Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-678-645-2014 3 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს „ბ. ქ-უ“

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ე, მ. ჯ-ე, გ. ა-ე, თ. ა-ე, მ. ა-ე, გ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ბ. ქ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი. ა-ს, მ. ჯ-ს, გ. ა-ს, თ. ა-სა და მ. ა-ს სს „ბ. ქ-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის – 180000 აშშ დოლარის გადახდა; ი. ა-ს, მ. ჯ-ს, გ. ა-ს, თ. ა-ს, მ. ა-ს სს „ბ. ქ-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დარიცხული პროცენტის – 14959,56 აშშ დოლარის გადახდა; ი. ა-ს, მ. ჯ-ს, გ. ა-ს, თ. ა-სა და მ ა-ს სს „ბ. ქ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 500 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ანაზღაურება დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით: ა) მესაკუთრე გ. ა-ე, ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ს-ში მდებარე უძრავი ქონება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 501კვ.მ საკადასტრო კოდი №....; ბ) მესაკუთრე გ. ა-ე, ქ.ბათუმში, დასახლება მ. კ-ზე მდებარე უძრავი ქონება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 500კვ.მ საკადასტრო კოდი №.....; გ) მესაკუთრე გ. ა-ე, ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ს-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 931კვ.მ მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები 441კვ.მ, საკადასტრო კოდი №.....; დ) მესაკუთრე ი. ა-ე, ბათუმში, ფ-ის ქ. №11-ში მდებარე ბინა 11 საკადასტრო კოდი..... . სს ''ბ. ქ-ს'' მოთხოვნა ი. ა-ის, მ. ჯ-ის, გ. ა-ის, თ. ა-ის და მ. ა-ის მიმართ სს ,,ბ. ქ-ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად 2012 წლის 23 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად 192.30 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ა-ის, გ. ა-ის, თ. ა-ის, მ. ა-ის, გ. ა-ის და მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს ”ბ. ქ-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს ”ბ. ქ-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ”ბ. ქ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი. ა-ს, გ. ა-ს, თ ა-ს, მ. ა-ს, გ. ა-სა და მ. ჯ-ს სს ”ბ. ქ-ს” სასარგებლოდ დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელის შეტანიდან 2013 წლის 28 ივნისიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე პერიოდში (2013 წლის 4 დეკემბრიდან) 21 698.9822 აშშ დოლარი, ყოველდღიური 136. 47 აშშ დოლარის გათვალისწინებით (რაც ძირითადი თანხის 180 000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 14 959,56-ის ჯამის 194 959,56-ის 0,07%-ია). აღნიშნული თანხის, ანუ ყოველდღიური 136,47 აშშ დოლარის გადახდა გაგრძელდა 2013 წლის 4 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

აღნიშნული გადაწ6ყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ბ. ქ-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა სს „ბ. ქ-ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ცნობილი იყო სს „ბ. ქ-ს“ წარმომადგენელ ი. დ-ისათვის (იხ. ხელწერილი, ტ.3, ს.ფ.125). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 24 მაისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორის წარმომადგენელმა დ. გ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩიაბარა 2014 წლის 27 მაისს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 24 მაისს და ამოიწურა 2014 წლის 13 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 13 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი სს „ბ. ქ-მ“ ფოსტას ჩააბარაა 2014 წლის 17 ივნისს (ტ.23, ს.ფ.171-183) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ბ. ქ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. სს „ბ. ქ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 17 ივნისს №701 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია