¹ბს-703-290(კ-05) 8 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 ოქტომბერს თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩოხატაურის ფილიალის მიმართ და მოითხოვა მამის _ ი. კ-ის პოლიტიკურ მსხვერპლად აღიარება და ამის საფუძველზე მისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების დადგენა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მამამისი 1942წ. 20 მარტს გასამართლდა რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 193-12 მუხლით (სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება თავისთვის რაიმე ვნების მიყენებით ან მოტყუებით) და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. აღნიშნულის შესახებ, მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინფორმაცია არ გააჩნდა.
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აწ გარდაცვლილი ი. კ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შემდგომში მისი შვილის _ თ. ბ-ის სოციალური დაცვის მიზნით.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის სავალდებულო იყო დადგენა პირის მიმართ პოლიტიკური მოტივით რაიმე იძულება თუ მომხდარა. ასევე წარმოდგენილი ცნობიდან არ ჩანდა, რომ ი. კ-ე მსჯავრდებულ იქნა პოლიტიკური მოტივით. ამასთან, ი. კ-ე არ იყო რეაბილიტირებული.
აპელანტის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავდა, თუ რომელი დანაშაულის ჩადენისათვის უნდა ყოფილიყო პირი მსჯავრდებული, რომ იგი აღიარებულიყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ხოლო აღნიშნულ შემთხვევას ზემოაღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და თ. ბარამიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ ი. კ-ეს ბრალად შეერაცხა რსფსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 193-12 მუხლი, ხოლო „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ დანაშაულთა ჩამონათვალში, რომელთა გამო მსჯავრდებაც არის პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსის 193-12 მუხლი არ შედის.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებაში მითითებული საფუძვლებით, მისი გაუქმება და ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა: სიცოცხლის ხელყოფა, მამამისს კი შეეფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.
კასატორის აზრით, ამავე კანონის მე-4 მუხლიც პირდაპირ ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ ი. კალაძისათვის შერაცხული ბრალდება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს დახვრეტა მიესაჯა, არ იყო გათვალისწინებული აღნიშნულ ნორმაში, როგორც პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ ამ საფუძვლით უარის თქმა არასწორია. სააპელაციო სასამართლომ მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების თანახმად, უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ იყო ი. კ-ე მსჯავრდებული ამ ნორმაში აღნიშნული ორგანოების მიერ, რადგან დადებით შემთხვევაში ეს გარემოება პირის რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევის საფუძველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებას იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.