Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე ას-469-443-2014 1 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. ხ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც-ე, ლ. გ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ც-ისა და ლ. გ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ხ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ჯ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ჯ. ხ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 4 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 549 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით და საქმეში წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ პირადად ჯ. ხ-ას ჩაბარდა.

კასატორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა დაემთხვა არასამუშაო დღეებს, რის გამოც მას ხელი შეეშლა ხარვეზის გამოსწორებაში.

აღნიშნული შუამდგომლობა 2014 წლის 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეს დამატებით მიეცა 4 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, მას განემარტა, რომ საკასაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჯ.ხ-ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 2 ივნისს.

ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 4 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 3 ივნისიდან და ამოიწურა 6 ივნისს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა დამატებით გაუგრძელდა. შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე