¹ ბს-70-52-კ-05 30 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: პ. და ი. მ-ებისა და ე. გ-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ... მდებარე, სახელმწიფო ფონდში რიცხული, ¹29 ბინის ძირითად დამქირავებლად 1985 წლიდან ითვლებოდა პ. მ-ი. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილი იყო მისი შვილი _ ი. მ-ი. ისინი 1994 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად წავიდნენ რუსეთში, რაც დასტურდებოდა ¹93 სერვისული ცენტრის მიერ შედგენილი აქტით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ პ. და ი. მ-ებმა დაკარგეს ფართზე უფლება, ვინაიდან 1997წ. 25 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ბინის ძირითად დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს ფართზე უფლება ენახებოდათ 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას, პირი ვალდებული იყო, 10 დღის ვადაში ეცნობებინა ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი ორგანოსთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებდა და მოხსნიდა მას ძველი საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციიდან. სადავო ბინა თვითნებურად დაკავებული ჰქონდა აფხაზეთიდან დროებით გადაადგილებულ პირს _ ე. გ-ს, რომელიც მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ათავისუფლებდა დაკავებულ ბინას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, სადავო ფართზე პ. და ი. მ-ების უფლებადაკარგულად ცნობას, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, მათი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ე. გ-ის, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, სადავო ბინიდან გამოსახლებას.
მოპასუხე ე. გ-მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი და ვერც ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტმა უზრუნველყო იგი საცხოვრებელი ბინით. მოპასუხემ აღნიშნა, რომ “აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ბრძანებულების თანახმად, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებული იყვნენ, თავისუფალი სახელმწიფო ფართები დროებით სარგებლობაში გადაეცათ დევნილებისთვის, ხოლო, ვინაიდან სათანადო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს იგი საცხოვრებელი ფართით, იძულებული გახდა, თვითნებურად დაეკავებინა თავისუფალი ბინა.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ტ. მ-ას სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი ე. გ-ის აღნიშნული ბინიდან გამოსახლების შესახებ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 16 ოქტომბრის განჩინებით ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, ე. გ-ის განმარტებით, თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის მოთხოვნა მისი სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეები _ პ. და ი. მ-ები ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსის ¹29 ბინაზე უფლებადაკარგულად და მოიხსნენ აღნიშნული ბინის რეგისტრაციიდან. ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსის ¹29 ბინიდან ე. გ-ის გამოსახლების შესახებ საქმის წარმოება შეწყდა აღნიშნულ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის გამო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ი. მ-ის წარმომადგენელმა ტ. მ-ამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. მ-ის წარმომადგენელმა ტ. მ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, ი. მ-ი 1997 წლიდან სასწავლებლად გაემგზავრა ქ. სტავროპოლში. ძველი საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომი დროებით სხვაგან მყოფ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრებს უფრო ხანგრძლივი ვადით ენახებოდათ მაშინ, როდესაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დროებით სხვაგან წავიდოდნენ სწავლასთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორის განმარტებით, ი. მ-ს სადავო ფართზე უფლება არ ჰქონდა დაკარგული.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ი. მ-ი ოჯახთან ერთად იყო სადავო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი, ხოლო სკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 162-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 28 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹29 ბინა წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის ბინას, რომლის დამქირავებლად ითვლებოდა პ. მ-ი. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1977წ. 10 მაისის ¹1281 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1977წ. 15 ივნისს პ. მ-ის სახელზე გამოიწერა ¹017848 ორდერი, რომლის თანახმად, პ. მ-ის ოჯახმა დაიკავა ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებული ბინის ორდერი წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა პ. და ი. მ-ების ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა უკვე გაუქმებული საქართველოს საბინაო კოდექსის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სახელმწიფო ფონდში რიცხული ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტაზე და უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია, იხდიდნენ თუ არა ბინის დამქირავებელი მ-ები ბინის ქირას, ელექტროენერგიისა და კომუნალურ გადასახადებს. ხოლო აღნიშნულის გამოკვლევის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, სკ-ის 558-ე მუხლის თანახმად, არსებობდა თუ არა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი. შეწყდა პ. მ-თან დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება. პ. და ი. მ-ები ცნობილ იქნენ ფართზე უფლებადაკარგულად და გაუქმდა მათი რეგისტრაცია სადავო ფართზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც წარმოადგენდა სადავო ბინაზე არსებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის საფუძველს, რომელსაც მოჰყვება თანამდევი სამართლებრივი შედეგი, სადავო ფართობზე უფლების დაკარგვა და რეგისტრაციის გაუქმება. “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” დებულების 8.3 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული მისამართიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენს საცხოვრისის მესაკუთრის შუამდგომლობა. ვინაიდან დადგენილი იყო, რომ სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, ამიტომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ე. გ-ის გამოსახლების ნაწილში, არ იყო გასაჩივრებული მხარეების მიერ და შესული იყო კანონიერ ძალაში, რის გამო სააპელაციო პალატა სსსკ-ის 377-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მსჯელობდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. მ-ის წარმომადგენელმა ტ. მ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ ბინაში ცხოვრების პერიოდში იგი იხდიდა გადასახადებს ბინაში რეგისტრირებული პირების სულადობის გათვალისწინებით, მაშინდელი ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ანგარიშზე, ვინაიდან ბინა იყო მათ ბალანსზე. ისანი-სამგორის გამგეობასთან არ ჰქონია ქირავნობის ხელშეკრულება და გაუგებარია, რომელი ხელშეკრულება მოიშალა სასამართლოს გადაწყვეტილებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის წარმომადგენელ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისში, ... მდებარე ¹29 ბინა წარმოადგენს სახელმწიფო ფონდის ბინას. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977წ. 10 მაისის ¹1281 გადაწყვეტილების საფუძველზე პ. მ-ის სახელზე 1977წ. 15 ივნისს გაიცა ორდერი ¹017848, რომლის საფუძველზეც პ. მ-ის ორსულიანმა ოჯახმა დაიკავა ქ. თბილისში, ... მდებარე 41,97 კვ.მ ფართის ბინა. პ. და ი. მ-ები 1994 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. სტავროპოლში და ამ პერიოდიდან გაწყვიტეს კავშირი სადავო ბინასთან. ასევე დადგენილია, რომ ტ. მ-ა არ ცხოვრობს სადავო ბინაში და რეგისტრაციიდან მოხსნილია 2002წ. 13 მარტიდან. ბინაში ცხოვრობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი _ ე. გ-ი.
ი. მ-ის წარმომადგენელ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე. კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენება-განმარტებას და არც გადაწყვეტილების იურიდიულად არასრულად დასაბუთებას. ტ. მ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ი. მ-ს გამგეობასთან არანაირი ქირავნობის ხელშეკრულება არ ჰქონია გაფორმებული და რომ მან ბინა მიიღო მაშინდელი ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარებიდან, რადგან ბინა მათ ბალანსზე იყო. კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო ბინაში ი. მ-ის ჩასახლების საფუძველი გახდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977წ. 10 მაისის ¹1281 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ბინის ორდერი. იმ დროისათვის მოქმედი “საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” 57-ე მუხლის თანახმად, ბინაზე სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ორდერი, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცემოდა დამქირავებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის საგანს. სკ-ის 558-ე მუხლის შესაბამისად კი, დამქირავებლის მიერ 3 თვის განმავლობაში ქირის გადაუხდელობა, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ასევე სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვება თანამდევი სამართლებრივი შედეგი _ სადავო ბინაზე რეგისტრაციის გაუქმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვტილებას საფუძვლად არ უდევს მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევა. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია, რის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატას, სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია გაათავისუფლოს კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ის წარმომადგენელ ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.