საქმე ას-547-520-2014 1 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ვ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ტ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ტ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ვ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6360,32 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ვ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ზ. ვ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის სახით 318 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.
ზ. ვ-მ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 200 ლარამდე შემცირება ან მისი გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული შუამდგომლობის საფუძვლად კასატორმა მიუთითა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ხსენებული გარემოების დასადასტურებლად მას კვლავ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.
საკასაციო პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით კასატორს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 დღით. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ საკასაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ზ.ვ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 17 ივნისს.
ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 18 ივნისიდან და ამოიწურა 23 ივნისს (22 ივნისი იყო არასამუშაო, კვირა დღე).
აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა დამატებით გაუგრძელდა. შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე