Facebook Twitter

№ას-80-77-2014 7 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. გ. და ნ. კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. უ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ნ. და გ. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. კ. უ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, სს `ს. ნ. და გ. კ-ის“ სასარგებლოდ, 433 710 ლარისა და 10 თეთრის დაეკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, სს „ს. ნ. და გ. კ-ასა“ და შპს „ნ. ე-ს“ შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმდა №63-070411-01 ხელშეკრულება, ს.-ნ-ის 700მმ მაგისტრალური გაზსადენის 20 კმ-დან 50 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანესს 2012 წლის 7 იანვრისა. 2012 წლის 6 იანვრის შეთანხმების მიხედვით კი, სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა მოსარჩელის მიერ ახალ სამშენებლო დერეფანში მშენებლობის ნებართვის აღებისა და მისი შპს ნ. ე-ზე გადაცემის დღიდან 65 კალენდარული დღე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელე შპს „ნ. ე-ს“ ავანსის სახით გადაუხდიდა კონტრაქტის ჯამური ღირებულების 20%, შესაბამისი ავანსის ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, ანგარიშსწორებისას შპს ნ. ე-ზე გადასახდელი თანხიდან მოსარჩელე გამოქვითავდა ანგარიშფაქტურაში და ფორმა №2-ში მითითებული თანხის 20%-ს, ვიდრე არ მოხდებოდა გადახდილი საავანსო თანხის მთლიანი მოცულობით გაქვითვა, რაც გულისხმობს სამუშაოს სრულად შესრულებას. ხელშეკრულების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ნ. ე-იმ წარადგინა სს ს. ბ-ის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მიხედვით თუ შპს ნ. ე-ი ვერ შეასრულებდა 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული №63-070411-01 ხელშეკრულების პირობებით ნაკისრ ვალდებულებას, გარანტი კისრულობდა გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის (სს ს. ნ. და გ. კ-ა) პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აენაზღაურებინა ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 3 020 800 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. 2011 წლის 9 აგვისტოს სს ს. ნ. და გ. კ-ასა და შპს ნ. ე-ის შორის დაიდო №2(დამ-090811-01) შეთანხმება, რომლის პირობების თანახმად, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირს მიენიჭა უფლებამოსილება მის მიერ მოსარჩელისთვის წარმოდგენილი სს ს. ბ-ის მიერ გაცემული საბანკო გარანტია ჩაენაცვლებინა შპს ს. კ. უ-ის მიერ იგივე თანხაზე და იდენტური პირობებით გაცემულ საბანკო გარანტიით. შესაბამისად, განხორციელდა იგივე პირობებით სს ს. ბ-ის გარანტიის ჩანაცვლება შპს ს. კ. უ-ის საბანკო გარანტიებით. ამასთან, გარანტმა ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა 6 საბანკო გარანტია, საიდანაც 5 მათგანის ამოქმედების საჭიროება მოქმედები ვადის პერიოდში არ დამდგარა.

მოსარჩელის განმარტებით, მართალია შპს ნ ე-ის მიერ არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული აქვს 12 935 449.80 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო მოსარჩელის მიერ წინასწარ ავანსის სახით გადახდილი თანხის (3 020 000 ლარის) ჩათვლით ანაზღაურებულ იქნა 12 573 871.44 ლარი, თუმცა ავანსის სახით აუთვისებელი თანხის ოდენობა შეადგენს 433 710 ლარსა და 10 თეთრს, რამდენადაც შპს ნ. ე-იმ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ 2012 წლის 9 ნოემბერს უარი თქვა ხელშეკრულებაზე. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ნ. ე-ის 2012 წლის 18 ოქტომბრიდან 2012 წლის 9 ნოემბრამდე დაეკისრა პირგასამტეხლო 3030 203.41 ლარის ოდენობით. შპს ნ. ე-იმ, ასევე, არ დაუბრუნა მოსარჩელეს მილები და სხვა სახის მასალა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 492 737.24 ლარს. ამასთან, მისი ქმედებით ზიანი მიადგა მესამე პირებს, რაც აანაზღაურა მოსარჩელემ, შესაბამისად, მან უარი თქვა ურთიერთომოთხოვნათა გაქვითვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხე მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, ვალდებული იყო სს ს. ნ. და გ. კ-ის პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აენაზღაურებინა ნებისმიერი თანხა, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით, მან მიერ დაარღვია საბანკო გარანტიის პირობები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბანეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულებულის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან საბანკო გარნტია გაცემული იყო 861388.07 ლარზე, ხოლო ოქტომბრის თვის შესრულებამ შეადგინა 994108.71 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ბენეფიციარის მოთხოვნა.

ამასთან, მოპასუხის აზრით, მოსარჩელის მიერ მითითებული მილებისა და მასალების ნაწილი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს შესრულების მიზნით ათვისებულ იქნა, თუმცა მოსარჩელე არ იბარებს შესრულებულ სამუშაოს. ზიანის არსებობის ფაქტი არ არის დადასტურებული, ასევე არ არის დადგენილი პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. ნ. და კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სქალაქო სასამართლს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ნ. და გ. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სს „ს. ნ. და გ. კ-ის “ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს „ს. ნ. და გ. კ-სა“ და შპს „ნ. ე-ს“ შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმდა №63-070411-01 ხელშეკრულება, რომლის მიხედით, შპს ნ. ე-ი, როგორც კონტრაქტორი ვალდებული იყო ჩაეტარებინა სამშენებლო სამუშაოები საგურამო-ნავთლუხის 700მმ-იანი მაგისტრალუტი გაზსადენის 20 კმ-დან 50 კმ-მდე მონაკვეთზე, საპროექტო დოკუმენტაციისა, სატენდერო მასალებისა და ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 12 800 000 ლარს დღგ-ს გარეშე. ამასთან სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანესს 2012 წლის 7 იანვრისა. ხელშეკრულების 25.1 პუნქტის თანახმად, სამუშაო ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. ამასთან, 25.2 პუნქტის მიხედვით, კონტრაქტორს ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლოს უნდა წარედგინა მოსარჩელისთვის ინფორმაცია შესრულებული სამუშაოსა და ხარჯთაღრიცხვის თაობაზე. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელე ავანსის სახით კონტრაქტორს გადაუხდიდა კონტრაქტის ჯამური ღირებულების 20%, შესაბამისი ავანსის ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, ანგარიშსწორებისას კონტრაქტორისთვის გადასახდელი თანხიდან მოსარჩელე გამოქვითავდა ანგარიშფაქტურაში და ფორმა №2-ში მითითებული თანხის 20%-ს, ვიდრე არ მოხდებოდა გადახდილი საავანსო თანხის მთლიანი მოცულობით გაქვითვა, რაც გულისხმობს სამუშაოს სრულად შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ, კონტრაქტორის მხრიდან ადგილი ექნებოდა ვალდებულების დარღვევას, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

2011 წლის 18 აპრილს სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემულ იქნა №ADV23773/11 საავანსო გადახდის საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, მან აღიარა, რომ იგი იყო გარანტორი და პასუხისმგებელი სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ მიმართ შპს „ნ. ე-ის“ მიერ 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული №63-070411-01 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგურამო-ნავთლუხის 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 20 კმ-დან 50 კმ-მდე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. ამასთან, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს, გარანტი კისრულობდა გამოუთხოვარ ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენისთანავე აენაზღაურებინა მისთვის ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 3 020 800 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.

2011 წლის 9 აგვისტოს სს „.ს ნ. და გ. კ-ასა“ და შპს „ნ. ე-ის“ შორის დაიდო №2(დამ-090811-01) შეთანხმება, რომლის პირობების თანახმად, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირს მიენიჭა უფლებამოსილება მის მიერ მოსარჩელისთვის წარმოდგენილი სს ს. ბ-ის მიერ გაცემული №ADV23773/11 საბანკო გარანტია ჩაენაცვლებინა შპს სადაზღვევო კომპანია უნისონის მიერ იგივე თანხაზე და იდენტური პირობებით გაცემულ საბანკო გარანტიით.

2011 წლის 8 აგვისტოს, 2012 წლის 3 თებერვალს, 2012 წლის 7 მარტს, 2012 წლის აპრილში, 2012 წლის 27 ივლისსა და 2012 წლის 25 სექტემბერს შპს „ს. კ. უ-მა“ გასცა ექვსი საბანკო გარანტია, პირველ ორ შემთხვევაში – 3 02 800.00 ლარზე, მომდევნო სამ შემთხვევაში – 1280501.00 ლარზე, ხოლო სადავო შემთხვევაში – 861 388.07 ლარზე;

2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული №1122137-4 საბანკო გარანტის თანახმად, შპს „ს. კ. უ-მა“ შპს „.ნ ე-ის“ თხოვნით გასცა საბანკო გარანტია სს „ს. ნ. და გ. კ-ას“ და შპს „ნ. ე-ს“ შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული №63-07-411-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის მიღებასთან დაკავშირებით. შპს „ნ. ე-ის“, როგორც პრინციპალის მიერ, სს „ს. ნ. და გ.“კ-ის, როგორც ბენეფიციარის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ავანსის მიღებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებათა პრინციპალის მიერ შეუსრულებლობისას გარანტი ბენეფიციარს გადაუხდიდა საგარანტიო თანხას, ასეთი თანხის მიღებაზე ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე. საბანკო გარანტის პირობების შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრა 861 388.07 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.

სს „ს. ნ. და გ. კ-ასა“ და შპს „ნ. ე-ს“ შორის 2011 წლის 7 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ნ. ე-მა“2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით შეასრულა 994 108.71 ღირებულების სამუშაოები;

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტის მოქმედების პერიოდში, პრინციპალს შესრულებული აქვს 994 108.71 ლარის სამუშაოები, ე.ი. 132 720.64 ლარით მეტი, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ საბანკო გარანტის პირობებს.

პალატამ არ გაიზიარა სს „ს.ნ. და გ.“ სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს „ს. კ. უ-ის“ მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა უნდა შემცირებულიყო არა შპს „ნ. ე-ის“ მიერ განხორციელებული შესრულების მთლიანი ღირებულებით, არამედ მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 20%-ით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 50-ე, 317-ე მუხლებით და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნების შესახებ და მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ს. ნ. და გ. კ-ასა“ და შპს ნ. ე-ს“ შორის 2011 წლის 9 აგვისტოს მიღწეული 32 შეთანხმების პირობები ვერ გავრცელდებოდა მოპასუხე მხარეზე.

იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით, ამასთან, საგარანტიო თანხის ოდენობა განსაზღვრული იყო 861 388.07 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და ასევე, ამ საბანკო გარანტის მოქმედების პერიოდში პრინციპალს შესრულებული ჰქონდა 994 108.71 ღირებულების სამუშაოები, ე.ი. 132 720.64 ლარით მეტი, ვიდრე ამ საბანკო გარანტიით იყო გათვალისწინებული, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ სარჩელის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტიის პირობებს.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 887.1-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყოველი მომდევნო გარანტიით საგარანტიო თანხა განისაზღვრებოდა წინა საგარანტიო თანხაზე შპს „ნ. ე-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 20%-ის გამოკლებით მიღებული თანხით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც 2011 წლის 8 აგვისტოს, ისე 2012 წლის 3 თებერვალს შპს „ს. კ. უ-ის“ მიერ გაიცა საბანკო გარანტიები ერთსა და იმავე თანხაზე - 2 01 800.00 ლარზე იმ პირობებში, როდესაც, თვით სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მხოლოდ 2011 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 108 907.84 ლარი. აპელანტის მითითებული მოსაზრება გაქარწყლებულია 2012 წლის 7 მარტს, 2012 წლის აპრილში და 2012 წლის 27 ივლისს გაცემული საბანკო გარანტიებითაც, რა დროსაც, საგარანტიო თანხის ოდენობად სამივე შემთხვევაში მიეთითა 1 280 501.00 ლარი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პრინციპი სრულად იყო დაცული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ნ. და გ. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს უდავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს შპს „ს. კ. უ-ის“ მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემული №1122137-4 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის (შპს „ნ. ე-ი“) მიერ ბენეფიციარის (სს „ს. ნ. და გ. კ-ა“) სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების სრული ოდენობით. აღნიშნული გარემოება (საბანკო გარანტიიდან სრულად უნდა გამოქვითულიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება და მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 20% უნდა გამოქვითულიყო) წარმოადგენს საკვანძო საკითხს საქმის სწორად გადასაწყვეტად. საქმის განხილვის დროს კასატორის (როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში) წარმომადგენლებმა არაერთხელ მიუთითეს, განმარტეს და წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხა რეალურად მცირდებოდა არა შპს „ნ. ე-ის“ მიერ განხორციელებული შესრულების მთლიანი ღირებულებით, არამედ მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებული 20%-ის ოდენობით. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ კ-ის მიერ სადავოდ გახდომის გამო არ ექვემდებარებოდა აღნიშნული გარემოება უდავოდ მიჩნევას, იგივე მსჯელობას ავითარებს პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში, რაც არასწორია.

კასტორის მითითებით, ხელშეკრულების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონსტრაქტორმა თავდაპირველად კორპორაციაში წარმოადგინა სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიები, რომელშიც ასახული იყო მხარეებს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პრინციპები (შესრულებული სამუშაოების 20%-ის გამოქვითვა კორპორაციის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხიდან და მხოლოდ საავანსო თანხიდან გამოქვითული ოდენობით საბანკო გარანტიის შემცირება).

2011 წლის 9 აგვისტოს კორპორაციასა და კონტრაქტორს შორის გაფორმდა შეთანხმება №2(დამ-090811-01), რომლითაც კონტაქტორს მიეცა უფლება სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია ჩაენაცვლებინა შპს „ს. კ. უ-ის“ მიერ იგივე თანხაზე და იდენტური პირობებით გაცემული საბანკო გარანტიით. აღნიშნულის საფუძველზე, კონტრაქტორმა სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული გარანტია ჩაანაცვლა შპს „ს. კ. უ-ის“ (შემდეგში გარანტი) საბანკო გარანტიით. გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტრაქტორი ახორციელებდა ახალი საბანკო გარანტიების წარმოდგენას. სულ გარანტმა ბენეფიციარის საარგებლოდ გასცა 6 გარანტია. ბოლოს წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2012 წლის პირველი ნოემბრის ჩათვალით.

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 30 ოქტომბრისათვის კონტრაქტორისათვის კორპორაციის მიერ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან აუთვისებელი (გამოუქვითავი) იყო 632 531.91 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა იწურებოდა მომდევნო დღეს. 2012 წლის 30 ოქტომბერს №3010-4-12-03/4 წერილით მივმართეთ გარანტს საბანკო გარანტიის ამოქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა. გარანტმა არ შეასრულა გარანტიით ნაკისრი ვალდებულება და კორპორაციის თანხა არ ჩაურიცხა. 2012 წლის 22 ნოემბერს კორპორაციამ აცნობა გარანტს თავდაპირველად მოთხოვნილი თანხის, კორექტირების/შემცირების შესახებ, ხოლო კორეტირებულმა მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 433.710.22 ლარი. მიუხედავად კორპორაციის მოთხოვნებისა, გარანტორის, შპს „ს. კ. უ-ის“ მხრიდან დღემდე არ ხდება მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით შპს „ს. ნ. და გ. კ-ია“ იძულებული იყო მიემართა სასამართლოსათვის.

მოპასუხე არ დაეთანხმა კორპორაციის მოთხოვნებს და საკუთარი პოზიცია დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ საბანკო გარანტიაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით და, შესაბამისად, ვინაიდან ოქტომბრის თვის მთლიანი შესრულება აღემატება გარანტიის თანხას, გარანტიის თანხა შემცირებულად უნდა ჩაითვალოს (რაც ფაქტიურად სრული მოცულებობით გაიზიარა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ მცირდებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 20%-ით. ასევე სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ადგილი არ აქვს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევას. რეალურად, კასატორის მიერ ზემოთ მითითებული არგუმენტაციის საფუძველზე, ერთადერთი სწორი დასკვნა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მხედველობაში მიღებით ის იქნებოდა, რომ სასამართლოს დადგენილად მიეჩნია საბანკო გარანტიიდან მხოლოდ შესრულებული სამუშაოების 20%-ის გამოქვითვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოდავე მხარეები საკუთარი მოქმედებებით თავიდანვე და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც აღიარებდნენ, რომ უ-ის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და მისი პირობები სრულ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო და იყო №63-070411-01 კონტრაქტის მოთხოვნებთან, რის გამოც კორპორაციის სასარჩელო მოთხოვნა იყო საფუძვლიანი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული (ისევე როგორც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, დასაბუთებული ვერც იქნებოდა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო) კორპორაციის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებაც შეუძლებელია (ჩვენ სასამართლოსაგან ვერ მივიღეთ დამაჯერებელი დასაბუთება საკუთარ არგუმენტაციაზე), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების თანახმად გადაწყვეტილებიპს გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სასამართლო საკუთარ დასკვნებამდე მივიდა მხოლოდ ვიწრო, ზედაპირული მსჯელობის შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლისა და შეფასების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციის სააპელაციო საჩივარი იყო სრულყოფილად დასაბუთებული, მოიცავდა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების სხვადასხვა სეგმენტსა და მრავალ ასპექტს, სასამართლოში წარვადგინეთ სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მინიმალურადაც არ შეიცავს კორპორაციის პოზიციის არამართებულობისა და არამართლზომიერების დასაბუთებას. კასატორის აზრით, განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგ გარემოება: უ-ის მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს გაცემულ საბანკო (სულ უ-მა გასცა 6 საბანკო გარანტია) გარანტიაში მითითებულია, რომ ის გაცემულია №63-070411-01 კონტრაქტის საფუძველზე (ანუ ის ასახავს კონტრაქტის მოთხოვნებს), ამასთან, თავად უ-ი პირველ გარანტიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში მოქმედებდა კონტრაქტის მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ მე-6 გარანტიასთან დაკავშირებით წამოაყენა უ-მა განსხვავებული პოზიცია (მიუხედავად იმისა, რომ მე-6 გარანტიასთან დაკავშირებით წამოაყენა უ-მა განსხვავებული პოზიცია (მიუხედავად იმისა, რომ მე-6 გარანტიის შინაარსიც იყო წინა 5 გარანტიის შინაარსის იდენტური) –როდესაც უ-ის მიმართ დაყენებულ იქნა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა. ამ საკვანძო საკითხთან, ისევე როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოსგან სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღეთ, მხარის უფლება სასამართლოს წინაშე შუამდგომლობებისა და მოთხოვნების განცხადების და დაყენების შესახებ, გულისხმობს იმის უფლებასაც, რომ ამ შუამდგომლობებზე და მოთხოვნებზე მხარემ სასამართლოსაგან მიიღოს დასაბუთებული პასუხი – მათი უარყოფის ან დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლო კი, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მცირედი განმარტებით შემოიფარგლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% –5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 14 იანვარს №43 ელეტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე