საქმე №ას-589-557-2014 1 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჟ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ფ-ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი, დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჟ. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ჟ. კ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 445 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
კასატორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით ჟ. კ-ს ხარვეზის შევსების ვადა 4 დღით გაუგრძელდა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 20 ივნისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ დ. მ-ს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 21 ივნისიდან და ამოიწურა 24 ივნისს. ამ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
რაც შეეხება 2014 წლის 24 ივნისს ჟ. კ-ის წარმომადგენელ ო. კ-ის შუამდგომლობას საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა მხარის წინამდებარე შუამდგომლობის იდენტურია (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა), მითითებული მიზეზით სასამართლომ ერთხელ უკვე უშედეგოდ გაუგრძელა კასატორს საპროცესო ვადა და მისი კვლავ გაგრძელების სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.
ნიშანდობლივია, რომ საპროცესო ვადის გაგრძელება არ უნდა ემსახურებოდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის დარღვევას, არამედ მიმართული უნდა იყოს მხარისათვის საპროცესო მოქმედების გონივრული პირობების შექმნისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა დამატებით გაუგრძელდა. შესაბამისად, კასატორს სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ამდენად, ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე