გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-704-291-კ-05 9 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
თ. თოდრია
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს «.. ..» დირექტორმა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისგან შპს «.. ..» ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, შემდეგი საფუძვლით:
შპს «.. ..» მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ზესტაფონში ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე აწარმოვა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა და დამთავრებული ობიექტი ექსპლუატაციაში მისაღებად წარუდგინა ზესტაფონის რაიონის გამგეობას, რომლის 2003წ. 13 ნოემბრის ¹12211 განკარგულებით შეიქმნა კომისია. აღნიშნული კომისიის 2003წ. 18 ნოემბრის აქტით გადაწყდა, რომ შპს «.. ..» ავტოგასამართი სადგური გაშვებული უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში. მითითებული კომისიის აქტი განსახილველად წარედგინა ზესტაფონის რაიონის გამგეობას, რომელმაც 2004წ. 31 მარტს გამართულ სხდომაზე უარი თქვა სადავო ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, რამდენადაც მითითებული პერიოდისთვის გამგეობაში სადავო ობიექტთან დაკავშირებით შევიდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი შინაარსის წერილი ენერგოზედამხედველობისა და ხარისხის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოდან.
მოგვიანებით, 2004წ. 11 ივნისს ¹304 წერილით ზესტაფონის რაიონის გამგეობამ აცნობა მოსარჩელეს, რომ ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დადგენილება არ იქნა მიღებული, რადგან მოპასუხე დაეყრდნო იმერეთის საოლქო პროკურატურის 2004წ. 10 მაისის დადგენილებას «სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ», სადაც აღნიშნულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი გადატანილ უნდა იქნას სხვა ტერიტორიაზე, ასეთი ხაზების ჩამოვარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია მითითებული საკითხის მოგვარებამდე სადავო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შეჩერება, რითაც მოსარჩელის მოსაზრებით დარღვეულ იქნა მისი კანონიერი უფლება და ინტერესები.
კერძოდ, მოსარჩელე თვლის, რომ მან ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა აწარმოა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეთანხმებული პროექტის, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის წარმოების ნებართვის და სხვა უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე, რის გამოც მას მოპასუხის უარი მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, მით უფრო მაშინ, როცა მოსარჩელის შეძენილი ტერიტორია ჯერ კიდევ 1995წ. 27 ივნისის ¹34 გადაწყვეტილებით მოქ. ბ. მ-ს ბენზოგასამართი სადგურის მოწყობის მიზნით გამოეყო.
2003წ. 17 მარტს იმერეთის საოლქო პროკურატურას წერილობით მიმართა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსმა მ. გ-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ავტოგასამართი სადგურის დაპროექტება და მშენებლობა მოხდა მოქმედი ნორმების დარღვევით, კერძოდ, ავტოგასამართი სადგური აშენება ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის «ხარაგაული» და «ულევი-35-ის» ¹6 საყრდენო ანძის ქვეშ, რის გამოც ხაზის შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულს მოჰყვებოდა დიდი მატერიალური ზიანი და ადამიანთა მსხვერპლი. მითითებული დასკვნა მოსარჩელეს მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, რამდენადაც აღნიშნულთან დაკავშირებით, ობიექტზე ჩატარებული დამატებითი ღონისძიებების საფუძველზე, საკითხი შეთანხმებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართველოსთან. აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა საშიშსაწარმოო ობიექტებთან დაკავშირებით საქმიანობის ნებართვა ¹09/58. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა შეთანხმებული იყო ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, ჩატარებულ იქნა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარ სამმართვსლოსთან შეთანხმებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ უსაფუძვლოა გამგეობის უარი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და მოპასუხის მოთხოვნა ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის თაობაზე, რამდენადაც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის საკითხი არ შედის მის კომპეტენციაში, რის გამოც გამგეობის უმოქმედებისა და ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო მას ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (იხ. ს.ფ. 4,5).
მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხე თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2004წ. 28 აპრილის ¹/55/5 გაცემული ცნობის მიხედვით, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისას დარღვეული იქნა 2.07.01 _ 89-ის პ.9-18-ის და ელექტრომოწყობილობის წესების (პყB) პ. 2.5. 163-ის მოთხოვნები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული შპს «ი...ის» მიერ სადგურის პროექტის ხელმეორედ დამუშავების დროს. მოპასუხის მოსაზრებით, ასევე 2003წ. 18 ნოემბრის აქტის, სადავო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, შედგენისას არ შესრულდა 16 დან 3-99-ის მესამე ნაწილის პ.7დ, მოთხოვნები, რომლის თანახმად ობიექტის მიმღები კომისია ინიშნება შენობისა და ნაგებობის მიღებამდე ერთი თვით ადრე. ასევე არ არის შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ავტოგასამართი სადგურის განთავსების საკითხი «ს...თან». მოპასუხის მოსაზრებით, სადაო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, ეწინააღმდეგება მაღალი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესებს, რომლის თანახმად, 35 კვ-იანი ე.გ. ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობების განლაგება აკრძალულია, რასაც ადასტურებს ენერგო ზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 2004წ. 19 აპრილის ¹322 წერილი.
2004წ. 27 ივლისს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს .. .. .
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «.. ..» გენერალური დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად სცნო ის ფაქტი, რომ 1995წ. 27 ივლისის ¹34 გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირს ბ. მ-ს ქ. ზესტაფონში ...ის და ... ქუჩების გადაკვეთასთან მარჯვენა მხარეს გამოეყო 320 მ2 მიწის ნაკვეთი ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობამ გასცა ნებართვა სადავო ავტოგასამართი სადგურის მშენებლობაზე, მაშინ როდესაც 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი 1995 წელსაც გადიოდა მითითებულ ადგილზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესების 1.3. მუხლის შესაბამისად, იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ 2003წ. 30 ოქტომბერს გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებამ 2003წ. 31 ოქტომბერს გასცა სადავო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა, რომლის თანახმად სადგურის დამპროექტებლის შპს «ი...ის» მიერ მომზადებული პროექტი შეთანხმებულ იქნა ზესტაფონის რაიონის მთავარ არქიტექტორთან 2003წ. 24 ოქტომბერს.
სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «.. ..» მიერ მშენებლობა წარმოებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, ობიექტზე დაცულია სახანძრო და სანიტარული ნორმები, აგრეთვე, საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შთანხმებით დამატებით ჩატარებული იქნა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ღონისძიებანი და ავტოგასამართი სადგურის პროექტი სხვა სამსახურებთან ერთად შეთანხმებულ იქნა ელექტროგადაცემის ზესტაფონის საქსელო საწარმოსთან. იმ გარემოებასთან გათვალისწინებით რომ სადავო 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის სანიტარული დაცვის ზონაში მდებარე ავტოგასამართი სადგური «ფ...ა» 1996წ. 01 მარტს ზესტაფონის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული იქნა ექსპლუატაციაში, სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის თანახმად, ჩათვალა, რომ მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო საქმის გარემოებათა იდენტურობის გამო მიეღო დადებითი გადაწყვეტილება შპს «.. ..» ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:
აპელანტი თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიკვლია სრულად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა იმერეთის საოლქო პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ბენზოგასამართი სადგურის ტერიტორია გამოყოფილ იქნა ჯერ კიდევ 1995 წელს ზესტაფონის რაიონის ¹34 გადაწყვეტილებით, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული 16-დან 2.07.01.89-ის პ.9.18. და ელმოწყობილობის წესების 2.5. 163-ის მოთხოვნები. 16-დან 2.07.01-89-ს პ.9.18 ითვალისწინებს დაცვის მაგნიტური ველისგან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან დაცული არ არის «სანიტარული და ელექტრომოწყობილობის ნორმები, რომლის თანახმად დაშორება ტრასის ღერძიდან უნდა იყოს არანაკლებ ანძის სიმაღლის 1.5 მ. ამავე ნორმების 17. პ.4-ის შესაბამისად, სანიტარული დაცვის ზონის ფარგლებში აკრძალულია. საცხოვრებელი, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების, ასევე ავტოტრანსპორტის სადგომი მოედნების ავტოტრანსპორტის მომსახურე საწარმოების ... განლაგება.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ მისცა სამართლებრივი შეფასება და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ...ების იმერეთის ფილიალის დირექტორის ვ. თ-ის მიერ ¹307 წერილით ეცნობა როგორც მოსარჩელეს, ასევე ზესტაფონის რაიონის გამგეობას, რომ სადავო ობიექტი განთავსებულია ელექტროსისტემების ბალანსზე რიცხული ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი «ხარაგაული2» და «ულევი _ 35-ის» ¹6 საყრდენი ანძის ქვეშ, ნებართვის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს ისეთ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა.
მოწინააღმდეგე მხარემ შპს «.. ..» წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მესამე პირმა შპს «საქართველოს ...» წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იმ მოტივით, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია და არ დაადგინა მთელი რიგი გარემოებანი, კერძოდ, მესამე პირი თვლის, რომ სასამართლომ არ გაარკვია და არ დაადგინა, რამდენად შეესაბამებოდა სადგურის სადავო ტერიტორიაზე ფუნქციონირება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს და რამდენად არსებობდა იქ საფრთხეშემცველი გარემო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «.. ..» მიერ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც დადასტურებულ იქნა მიმღები კომისიის მიერ 2003წ. 18 ნოემბრის აქტით, რომლის განხილვა და დამტკიცება «მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის» 7.8. მუხლის შესაბამისად, გამგეობის მიერ უნდა განხორციელებულიყო კომისიის აქტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა. კერძოდ, გამგეობამ აქტი განიხილა 2004წ. 28 მაისს, მაშინ როცა კომისიის აქტი დათარიღებულია 2003წ. 18 ნოემბრით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოთმითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლოა, რამდენადაც სასამართლომ არ გაითვალისწინა იმერეთის საოლქო პროკურატურის დადგენილებაში მითითებული ფაქტები იმის შესახებ. რომ ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული საქმთავარენერგოსთან.
ასევე, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ არ შეაფასა ზესტაფონის რაიონის გამგეობაში შესული ელექტროსისტემების იმერეთის ფილიალის 2004წ. 13 აპრილის ¹307 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს «.. ..» ბენზოგასამართი სადგური ნებართვის გარეშე განთავსებული იქნა ელექტროსისტემების იმერეთის ფილიალის ბალანსზე რიცხული ორჯაჭვიან ელექტროგადამცემი «ხარაგაული 2» და «ულევი-35-ის» საყრდენი ანძის ქვეშ და ამასვე ადასტურებს იმერეთის საოლქო პროკურატურის ¹463 წერილი, რომლითაც გამგეობას მოეთხოვა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის «ხარაგაული 2-ის» და «ულევი -35-ის» გადატანის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რის გამოც 2003წ. 18 ნოემბრის ¹/22/1 განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო მიმღები კომისიის წერილობითი აქტი, კასატორის მოსაზრებით, არ შეიძლება გახდეს ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღების საფუძველი (იხ. ს.ფ. 248-249).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 07 დეკემბრის გნჩინების საფუძველზე მესამე პირის სს «საქართველოს ...» უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა «საქართველოს გაერთანებული ...», რომელიც ჩაბმულ იქნა მესამე პირად მოცემულ საქმეში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის სსკ-ის 393-ე და 304-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი და სწორად შეუფარდა სადავო სამართალურთიერთობას სამართლის ნორმა,
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც მასში მითითებული მოტივები ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ, ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1995წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს _ ბ. მ-ს მარტივი ტიპის ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის მიზნით გამოეყო; 2003წ. 08 ოქტომბერს გაფორმებული ¹1-1872 სანოტარო აქტის თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (400კვ.მ) საკუთრების უფლებით შ.პ.ს. «.. ..» გადაეცა. 2003წ. 30 ოქტომბერს იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ, ხოლო 2003წ. 31 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონული გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს საქმეთა განყოფილების მიერ შპს «.. ..» გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე საწარმომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე აწარმოა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა; აგრეთვე, დადგენილია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, გამგეობის 2003წ. 13 ნოემბრის განკარგულებით ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 09 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული «მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესების» შესაბამისად, შპს «.. ..» ბენზინგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შეიქმნა კომისია და დამტკიცდა მისი შემადგენლობა. 2003წ. 18 ნოემბერს კი მითითებული კომისიის მიერ მიღებული იქნა აქტი ბენზინგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ;
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება კომისიის დამტკიცების შესახებ და კომისიის აქტი ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე, ისევე, როგორც მშენებლობის დაწყებისა და წარმოების შესახებ ყველა ზემოაღნიშნული აქტი, გასაჩივრებული არ ყოფილა.
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 9 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული «მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ წესების» მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული დამატებითი წესების დადგენის მიზანს წარმოადგენს მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შემოწმება, კერძოდ, შესრულებულია თუ არა პროექტის ყველა პირობა და წარმოებული მშენებლობა შეესაბამება თუ არა შესაბამისი აქტებით ნებადართულ ქმედებებს. ამასთან, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე, მსჯელობა ნებართვის გაცემისას შესაძლო დარღვევების არსებობის თაობაზე, ზემოაღნიშნული წესებით გათვალისწინებული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გამგეობის მიერ აქტის დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველს ელექტროქსელების დაცვის ზონაში მშენებლობის წარმოების დაუშვებლობა წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნული გარემოებები არც მშენებლობის წარმოებისა და მშენებლობის შესახებ ნებართვების გაცემის და არც უშუალოდ მშენებლობის წარმოებისას სადავოდ არავის გაუხდია. სადავო არ გამხდარა არც თავად კომისიის აქტი შენობის ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე. მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმის ფურცელ 8-ზე წარმოდგენილ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის აქტის ¹000730 შესაბამისად, ბენზინგასამართი სადგური «.. ..»ს ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შეიძლება დადგეს ძაბვის ქვეშ, ხოლო საქმის ფურცელ 10-ზე წარმოდგენილი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ნებართვის შესაბამისად (საშიშ საწარმოთა ობიექტებთან დაკავშირებული საქმიანობის თაობაზე), შესაძლებლად იქნა მიჩნეული შპს «.. ..» მიერ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის ექსპლუატაცია. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ არც ზემოაღნიშნული აქტები სადაოდ არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე აპელირება იმ გარემოებებზე, რომ ასეთი ობიექტის აშენება ელექტროხაზების დაცვის ზონაში იყო შეუძლებელი, ასევე ის, რომ ასეთი ობიექტის ასაშენებლად სავალდებულო იყო სხვა კონკრეტული ორგანოს თანხმობა და მისი აშენება ელექროგადამცემი ხაზებიდან განსაზღვრული მანძილის რადიუსში, უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როცა არც ერთი აქტი, რომლის საფუძველზეც წარმოებული იქნა მშენებლობა, სადავო არ გამხდარა, მხარეების მიერ ისინი გასაჩივრებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ზემოაღნიშნული აქტით დადგენილი გარემოება ძალაშია და საჩივრის ავტორის მოტივაციის კონტექსტში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო სასამართლოს მიერ იმერეთის საოლქო პროკურატურის დადგენილებაში (სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე) მითითებული გარემოებების არგათვალისწინება წარმოადგენს, რამდენადაც სსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ ფაქტებს, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას წარმოადგენენ ფაქტები, იმის შესახებ ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი... რაც დადგენილ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ზემოაღნიშნული გარემოებები დადგენილ იქნა პროკურატურის დადგენილებით საქმის არაღძვრის თაობაზე და არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ისინი ცალსახად გაზიარებული ვერ იქნებოდა, რამდენადაც მითითებული დადგენილება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე ფაქტის მტკიცების საფუძველს წარმოადგენს. ამავე მოტივით აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს აქტის გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლად ვერც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო ამავე მიზეზით ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილებით დარღვევად მიჩნეული გარემოებების გამო და ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად ის არ არის უფლებამოსილი კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და ასეთ გარემოებებს დააფუძნოს საკუთარი გადაწყვეტილება. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მშენებლობის წარმოების კანონიერება სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტებითაა დადგენილი და ეს აქტები არც ადმინისტრაციული სამართალწარმოების და არც ადმინისტრაციული წარმოების წესით სადავოდ არ არის გამხდარი, ხოლო პროკურატურის დადგენილებით მშენებლობის დარღვევით წარმოების აღიარება არ წარმოადგენს ასეთი დარღვევების კანონით დადგენილი წესით აღიარების საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და ის გაზიარებულ ვერ იქნება.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას იმ ნაწილში, რომ კასატორის მიერ დარღვეულ იქნა მშენებლობა დამთავრებული შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა, კომისიის დამნიშვნელი ორგანოს მიერ კომისიის აქტის ერთი თვის ვადაში დამტკიცების შესახებ, რამდენადაც მითითებული აქტი კომისიის მიერ (კომისიის თავმჯდომარე გამგებლის მოადგილე იყო) მიღებულ იქნა 2003წ. 18 ნოემბერს, ხოლო მისი განხილვა გამგეობის სხდომაზე მოხდა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ _ 2004წ. 28 მაისს, მაშინ როცა 2004წ. მარტ-აპრილში გამგეობისთვის უკვე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული აქტის თაობაზე, ვინაიდან «.. ..» გამგეობისაგან სწორედ ამ პერიოდში ითხოვდა მის დამტკიცებას ზემოაღნიშნული წესების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 9 იანვრის ¹2 ბრძანებით დამტკიცებული «სამშენებლო ნორმები და წესები მშენებლობა დამთავრებილ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის შესახებ», რომელიც ადგენს საქართველოში მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესს, მითითებული წესის მე-7 მუხლის თანახმად ობიექტის ესპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს მშენებლობადამთავრებულ ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისია (პ.7), მიმღები კომისიის აქტის განხილვა და დამტკიცება ამავე წესის მე-8 პუნქტის მიხედვით წარმოადგენს კომისიის დამნიშვნელი ორგანოს კომპეტენციას ერთი თვის ვადაში აქტის წარდგენიდან.
მითითებული წესი არ ითვალისწინებს გამგეობის მიერ მიმღებ კომისიის აქტის არდამტკიცების შესაძლებლობას და არც ასეთის შემთხვევაში შემდგომ პროცედურას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მიმღები კომისიის დამნიშვნელ ორგანოს /ამ შემთხვევაში რაიონის გამგეობას/ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება კომისიის აქტის დამტკიცება-არდამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში (არდამტკიცების შემთხვევა) გამგეობამ მიმღებ კომისიას უნდა დაუბრუნოს ხელახლა განსახილველად საკითხი, რაც გამგეობას არ მოუხდენია; წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა ყველა პოზოტიური გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო გამგეობის მიერ დამტკიცების გარეშე ობიექტი არ ითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამგეობამ დაარღვია რა ზემომითითებული წესით დადგენილი ვადა საკითხის განხილვა-დამტკიცებისა, ამასთან, არც ხელახლა განსახილველად არ დაუბრუნა მიმღებ კომისიას, შესაბამისად, შექმნილია ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ფაქტობრივი ვითარება სადავო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხაზების დღევანდელმა მესაკუთრემ მესამე პირმა შპს «საქართველოს გაერთიანებულმა ...» საკასაციო სასამართლოში მხარი არ დაუჭირა კასატორს, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» 14.11.1997წ. კანონის თანახმად ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს _ არქმშენინსპექციას აშენებული ობიექტი არ მიუჩნევია შეუსაბამოდ მოქმედ კანონმდებლობასთან, არ მოუთხოვია არც დარღვევების გამოსწორება, არც ნაგებობის აღება, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს თვლის დაუსაბუთებლად, რამდენადაც რეალურად სახეზეა ადმინისტრაციულ ორგანოთა ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო, არაკოორდინირებული ქმედებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, დაუსაბუთებლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.