო უფლების წარმოშობის საფუძველი. სასამართლოს არ დაუდგენია ის გარემოება, იყო თუ არა ი. ა-ი ქმედუნარიანი ნების გამოვლენისას და თავისი ქონების ანდერძით რ ა-ისათვის ანდერძით გადაცემისას. ანდერძზე გაყალბებულია ი. ა-ის ხელმოწერა, იგი განსხვავდება სხვა დოკუმენტებზე არსებული მისი ხელმოწერისგან. ანდერძი არ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას, ვინაიდან მითითებული არ არის ი. ა-ისა და რ. ა-ის პირადი ნომრები. ამდენად, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ანდერძზე და სამკვიდრო ქონება თანაბარ წილში უნდა გაენაწილებინა კანონით მემკვიდრეებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარი) 70% – 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. ა-ს (პირადი ნომერი – ...............) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარი, საგადახდო დავალება №12, გადახდის თარიღი – 2014 წლის 6 მაისი) 70% – 700 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე