Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-666-633-2014 28 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ხ. მ-ი, გ. მ-ი, ნ. ბ-ი, ვ. ბ-ი, ე. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხ. მ-ს, გ. მ-ს, ნ. ბ-ს, ვ. ბ-სა და ე. ბ-ს ა. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 68941 ლარის გადახდა. ა. მ-ის სარჩელი ხ. მ-ისათვის, გ. მ-ისათვის, ნ. ბ-ისათვის, ვ. ბ-ისათვის და ე ბ-ისათვის 108309 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხ. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ხ. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. მ-მა, გ. მ-მა, ნ. ბ-მა, ვ. ბ-მა ე. ბ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3447 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2014 წლის 7 ივლისს ხ. მ-მა, გ. მ-მა ნ. ბ-მა, ვ. ბ-მა და ე. ბ-მა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით ხ. მ-ის, გ. მ-ის ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორების წარმომადგენელ ნ.ა-ეს ჩაბარდა 2014 წლის 15 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ნ. ა-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2014 წლის 15 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.168). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 16 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 21 ივლისს, ვინაიდან 20 ივლისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია