№ას-679-646-2014 11 ივლისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ბათილად იქნა ცნობილი რ. კ-სა და ნ. დ-ს შორის, 2012 წლის 25 ივლისს, ქ. ბათუმში, დასახლება უ-ში მდებარე რ. კ-ის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;
3. ნ. დ-ის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, დასახლება უ-ი, საკადასტრო კოდი №..... მდებარე 871 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და 147.80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აღირიცხა რ. კ-ის საკუთრებაში და აღნიშნული ქონება დაიტვირთა იპოთეკით, რ. კ-სა და ნ. დ-ს შორის 2012 წლის 25 ივლისს 20000 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი, ყოველთვიურად 4%; სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
2014 წლის 9 ივლისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა ნ. დ-მ, მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია ნ. დ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პ. ქათამაძე