Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-550-522-2014 16 ივლისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს „კ-უ“, ა. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ე. ს. გ-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ბ ე. ს. გ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ: ა) 12925.30 ლარის გადახდა; ბ) 2013 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს გადახდა 14 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შპს „კ-მ“ და ა. ს-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,კ-სა“ და ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ბ. ე. ს. გ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

ა) შპს ,,კ-ს“ დაეკისრა 6869.4 ლარის გადახდა შპს ,,ბ. ე. ს. გ-ას“ სასარგებლოდ;

ბ) შპს ,,კ-ს” დაეკისრა 1890 ლარის გადახდა შპს ,,ბ. ე. ს. გ-ას” სასარგებლოდ;

გ) შპს ,,კ-ს” დაეკისრა 7 (შვიდი) ლარის გადახდა ყოველდღიურად, 2013 წლის 8 ივნისიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

დ) შპს ,,კ-სა” და ა ს-ს დაეკისრათ 565.37 ლარის გადახდა შპს ,,ბ. ე. ს. გ-ას” სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრეს შპს „კ-მ“ და ა. ს-მ. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას 2012 წლის 11 სექტემბრიდან თანხის სრულ გადახდამდე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „კ-სა“ და ა .ს-ს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2014 წლის 24 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.

უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ-სა“ და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „კ-ს“ და ა. ს-ს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 27 ივნისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ა. ც-ს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 113, 114), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორებისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივლისს. ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2014 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ-ს“ და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ-ს“ და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე