Facebook Twitter

№ას-63-61-2014 7 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნოლოგიური განვითარების ფონდი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი გუდაურის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ”ჯ. ჯ-ის” მიმართ და მოითხოვა დავალიანების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარცელის განმარტებით, 2011 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ და შპს „ჯ. ჯ-ის“ შორის დაიდო № 47 მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელმა - შპს „ჯ. ჯ-მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები შემსყიდველის ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 6 053 528.25 (ექვსი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდარვა ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2012 წლის 31 ივლისს მხარეთა მიერ განხორციელდა ცვლილებები და დამატებები და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 5 221 663.69 ( ხუთი მილიონ ორასოცდაერთი ათას ექვსასსამოცდასამი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარი. სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ მიერ ავანსის სახით გადარიცხულ იქნა 4 759 800 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაასი ლარი) ლარი. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს № 030496-2012/01/1 დასკვნიდან დგინდება, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაო შეადგენს 2 596 392. 37 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდა თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდათორმეტ ლარი და ოცდაჩვიდმეტ თეთრი) ლარს, რომელზეც ხელშეკრულების მხარეების მიერ 2012 წლის 5 სექტემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, გუდაურის განვითარების ფონდს წარმოეშვა ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ჯ. ჯ-სათვის“ 2011 წლის 1 ნოემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 2 163 407.63 ლარის დაკისრებას.

აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად 2013 წლის 11 იანვარს. მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება მოპასუხისათვის.

2013 წლის 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოსარჩელე სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა და წარმოადგინა მოპასუხე შპს ”ჯ. ჯ-ზე“ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დასტური, რომლის თანახმად, სარჩელის და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა შპს ”ჯ. ჯ-ის” დირექტორ გ. ც-ს - 2013 წლის 18 იანვარს.

შპს ”ჯ. ჯ-ს” დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, მაგრამ მას შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში - 2013 წლის 28 იანვრამდე არ წარმოუდგენია. მან შესაგებელი წარადგინა 2013 წლის 1 თებერვალს, ე.ი. დადგენილ ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ”ჯ. ჯ-ის” მოსარჩელე ქ.თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი გუდაურის განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 2 163 407.63 (ორი მილიონ ასსამოცდასამი ათას ოთხასშვიდი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ჯ. ჯ-ის” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ჯ. ჯ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2013წ. განჩინებით, შპს ”ჯ. ჯ-ის” დირექტორის გ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.02.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2/130-13 სამოქალაქო საქმეზე, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის გუდაურის განვითარების ფონდის სარჩელის გამო, მოპასუხე შპს “ჯ. ჯ-ის“ მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ტებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. ჯ-იმ“, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

09.01.2013წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გუდაურის განვითარების ფონდმა მოპასუხე შპს „ჯ. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-123).

09.01.2013წ. მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად (ტ.I, ს.ფ. 125). 11.01.2013წ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (ტ. I, ს.ფ. 128).

სასამართლო გზავნილით დგინდება, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა (ტ. I, ს.ფ. 124).

მოპასუხე შპს „ჯ. ჯ-ს“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 18.01.2013წ. და მას სარჩელზე შესაგებელის წარდგენა შეეძლო 28.01.2013წ. ჩათვლით.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184.3-ე მუხლზე და 70-78 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხისათვის გზავნილის ჩასაბარებლად მიმართა ფოსტას. 22.01.2013წ. მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება (ტ.I, ს.ფ.130).

საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდა, რომ ფოსტის მუშაკი მისამართზე გამოცხადებული იყო ორჯერ: პირველი მცდელობისას გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა, ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია: „ასეთი არავინ ცხოვრობს“. მეორე მცდელობისას გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს, გ. ც-ს (იხ.: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ. I, ს.ფ. 146). გზავნილის ჩაბარების თარიღად საფოსტო ქვითარზე მითითებულია 18.01.2013წ., ხოლო მეორე თარიღი, რომელიც დასაბუთებული ვარაუდით წარმოადგენს გზავნილის ჩაბარების პირველი მცდელობის თარიღს, გადაშლილია (ტ.I, ს.ფ.130). პალატამ მიაჩნია, რომ როცა დასტურდება ფოსტის მუშაკის მხრიდან ადრესატის მისამართზე ორჯერ ვიზიტი, დასაბუთებულია მსჯელობა ჩაბარების გზავნილზე საბოლოო ვიზიტის თარიღის დატოვების თაობაზე. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჩაბარების დასტურზე დაფიქსირებული ჩაბარების თარიღის უსწორობას ან გაყალბების ფაქტს, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

შპს „ჯ. ჯ-ის“ მითითებით, მოპასუხე საზოგადოების დირექტორს გზავნილი ჩაბარდა არა 18.01.2013წ., არამედ 22.01.2013წ.. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ გზავნილის ჩაბარების დასტურს, გათვალისწინებით იმისა, რომ მასზე ერთი თარიღი გადაშლილია, აპელანტის აზრით, სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა მიეჩნია მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტის მტკიცება წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, რაც მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში განახორციელა ჩაბარების დასტურის წარმოდგენით.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ჩაბარების დასტურში მითითებული ჩაბარების თარიღი არასწორია და გზავნილი ადრესატს ჩაბარდა არა 18.01.2013, არამედ 22.01.2013წ., აღნიშნულის მტკიცება, პალატის აზრით, უკვე მოპასუხის მტკიცების ტვირთია.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხეს ეჭვი შეაქვს აღნიშნულ დოკუმენტზე ასახული ინფორმაციის სისწორეში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გზავნილის ჩაბარების დასტურზე მითითებული თარიღი უსწოროა და მოპასუხეს გზავნილი სხვა დროს ჩაბარდა, ეკისრება შპს „ჯ. ჯ-ს“, რომელსაც ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გზავნილი ჩააბარა იურიდიული პირის საფოსტო მომსახურების შედეგად, შპს „ჯ. ჯ-ს“ შეეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება შესაბამისი საფოსტო სამსახურიდან გზავნილების აღრიცხვის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის პასიურობა სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობაზე განხილულ უნდა იქნეს როგორც მისი მტკიცების ტვირთის ნაკლი და არა როგორც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის 18.01.2013წ. ჩაბარების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების არარსებობა. როგორც აღინიშნა, მოპასუხეს არც ჩაბარების თარიღის გაყალბების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზე, რომ მოპასუხე შპს „ჯ. ჯ-ს“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 18.01.2013წ.. გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხეს სასამართლო გზავნილით შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი საპროცესო ვადა, დგინდება, რომ შპს „ჯ. ჯ-ს“ სარჩელზე შესაგებელის წარდგენა შეეძლო 28.01.2013წ. ჩათვლით.

შპს „ჯ. ჯ-მა“ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის გუდაურის განვითარების ფონდის სარჩელზე შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაგვიანებით - 01.02.2013წ. (ტ. I, ს.ფ. 131-140).

4.02.2013წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის გუდაურის განვითარების ფონდის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე (ტ.I, ს.ფ. 345-349).

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1-ე, 177.2-ე, 177.3-ე, 233-ე,241-ე მუხლებით და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვადადარღვევით წარადგუინა შესაგებელი და არც დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, მოპასუხეს მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობას და, შესაბამისად, აღნიშნული ვადის დარღვევას. კერძოდ, განსახილველ სასარჩელო განცხადებაზე მოპასუხემ შესაგებელი წარმოადგინა 2013 წლის 1 თებერვალს, ხოლო თავად სარჩელი თანდართული მასალებით მხარეს ჩაბარდა 2013 წლის 22 იანვარს (დილის საათებში). სარჩელზე თანდართული სასამართლო გზავნილის თანახმად, მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სარჩელში მითითებულ გარემოებებზე შესაგებლის წარმოდგენისათვის. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და მთავრდებოდა 2013 წლის 01 თებერვალს, მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც გამორიცხავდა განსახილველ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თავად საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ ქვითარზე ფაქტიურად ადგილი ჰქონდა თავდაპირველად დაფიქსირებული თარიღის გადაშლას და შემდგომში ჩაბარების ახალი თარიღის – 2013 წლის 18 იანვრის აღნიშვნას. ამდენად, ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შექმნოდა საკმარისი რწმენა, რომ განსახილველ საქმეზე არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული მოპასუხე მხარისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღის დადასტურების უტყუარი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ეწინააღმდეგება როგორც მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას, ასევე ზოგადად სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ჯ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ჯ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% –5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2000 ლარის) და 2014 წლის 17 თებერვალს №1 საგადასხდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის), სულ 8000 (2000+6000) ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე