საქმე№ას-756-724-2014 31 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ქ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ი. ქ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან საკასაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის გაცემული ამონაწერი ი ქ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ქულით რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.
შპს „ს-ს“ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 22 ივლისს ჩაბარდა კასატორის დედას – მ. გ-ს, რაც დადასტურებულია მისი პირადობის მოწმობის პირადი ნომრის მითითებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო გზავნილი ჩაბარება თავად მხარისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება. ამდენად, ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 23 ივლისიდან და ამოიწურა 28 ივლისს.
2014 წლის 28 ივლისს ი. ქ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც კასატორმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და წარმოადგინა სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში მისი ოჯახის 21910 ქულით რეგისტრაციის ამონაწერი, შესაბამისად, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, თუმცა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი მხარეს არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მხარეს სრულად არ შეუვსია და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. კანონის მითითებული დანაწესი მოქმედებს საკასაციო საჩივარზეც, რადგან ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და სრული შესაძლებლობა მიეცა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მან არ შეასრულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე