Facebook Twitter

№ას-68-66-2014 7 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე, რ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ისა და რ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა. ხ-ას ზ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის გადახდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ზ. მ-ის (პ/ნ....... ) სახელზე რიცხულ ქ. ქუთაისში, ხ-ას ქ. №10, ბინა №39-ში (ყოფილი ს-ის დასახლება) მდებარე ფართს 18,10 კვ. მეტრს (საკადასატრო კოდი .......).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება დასახელებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ა ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 21 დეკემბერს, ა. ხ-ამ, რ. კ-ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის შესაბამისად, რ. კ-ს უფლება მიეცა გაეყიდა, გაეცვალა, გაეჩუქებინა ან იპოთეკით დაეტვირთა ა. ხ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისი, ხ-ას (ყოფილი ს-თ დასახლება) ქუჩა №10-ში, 18.10 კვ.მ. ფართით, ბინა №39.(ტ.1. ს.ფ.19-20).

აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 2009 წლის 24 დეკემბერს, ზ. მ-სა და რ. კ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც გამსესხებელია ზ. მ-ე, ხოლო მსესხებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი რ. კ-ი, რომელიც იმავდროულად არის ა. ხ-ას მინდობილი მესაკუთრე.(ტ.1.ს.ფ.21-24 ).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის თანხის, 2500 ევროს უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ა. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისი, ხ-ას (ყოფილი ს-თ დასახლება) ქუჩა №10. ბინა №39.

პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გამოხატული ნება, სწორად მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გამორიცხავდა მისი ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ არ გაიზიარა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რ. კ-ს, მხოლოდ მოსარჩელეს ინტერესის შესაბამისად, შეეძლო მოსარჩელეს ქონება გამოეყენებინა და არა საკუთარი სესხის უზრუნველსაყოფად.

წარმოდგენილ მინდობილობაში გარკვევითაა დაფიქსირებული, რომ რ. კ-ს ა. ხ-ას უძრავი ქონება შეეძლო გამოეყენებინა თავისი შეხედულებით, რაც ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ა. ხ-ას მიზნებისათვის, არამედ საკუთარი სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვისაც შეეძლო დაეტვირთა იპოთეკით.

ამდენად, აპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია.

ასევე ნამდვილია სესხის ხელშეკრულებაც, ვინაიდან, იგი დადებულია გამსესხებელს, ზ. მ-სა და ფიზიკურ პირს, რ. კ-ს შორის და ამ ხელშეკრულების დადებისას ა. ხ-ას თანხმობა საჭირო არ იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მსჯელობა წარმომადგენლობთი უფლებამოსილების არარსებობის თაობაზე არასწორია.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სესხისა და იპოთკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, სამართლებრივად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასჩივრა ა. ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლი, რადგან სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამასთან, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, თითქოსდა იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე არამართებულია მითითებული გარემოება მასზე, რომ კ-ს თავისი შეხედულებით შეეძლო დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ამისთვის არ იყო საჭირო ხ-ას თანხმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ხ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე