Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-671-638-2014 15 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „პ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და თ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს „პ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაზეც მის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეტანილია ვადის დარღვევით, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2014 წლის 6 მაისისათვის, რის შესახებაც ეცნობათ პროცესზე დამსწრე აპელანტის წარმომადგენელ რ. გ-ს, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მხარის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შემცველი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 143). მხარეებს ცხადად განემარტათ, რომ 2014 წლის 6 მაისს, მათი დასწრების მიუხედავად, გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მითითებულ დროს საქმის განხილვის გადადების თაობაზე მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი (ტომი 2, ს.ფ. 235).

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის სხდომას კასატორი მხარე არ დასწრებია, თუმცა გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ცნობილი იყო, კასატორის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 26 მაისი, 30-ე დღე – 5 ივნისი. შესაბამისად, სს „პ-ს“ სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სააპელაციო პალატისათვის უნდა მიემართა 2014 წლის 26 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია. მხარემ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 13 ივნისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა კასატორისათვის დაიწყო გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 5 ივნისს და ამოიწურა 2014 წლის 25 ივნისს. სს „პ-მა“ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 26 ივნისს მაისს, რაც დასტურდება საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე დასმული ფოსტის ბეჭდით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „პ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 25 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სს „პ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 25 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე