Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-821-779-2014 21 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ე. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. ფ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „თ. ფ-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება – 81 506,36 ლარისა და 2012 წლის 29 მარტიდან დავალიანების დაფარვამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 8,5%-ის გადახდა, რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგენს 1 614 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ჯ-ს“ შპს „თ. ფ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 81 506,36 ლარისა და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით, 2012 წლის 29 მარტიდან დავალიანების – 81 506,36 ლარის დაბრუნებამდე, ყოველწლიურად 81 506,36 ლარის 8,5%-ს გადახდის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, შპს „ე. ჯ-ი“ გადახდის ტერმინალების საშუალებით და შპს „თ. ფ-ის“ პროგრამული უზრუნველყოფით ახორციელებდა გადამხდელებისაგან გადასახადების მიღებას და ოპერატორების რეკვიზიტების შესაბამისად მათ შემდგომ გადარიცხვას.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, წარედგინა საბანკო გარანტია, რომლის ფარგლებშიც შეეძლო მიეღო გადახდები.

შპს „ე. ჯ-ის“ მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში წარდგენილ იქნა ორი საბანკო გარანტია 2009 წელს და 2010 წელს.

2010 წლის საბანკო გარანტია მოქმედებდა 2011 წლის 14 ივლისამდე.

სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს ახალი გარანტია არ წარუდგენია, მიუხედავად ამისა, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ შეწყვეტილა. შპს „ე. ჯ-ი“ გადახდების მიღებას აწარმოებდა შპს „თ. ფ-ის“ მიერ ოვერდრაფტის პრინციპის საფუძველზე მიღებული თანხიდან, კერძოდ, ხდებოდა შპს „თ. ფ-ის“ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა კონკრეტული ოპერატორის სასარგებლოდ, ხოლო შემდგომ უკვე გახარჯულ თანხას ანაზღაურებდა შპს „ე. ჯ-ი“.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2011 წლის დეკემბრის ბოლოსთვის შპს „ე. ჯ-ის“ დავალიანება, „ნ-ს“ პროგრამიდან გამომდინარე, შეადგენდა 95 813,78 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ე. ჯ-ის“ მიერ შპს „თ. ფ-ის“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენების შედეგად განხორციელდა გადახდები კონკრეტული ოპერატორების სასარგებლოდ.

ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისთვის გახარჯული თანხა არ აუნაზღაურებია. „ე-ის“ პროგრამიდან გამომდინარე, შპს „ე. ჯ-ის“ დადებითი ბალანსი შეადგენდა 12 776,51 ლარს. აღნიშნული თანხების სხვაობის გამოანგარიშებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება 81 506,36 ლარის ოდენობით.

პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 81 506,36 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ე. ჯ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი არ იყო და შეიცავდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებულ ცალმხრივ ინფორმაციას.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს იმაზე მეტი თანხა ჰქონდა გადახდილი მოწინააღმდეგე მხარისათვის, ვიდრე გადახდები მიიღო.

სააპელაციო პალატამ არ შეაფასა გადაწყვეტილებაში მოცემული გარემოებები და შპს „ე. ჯ-ის“ ვალდებულებად ჩათვალა მხოლოდ 2011 წლის დეკემბრისათვის კასატორის მიერ მითითებული 95813,78 ლარის – უარყოფითი ნაშთისა და დადებითი ნაშთის – 12776,51 ლარის სხვაობა.

საგულისხმოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს მაშინ, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „ე. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ე. ჯ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ე. ჯ-ს“ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 2864,41 ლარის 30%-ის – 859,32 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ე. ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 859,32 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე