საქმე №ას-595-563-2014 3 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ც-ი, თ. ქ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ც-ის, თ. ქ-ისა და გ. ლ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მ. ც-მა და თ. ქ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ც-მა და თ. ქ-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ც-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 30 ივნისს მ. ქ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და უარი თქვა თავის სარჩელზე კასატორთა მიმართ იმ მოტივით, რომ მხარეები მორიგდნენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საქმეზე, – მ. ქ-ის სარჩელის გამო, მ. ც-ის, თ. ქ-ისა და გ. ლ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მ. ქ-ის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა თავის სარჩელზე და დაეთანხმა მოცემულ საქმეზე მ. ც-ისა და თ. ქ-ის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარს. აღნიშნულის მოტივად მხარემ დაასახელა მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ. ქ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორ თ. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 23 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი, ხოლო მ. ც-ს 2014 წლის 23 ივნისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 3172,50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება მ. ქ-ის სარჩელის გამო, მ. ც-ის, თ. ქ-ისა და გ. ლ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) კასატორ თ. ქ-ს (პირადი №....) დაუბრუნდეს 2014 წლის 23 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი, ხოლო მ. ც-ს (პირადი №......) 2014 წლის 23 ივნისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 3172,50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე