¹ბს-703-609-კ-04 3 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ლ-ომ» ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეებისვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისაგან დღგ-ის თანხის ჩათვლის აღდგენა მოითხოვა.
მოსაჩრელემ აღნიშნა, რომ შპს «ლ-ო» გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იყო ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციაში. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შეტყობინებით გაუქმებული იქნა მის მიერ გადახდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხის ჩათვლა. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო დეპარტამენტის 29.11.01წ. ¹1-11/6521 წერილით გაუქმდა დღგ-ის ჩათვლები ანგარიშ-ფაქტურებზე: სერია _ აა68 ¹00629 _ 4458 ლარი, აა68-¹000927 _ 1399 ლარი, აა 68 ¹000929 _ 5285.2 ლარი, აა68 ¹000629 _ 4458 ლარი, აა03 ¹085651 _ 8755.2 ლარი, აა03 ¹078982 _ 7603.2 ლარი, აა03 ¹078983 _ 7603.2 ლარი, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტის 25.12.01წ. ¹1-11/6945 წერილის საფუძველზე გაუქმებული იქნა დღგ-ს ჩათვლები ანგარიშ-ფაქტურებზე: სერია აა39 ¹000794 _ 12902 ლარი, აა39 ¹000799 _ 2150.4 ლარი, აა39 ¹000800 _ 2009.6 ლარი. აა39 ¹000796 _ 9226,4 ლარი, აა39 ¹000795 _ 12902 ლარი. საგადასახადო დეპარტამენტის 18.01.02წ. ¹1-11/241 წერილის საფუძველზე გაუქმებულ იქნა დღგ-ს ჩათვლები ანგარიშ-ფაქტურებზე: აა39 ¹162439 _ 2459.3 ლარი, აა06 ¹017739 _ 9000.5 ლარი, აა60 ¹021602 _ 4998.5 ლარი, აა65 ¹003959 _ 6811.2 ლარი, აა65 ¹003960 _ 6811.2 ლარი, აა65 ¹003961 _ 6811.2 ლარი, აა65 ¹003962 _ 3268 ლარი. საგადასახადო დეპარტამენტის 15.03.02წ. ¹1-11/1469 წერილის საფუძველზე გაუქმებულ იქნა დღგ-ს ჩათვლები ანგარიშ-ფაქტურებზე: სერია აა06 ¹045602 _ 1539.24 ლარი, აა06 ¹038582 _ 1903.8 ლარი, აა06 ¹363913 _ 3676.4 ლარი. სულ გაუქმებულ იქნა 21 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ჩათვლილი დღგ-ს თანხა საერთო თანხით 122687.84 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს «ლ-ოს» ყველა მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გადახდილი ჰქონდა დღგ-ს გადასახადი და აქედან გამომდინარე თვლის, რომ გადასახადის გადამხდელს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ წარმოადგენს მისი კონტროლის საგანს. საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადასახადების გამოანგარიშების სისწორესა და დროულად გადახდაზე, ისევე როგორც გადასახადების ადმინისტრირებისა და მოკრების ყველა ასპექტზე, კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ შპს «ლ-გან» მიღებული თანხებიდან მიმწოდებლებს დღგ-ის თანხები გადახდილი არ აქვთ. მოპასუხეების განმარტებით, შპს «ლ-ოს» დღგ-ის ჩათვლები საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შეუჩერდა, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები გადაიხადოს ბიუჯეტში.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.07.02წ. გადაწყვეტილებით შპს «ლ-ოს» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 29.11.01წ. ¹1-11/6521, 18.12.01წ. ¹1-11/6852, 25.12.01წ ¹1-11/6945, 18.01.02წ. ¹1-11/241 და 15.03.02წ. ¹1-11/1469 წერილები (შეტყობინებები) და შპს «ლ-ოს» დღგ-ს თანხა _ 122687.84 ლარი გადახდილად ჩაეთვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს «ლ-თვის» ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს თანხის _ 122687.84 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 28.07.03წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ინდ. მეწარმე «რ. მ-ე», შპს «ლ-ა», ინდ. საწარმო «გ. ლ-ა», შპს «G», ინდ. საწარმო «ლ. კ-ე», შპს «მ-ი» და შპს «ნ-ა».
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.02.04წ. გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.07.02წ. გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს «ლ-ოს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილია წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, ან გადახდილია საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, ხოლო, ამავე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. ვინაიდან იმ მეწარმეებს, რომელთაგანაც შპს «ლ-ოს” შეძენილი ჰქონდა პროდუქცია, მის მიერ გადახდილი დღგ-ს თანხა ბიუჯეტში არ ჰქონდათ შეტანილი, შპს «ლ-ოს” დღს-ს სადავო თანხა გადახდილად არ უნდა ჩათვლოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართებულად განხორციელდა სადავო დღგ-ს თანხის ჩათვლის გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის 29.11.01წ. ¹1-11/6521, 18.12.01წ. ¹1-11/6852. 25.12.01წ. ¹1-11/6945, 18.01.02წ. ¹1-11/241 და 15.03.02წ. ¹1-11/1469 წერილები (შეტყობინებები) საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «ლ-ომ» საკასაციო წესით გაასაჩივრა, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს «ლ-თვის» არ იყო ცნობილი სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დღე და საათი, პროცესი მის გარეშე ჩატარდა, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკსაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. კასატორის აზრით, უკანონოა მის მიერ გადახდილი დღგ-ს თანხის ჩათვლაზე სასამართლოს უარი. გამყიდველის მიერ თანხის არ შეტანაში თანხის გადამხდელს პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს, საგადასახადო კანონმდებლობაში დაშვებულია ლაფსუსი, 1997წ. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა, რითაც დაშვებულია შესაძლებლობა ერთხელ უკვე გადახდილი თანხა ხელმეორედ იქნეს გადახდევინებული, რაც ძარცვის ტოლფასია. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოგვიანებით წარმოდგენილი იქნებოდა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ წარმოადგინა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატასაქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ლ-ოს» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი კანონით დადგენილი წესით პროცესზე მოწვეული არ ყოფილა. საქმის მასალებით დასტურდება, რომპროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო სხდომების შესახებ ეცნობა შპს «ლ-ოს” წარმომადგენელს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ დაესწრო 17.03.03წ., 30.06.03წ., 28.07.03წ., სხდომებს. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყებები შპს «ლ-ოს” არ ბარდებოდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მის მიერ მითითებულ მისამართიდან სასამართლოსთვის უცნობ მისამართზე იყო გადასული. სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ლ-ო” სასამართლოს მიერ სხდომაზე მოწვეული იყო სსკ-ისნორმების შესაბამისად და არ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ლ-ოს” პროდუქციის მიმწოდებლებისთვის გადახდილი დღგ-ს თანხის ჩათვლა უკანონოდ გაუქმდა. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომსაგადასახადო დეპარტამენტის 29.11.01წ. ¹1-11/6521, 18.12.01წ. ¹1-11/6852, 25.12.01წ. ¹1-11/6945, 18.01.02წ. ¹1-11/241 და 15.03.02წ. ¹1-11/1469 შეტყობინებებით შპს «ლ-ოს” მის მიერ წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ს ჩათვლები იმ საფუძვლით გაუუქმდა, რომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტში დღგ-ს გადახდაზე ვალდებულ პირებს შეტანილი არ ჰქონდათ. საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას დაექემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დღგ-ის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შემდეგ მიეცემა მყიდველს ჩათვლის მოთხოვნის უფლება. განსახილველ შემთხვევაში შპს «ლ-ოს” მიერ საქმეში მესამე პირებად მონაწილე მეწარმე სუბიექტებთან წარმოებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა არ ასახულა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც დღგ-ს ჩათვლის გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება 1997წ. საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის ხარვეზზე. კანონის მითითებული ნორმა ნათლად განსაზღვრავს, რომ დღგ-ს ჩათვლას მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა დაექვემდებარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მითითებული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობა დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.03.05წ. გადაწყვეტილებით,რომლის თანახმადაც, არაპირდაპირი გადასახადის გადახდილად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა, კანონმდებელმა დამატებით აღნიშნა, რომ «დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა”. დღგ-ს ჩათვლა წარმოადგენს შესაბამისი პირის უფლებას, გარკვეული პირობების დადგომის შემდეგ, მიიღოს სახელმწიფოს მხრიდან, მის მიერ გაწეული საფასურის შედეგად დღგ-ით, როგორც გადასახადით გათვალისწინებული თანხის გადახდილად აღიარება. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. მიმწოდებლის მიერ არ შესრულდება მის მიმართ დადგენილი ვალდებულება და არ განხორციელდება დღგ-ს თანხის ბიუჯეტში შეტანა, შესაბამისად ვერ განხორციელდება ე.წ. მიმღების უფლება - ჩაითვალოს დღგ-ის თანხა გადახდილად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს «ლ-ოს” საკასაციო საჩივარში მითითებული დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისიგაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ლ-ოს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.02.04წ. გადაწყვეტილება.
3. შპს «ლ-ოს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200 (ორასი) ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.