№ას-597-565-2014 28 ივლისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა. ჯ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ინდმეწარმე ნ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. მ-მა მოპასუხე შპს „ა. ჯ-ის“ მიმართ.
სარჩელის მოთხოვნები:
1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 36132 აშშ დოლარის დაკისრება;
2. შპს „ა. ჯ-ისაგან“ ნ. მ-ის სასარგებლოდ აუდიტორული კომპანიისათვის გადახდილი 400 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 600 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. მოპასუხე შპს „ა. ჯ-ს“ ინდმეწარმე ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 36132 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
2. გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აუდიტორული კომპანიისათვის გადახდილი 400 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 600 ლარის გადახდა;
3. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ ინდმეწარმე ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1766 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა. ჯ-ს" მოსარჩელის, ინდმეწარმე ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 33100 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ, ინდმეწარმე ნ. მ-მა 2013 წლის 7 მარტს აიღო სააღსრულებო ფურცელი.
ინდმეწარმე ნ. მ-ის ერთადერთ საქმიანობას ბაზარზე წარმოადგენდა სარგებლიანი სესხების 8-დან 10-პროცენტიანი დარიცხვით გაცემა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც; სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის; სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისა და მისი ოდენობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, პირველ რიგში, დაკავშირებულია თვით ამ ქონების თავისებურებებთან, მის ბრუნვაუნარიანობასთან და „საშუალო” მესაკუთრის მიერ ამ ქონების ჩვეულებრივი სამეურნეო მიზნებით მოხმარებასთან, ანუ ამ ქონების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს „საშუალო” მესაკუთრის მიერ მისმა სათანადო სამეურნეო გაძღოლამ მას მოუტანოს სარგებელი. „საშუალო” მესაკუთრეში ივარაუდება მესაკუთრე, რომელსაც შეუძლია აღნიშნული ქონებიდან მიიღოს სარგებელი თავისი პირადი და განსაკუთრებული თვისებების გარეშე, სარგებელი, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს ხსენებული ქონების ჩვეულებრივი მოხმარების შედეგად. ფულადი ვალდებულების დარღვევის დროს, როგორც მოცემულ შემთხვევაშია, ფულის – ქონების თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი უნდა განვასხვავოთ სხვა ქონებრივი ურთიერთობების ობიექტებისაგან. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფულის უნიკალური თვისება, ფული, როგორც საყოველთაო ეკვივალენტი შეიძლება გაიცვალოს ქონებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ობიექტზე. ამ თვისებიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ ფულად სახსრებს ყოველთვის შეუძლიათ სარგებლის მოტანა.
რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენდა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ბაზარზე დაკავებული იყო ფულადი სახსრებიდან პროცენტის მიღებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფულის სხვისთვის გადაცემის შემთხვევაში, თანხის სრულად დაბრუნებამდე, იგი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა „დაკარგული პროცენტი“.
პირველი ინსტანციის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ჯ-მა“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელის საქმიანობას ბაზარზე წარმოადგენდა სარგებლიანი სესხების 8-დან 10 პროცენტიანი დარიცხვით გაცემა.
უდავო იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა. ჯ-ს" მოსარჩელე ინდმეწარმე ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 33100 აშშ დოლარის გადახდა. ეს თანხა წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევის გამო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადასახდელ თანხას. თავად სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო 2011 წლის ივნისის თვეში ინდმეწარმე ნ. მ-ის მიერ გაცემული სესხის, 30100 ლარის, მსესხებლის მიერ გადაუხდელობით.
საშემფასებლო კომპანიის, შპს „ე. ჯ-ის“ დასკვნის გათვალისწინებით, ინდმეწარმე ნ. მ-ის მიუღებელი პროცენტი (სარგებელი) 33100 აშშ დოლარზე, ყოველთვიური 8%-იანი საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით 2012 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 20 მარტამდე, ჯამში 13 თვესა და 20 დღეზე, შეადგენდა 36132 აშშ დოლარს.
დადგინდა, რომ ინდმეწარმე „ნ. მ-ი“ 2011-2012 წლებში აგრძელებდა საქმიანობას, რასაც მოწმობდა წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები და სასესხო ხელშეკრულებები.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 394-ე მუხლები. აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო ორგანიზაციას შესაძლოა ვერ აეთვისებინა სრულად ის თანხა, რომელიც მას დაკისრებული ჰქონდა, არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული. წარდგენილი ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ინდმეწარმე ნ. მ-მა 2011 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში თვეში დაახლოებით 50000 აშშ დოლარი გაასესხა 8-10%-იანი სარგებლით. წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლის თანხას 29789 ლარი შეადგენდა 2011 წელს, ხოლო 21189 ლარი – 2012 წელს. ამ გარემოებების და ინდმეწარმის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილება სხვა მტკიცებულებებით მოპასუხეს არ უცდია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის საქმიანობიდან გამომდინარე, ვინაიდან სასესხო ურთიერთობა საზოგადოებაში სამოქალაქო ბრუნვის ერთ-ერთი საკმაოდ ხშირი და ფართოდ გავრცელებული ფორმაა, ზუსტად ამ ურთიერთობის ობიექტის – ფულის უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლიათ მოუტანონ სარგებელი მის მესაკუთრეს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად განიმარტა, რომ ისეთი ქონების მიღების დროს, როგორიცაა ფული, ვალდებულების დამრღვევმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაადასტუროს, რომ ეს ქონება (ფული) „დაზარალებულს” არანაირი სარგებელს არ მოუტანდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ჯ-მა“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სადაზღვევო კომპაანიისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება წარმოადგენს სადაზღვევოსამართლებრივი ურთიერთობის დარღვევას, რადგან მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ სამოქალაქო კოდექსის შეიცავს საგამონაკლისო ნორმას 824-ე მუხლის სახით. სადაზღვევო კომპანიის სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ შეიძლება გავრცელდეს სხვა სახის მოთხოვნებზე, გარდა პირდაპირი ზიანისა – სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე თანხისა.
სამოქალაქო კოდექსის 824-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით. ამდენად, კანონმა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით ანაზღაურების შესაძლო შემთხვევა დაუკავშირა მხოლოდ მხარეთა წინასწარ შეთანხმებას, ე.ი. უნდა არსებობდეს სადაზღვევო გარიგება არაპირდაპირ ზიანზეც – მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი შესაძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაშვების თაობაზე.
სადაზღვევო საქმიანობა სპეციფიკური საქმიანობაა. სადაზღვევო კომპანიის მატერიალური პასუხისმგებლობა სადაზღვევო რეზერვების მოცულობის პრდაპირპროპორციულია. რეზერვების ფორმირება კი, კანონმდებლობის მიხედვით, ხდება სადაზღვევო ხელშეკრულებისა და პოლისით განსაზღვრული თანხების ფარგლებში. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო ვალდებულება (პასუხისმგებლობა) არ შეიძლება აღემატებოდეს პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო თანხას. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლისა თუ სხვა არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურება სცილდება სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს. კანონმა დაუშვა შესაძლებლობა მისი ანაზღაურების რისკის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი რისკის დაზღვევა სპეციალური სადაზღვევო პროდუქტია, რომელზეც შეთანხმებული არიან მხარეები, მას გააჩნია თავისი სადაზღვევო ლიმიტები და სარეზერვო უზრუნველყოფა.
სამოქალაქო კოდექსის 824-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული არ ყოფილა. პირიქით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ეს დაზღვევა არ მოიცავს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელზე დაკისრებულ, ამ ხელშეკრულებით ან მისი დანართებით პირდაპირ განუსაზღვრელ რაიმე საჯარო ან კერძო სამართლებრივი ხასიათის მატერიალურ უზრუნველყოფას. ამდენად, მხარეებმა ხელშეკრულებით პირდაპირ გამორიცხეს ძირითადი სასესხო თანხების დამატებით სხვა რაიმე სახის ვალდებულების (პასუხისმგებლობის) გავრცელება სადაზღვევო კომპანიაზე, რაც სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე გამსესხებელს შეეძლო მოეთხოვა უშუალოდ პასუხისმგებელი პირისაგან – მსესხებლისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში გამოტანილი დასკვნა, უშუალო პასუხისმგებელი პირის – მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ნ. მ-ის მიერ სარგებლიანი სესხის გაუცემლობით მიუღებელი შემოსავლის სადაზღვევო კომპანიისათვის დაკისრების თაობაზე.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის განსაზღვრის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ზიანის მოსალოდნელობა იზღუდება და გამოირიცხება სადაზღვევოსამართლებრივ ურთიერთობებში 824-ე მუხლის არსებობით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მატერიალური სამართლის მოცემული ნორმა (სამოქალაქო კოდექსის 824-ე მუხლი), რომლის გამოყენების შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეფარდების საფუძველზე უდავოდ დადგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უსაფუძვლობა სადაზღვევო კომპანიის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების (3160 ლარი) 70% – 2212 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – შპს „ა. ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3160 ლარი, საგადახდო დავალება № 1401283186, გადახდის თარიღი – 2014 წლის 28 მაისი) 70% – 2212 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე