Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-571-542-2014 1 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. დ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სავალდებულო წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ას მიმართ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ო. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 4 თებერვალს ნ. დ-ას მიერ გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ო. დ-ა ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ბ-ის ქ.№11-ში მდებარე გ. დ-ას სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის ¼-ის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გ. დ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა გ. დ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დავის საგნის – სადავო სამკვიდრო ქონების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნა) და მისი ღირებულებიდან სადავო ¼ ნაწილის 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 16 ივნისს ჩაბარდა პირადად გ. დ-ას. შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 17 ივნისიდან და ამოიწურა 23 ივნისს.

2014 წლის 20 ივნისს გ. დ-ამ წარადგინა 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა, რომ ხარვეზი ჩაეთვალოს გამოსწორებულად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მხარეს სრულად არ შეუვსია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორს ევალებოდა სადავო ქონების ღირებულების შეფასება და მხოლოდ აღნიშნული შეფასებიდან გამომდინარე დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდა, რაც მას არ განუხორციელებია და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება მხარეს არ მოუთხოვია.

აღსანიშნავია, რომ სადავო ქონების შეფასება ხარვეზის სახით დაევალა მოწინააღმდეგე მხარესაც, რომელმაც წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომ ქ.ბათუმში, ბ-ის ქ.№11-ში მდებარე 103,485 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულებაა 91000 ლარი. გ. დ-ა საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის ო. დ-ასათვის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ბ-ის ქ.№11-ში მდებარე მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ¼-ის მიკუთვნებას, შესაბამისად, გ.დ-ას საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 91000 ლარის ¼=22750 ლარი და კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 22750 ლარის 5% – 1137,5 ლარი, ნაცვლად მის მიერ გადახდილი 300 ლარისა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მან არ შეასრულა.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გ. დ-ას ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. კანონის მითითებული დანაწესი მოქმედებს საკასაციო საჩივარზეც, რადგან ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე