Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-438-415-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ., ე. და ნ-ო ჩ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ., ე. და ნ-ო ჩ-ების მიმართ 2011 წლის 12 აპრილის მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 23 000 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე თანხის უზრუნველყოფის მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე უძრავი ქონება, 2501.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 254.24 კვადრატულ მეტრი შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი №......) იძულებითი რეალიზაციის გზით, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 623-ე მუხლით და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი, აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 12 აპრილს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების თანახმად, გ. შ-მ (მოსარჩელემ) მოპასუხე მხარეს (მოვალეს) ასესხა 23 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით თვეში 5%-ის სარგებლით. მოპასუხეთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე 23000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე წარმოიშვა მათ შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან.

პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება, – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან, მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, მე-4 მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს მოვალეთათვის 23000 აშშ დოლარის გადაცემა. მოპასუხე მხარემ სადავო გარემოების ძირითადი ვალის დაბრუნების დასადასტურებლად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები – სალაროს შემოსავლის ორდერები. მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ სალაროს შემოსავლის ორდერებით ვალის გასტუმრების ფაქტი არ დასტურდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სალაროს შემოსავლის ორდერებით თანხის შემტანი ფიზიკური პირები და თანხის მიმღები მ. შ-ე არ წარმოადგენენ 2011 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულების მხარეებს და არც საქმის მასალებით არ დგინდება აღნიშნული გადარიცხვებით სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული სალაროს შემოსავლის ორდერები არ წარმოადგენენ 2011 წლის 12 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალის გასტუმრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებს. შესაბამისად, აპელანტის მსჯელობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის – 6377 ლარის გასტუმრების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 427-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ფულადი ვალდებულება და შესრულების ვადა დადგენილია 2011 წლის 12 აპრილის „სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულებით. მოპასუხე მხარემ, რაიმე სახის მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ძირითადი თანხის ნაწილის – 20000 აშშ დოლარის გადახდა. ამდენად, მისი მხრიდან ვალდებულება დარღვეულია. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხეს მოსთხოვოს სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხის ნაწილის – 20000 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაციის თაობაზე და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ., ე. და ნ-ო ჩ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაუშვა რიგი უხეში საპროცესო დარღვევები, რასაც შედეგად საქმეზე აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ მოპასუხეების მიერ წარდგენილი შესაგებლის საქმეში არსებულ ეგზემპლარს არ ერთვოდა მოსარჩელისათვის თანხების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ხელნაწერი დოკუმენტი, ანუ ის დოკუმენტები, რაც შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ გრაფაში დანართის სახით იყო მითითებული. თუ სასამართლოს კანცელარიის მიერ შესაგებელი და მისი დანართის არსებობა შესაგებლის რეგისტრაციის დროს გადამოწმდა, გაურკვეველია, რატომ არ აღმოჩნდა საქმეში არსებულ ეგზემპლარზე თანდართული საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ის დოკუმენტები, საიდანაც სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ შესაგებლის წარდგენის დროისათვის მოსარჩელეს მოპასუხეებისაგან მართლაც მიღებული ჰქონდა მთლიანობაში 23530 აშშ დოლარი და 6377 ლარი.

სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას არ დაინტერესდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გაურკვეველ, თუმცა აღიარებითი ხასიათის განმარტებაზე.

სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რას გულისხმობდა მოსარჩელე 2013 წლის 13 ივნისს შეტანილ სარჩელში მითითებულ „ბოლო პერიოდში“, სადამდეც მოპასუხეები თანხებს იხდიდნენ. ასევე, უნდა გარკვეულიყო 2011 წლის 12 აპრილიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში მოსარჩელეს მოპასუხეებისაგან რა ოდენობის თანხები ჰქონდა მიღებული. აღნიშნული საკითხები არ გარკვეულა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გასარკვევად კასატორს მხარეთა მიერ განმარტებების მიცემის შემდგომ შეკითხვის დასმის უფლებაც კი არ მისცა.

მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელს თან დაურთეს მოსარჩელეზე 23500 აშშ დოლარისა და 6377 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ისინი მოულოდნელად არ აღმოჩნდა საქმის მასალებში, მხარე იძულებული გახდა, ეს მტკიცებულებები განმეორებით წარედგინა სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის სხდომაზე პალატამ კასატორის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარე გ. შ-ის მხრიდან თანხების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დააკმაყოფილა და დაურთო საქმის მასალებს, ხოლო შუამდგომლობის განხილვა ამ დოკუმენტზე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გადადო. მითითებული მტკიცებულებებით ერმნიშვნელოვნად დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხეების მხრიდან შესაგებელში აღნიშნული ოდენობით თანხების მიღების ფაქტი.

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდგომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა საქმეზე დართული იმ მტკიცებულების სიყალბისა და საქმიდან ამორიცხვის შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა მისი მარწმუნებლის მიერ თანხის მიღების ფაქტი. საბუთის სიყალბის და საქმიდან ამორიცხვის განცხადებას კასატორი არ დაეთანხმა, რის შემდგომაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დაავალა, ასლის სახით წარდგენილი მტკიცებულების დედნის წარდგენა და ამ მიზნით სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის.

2014 წლის 5 მარტს კასატორმა მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტის დედანი ინახებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე. ჩ-ის, ნ-ო ჩ-ის და ნ-რ ჩ-ის მიერ გ. შ-ის მიმართ ვალდებულების შესრულებულად აღიარების მოთხოვნით წარდგენილ საქმის მასალებში (რომელიც ამჟამად შეჩერებულია). მან იშუამდგომლა დედნის გამოთხოვის შესახებ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ასლის სახით საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებაც ამოღებულ იქნა საქმიდან, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე, 137-ე, 104-ე მუხლის მოთხოვნები.

სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მხარის შუამდგომლობაზე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ბ., ე. და ნ-ო ჩ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ., ე. და ნ-ო ჩ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ., ე. და ნ-ო ჩ-ებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ე. და მ. ჩ-ების მიერ 2014 წლის 12 მაისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 1762,70 ლარის 70% – 1233,89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ., ე. და ნ-ო ჩ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ბ. (პირადი №.....), ე. (პირადი №...) და ნ-ო ჩ-ებს (პირადი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ე. და მ. ჩ-ების მიერ 2014 წლის 12 მაისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 1762,70 ლარის 70% – 1233,89 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე