Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-55-54-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ. პ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა. ი. ჰ-უ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ბ. პ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა. ი. ჰ-სა და უ. ჰ-ს მიმართ და მოითხოვა საექსპლუატაციო მომსახურების ფაქტის არსებობის აღიარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ. პ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „ბ. პ-ას“ სასარჩელო მოთხოვნაა, აღიარებულ იქნეს აპელანტებთან – ა. ა-თან და ი. ჰ-სთან საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რათა მოთხოვნა სერვისის განხორციელების შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე (მიკუთვნებითი სარჩელი) გამართლებულ იქნეს.

შპს „ბ. პ-ა“ წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს. ის რეგისტრირებულია 2000 წლის ივლისიდან იურიდიულ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჭ-ის ქ. №5.

2011 წლის 24 მაისს შპს „ბ. პ-ასა“ და ი. ჰ-ს და ა. ა-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეები არიან შპს „ბ. პ-ას“ კომპლექსში მესამე სართულზე ა-დ მე-10 და მე-11 ღერძებს შორის განთავსებული უძრავი ქონების – არასაცხოვრებელი ფართის №C2/1/3-1 100 კვ.მ მესაკუთრეები.

მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი თვის ვადაში გაეფორმებინათ საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობის გათვალისწინებით: საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური ღირებულება კომერციული ფართის 1 კვ.მ-ზე შეადგენდა არაუმეტეს 3 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას.

აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი, – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური, ხელშესახები, მიღწევადი და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 50-ე, 69-ე მუხლების, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია ხელშეკრულების საგანი (ანუ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს მენარდემ), ხელშეკრულების შესრულების ვადა, პირობები და ხელშეკრულების ფასი. მოსარჩელის პოზიციით, მისი მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან, რაც პალატამ არ გაიზიარა.

პალატის მითითებით, მხარეები არც ზეპირად და არც წერილობით არ შეთანხმებულან, თუ რა სამუშაო უნდა შეესრულებინა შპს „ბ. პ-ას“, რა სახით უნდა შეესრულებინა მას ეს სამუშაო, რა საზღაური უნდა გადაეხადა ამისთვის აპელანტებს. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულება არ დადებულა.

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თავად მხარეები განსაზღვრავენ მტკიცებულებათა წრეს მოთხოვნის საფუძვლის, თუ მოთხოვნის საპირისპიროს დასადასტურებლად. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე (საექპლუატაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება) და ვერ წარმოადგინა ისინი, ასევე ვერ გააქარწყლა მოპასუხეების მიერ განმარტება იმაზე, რომ მათ მოსარჩელისგან მომსახურება არ მიუღიათ, რის გამოც მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი არ დადგენილა.

ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ ა. ა-ის და ი. ჰ-ს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ. პ-ას“ სარჩელი სახელშეკრულებო ურთიერთობის აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ბ. პ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ბ. პ-ამ“ აღძრა ე.წ. პოზიტიური აღიარებითი სარჩელი, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა საექსპლუატაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე და შესაბამის ანგარიშსწორებაზე, თუმცა დღემდე სარგებლობს ამ მომსახურებით.

სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა, რომ აღიარებითი სარჩელი, თავის მხრივ, გულისხმობს უფლების შესახებ დავის არსებობას, ხოლო სასამართლოს მიზანია, დაადგინოს, არსებობს თუ არა სადავო სამართალურთიერთობა.

შპს „ბ. პ-ას“ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის მიერ უკვე გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა და ამისთვის, საჭიროების შემთხვევაში მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ თავად მიუთითა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა სწორედ აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება აპელანტის მხოლოდ ვერბალურ უარყოფას საექსპლუატაციო სერვისის არარსებობის შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ორივე ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ ახსნა-განმარტებით ამტკიცებდა არა საექსპლუატაციო სერვისის (მომსახურების) არარსებობას, არამედ მის ხარვეზიანობას, რაც წინამდებარე საქმის განხილვის საგანი არ ყოფილა. იმის გამო, რომ მოპასუხე აღიარებდა საექსპლუატაციო სერვისის არსებობას კომპლექსში, კასატორმა სამი მოწმიდან ორი მოხსნა და მხოლოდ ერთი დაიკითხა.

კასატორმა სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა პირველი და მეორე ინსტანიის სასამართლოს სხდომის ოქმები. საქმეში არ მოიპოვება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის სხდომის ოქმი, სადაც, მხარის აღიარების გამო, კასატორმა ორი მოწმე მოხსნა დაკითხვიდან. აღნიშნულ აღიარებაზე მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც, აღნიშნულს სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია. ასევე, ხარვეზი აქვს და საერთოდ არ ისმინება 2013 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმის ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თუმცა, კომპლექსში „ბ. პ-ა“ არსებობს საექსპლუატაციო სერვისი და მოწინააღმდეგე მხარე, ასევე მისი თანამშრომლები და სტუმრები სარგებლობენ მოცემული მომსახურებით. შესაბამისად, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც ცალსახად დასტურდება საექსპლუატაციო სერვისის გაწევა შპს „ბ. პ-ას“ მიერ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი მიღება.

ყოველი თანამესაკუთრე შპს „ბ. პ-ას“ მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, გაწეული საექსპლუატაციო მომსახურებისათვის იხდის მის ღირებულებას.

სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 24 მაისის №C2/1/3-1 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი თვის ვადაში (2011 წლის 24 ივლისისთვის) გაეფორმებინათ საექსპლუატიაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ამავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

მოწინააღმდეგე მხარე 2013 წლის 7 ივლისის წერილითაც ადასტურებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, გაეფორმებინა საექსპლუატაციო მომსახურების ხელშეკრულება. სასამართლომ აღნიშნული ფაქტი უგულებელყო, რის გამოც სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

სააპელაციო პალატამ დაარღვია მის მიერვე გადაწყვეტილებაში მითითებული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძვლები. შპს „ბ. პ-ა“ საკუთარი ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით (მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებით), წერილობითი მტკიცებულებებით (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ინვოისები, წერილები, კრებსითი დანახარჯები და სხვ.), ექსპერტის დასკვნითა და მოწინააღმდეგე მხარის აღიარებით ცალსახად ამტკიცებდა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. სასამართლომ კი, უპირატესი მტკიცებულების ძალა მიანიჭა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას იმაზე, რომ მოსარჩელისგან მომსახურება არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით შპს „ბ. პ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ბ. პ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ბ. პ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ბ. პ-ასა“ და ა. მ-ის მიერ 2014 წლის 9 იანვარს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ. პ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ბ. პ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ბ. პ-ასა“ და ა. მ-ის მიერ 2014 წლის 9 იანვარს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე