Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-636-603-2014 10 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ვ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ კომპენსაციიის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე უფლების მოპოვება – სარჩელში, კომპენსაციიის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვ. ძ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გამოთხოვილ იქნა ნ. ბ-ის მფლობელობიდან ქ.თბილისში, ჭ-ის ქ. №7-ში (საკადასტრო კოდი........ ) ვ. ძ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან ნ. ბ-ის მიერ დაკავებული 82.88კვ.მ საცხოვრებელი სადგომი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ვ. ძ-ს. ვ. ძ-ს ნ. ბ-ის სასარგებლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაეკისრა 38944,2 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ძ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება 38944,2 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ძ-მა და მოითხოვ მისი გაუქმება.

2014 წლის 30 ივნისს ვ. ძ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და და განმარტა რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ვ. ძ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვ. ძ-მა საკასაციო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც ხსენებულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ძ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე