№ას-88-84-2014 7 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე. პ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ც. გ-ე, ე გ.-ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. გ-მ და ე. გ.-ლ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ე. პ. ჯ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის, მოსარჩელეების სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის – 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბაღდათში, ა-ის ქუჩის, მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც გაყოფილი იყო ორ ნაწილად, საიდანაც ერთი ნაწილი ეკუთვნოდა მოსარჩელეებს, ხოლო მეორე ნაწილი ნ. გ-ს.
2011 წლის 2 დეკემბერს დაახლოებით 4 საათზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, რომელიც მთლიანად დაიწვა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №0002250945 ბაღდათის შს რაიონულ სამმართველოში, გამოძიების დროს ჩატარდა ექსპერტიზები.
ექსპერტიზის № 009845-2012/2013 დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი თშK 221106-074 მარკის ელექტრომრიცხველის დაზიანების მიზეზია შემავალი ძაბვის პარალელურად ჩართული კონდესატორის დაზიანება (გაგლეჯვა). აღნიშნული კოდესატორის დაზიანება შეიძლება გამოეწვია ნომინალურზე მაღალი ძაბვის მოწოდებას, ბინაში შემავალ ქსელში.
მოსარჩელის მითითებით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2011 წლის 2 დეკემბერს უეცარმა, დიდი სიმძლავრის ელ-ენერგიამ გამოიწვია ხანძარი და სახლი მთლიანად დაიწვა. ასევე, ელექტროენერგიის შემოყვანასა და მის ფუნქციონირებაზე ვალდებულია ,,ე.-პ.-ჯ-ა”. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილი ე. გ-ე 2011 წლის აგვისტოს შემდეგ ბაღდათში არ ყოფილა და არც ელექტროენერგია გამოუყენებია იმ პერიოდისათვის. დაიწვა სახლი და წლების განმავლობაში შეძენილი ნივთები, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, რითაც განსაზღვრულია მოსარჩელეზე მიყენებული ზარალის ოდენობა.
მოპასუხე სს „ე. პ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ც. გ-ისა და ე. გ.-ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ას“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 37.445.32 ლარის გადახდა. (საიდანაც ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 24.876.88 ლარს-დ.ღ.გ-ს გარეშე, ხოლო 12.568.44 ლარი შეადგენს დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას დ.ღ.გ-ს გარეშე), მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბჟი 1123.35 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 1131.50 და ადვოკატის მომსახურების 500 ლარი. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა ორივე მხარემ.
აპელანტმა სს ,,ე. პ. ჯ-ამ“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აპელანტებმა ც. გ-მ და ე. გ.-ლ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ე. პ. ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ც. გ-ის და ე. გ.-ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სს ,,ე. პ. ჯ-ასათვის” თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. გ-ისა და ე. გ.-ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,ე. პ. ჯ-ას” ც. გ-ისა და ე. გ.-ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის - 47 120,6 ლარის, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურება, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სს ,,ე. პ. ჯ-ას” ც. გ-ის და ე. გ.-ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის 1627,25 ლარის ანაზღაურება (გადახდილი სახ. ბაჟი და ადვოკატის ხარჯი).
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ც. გ-ისა და ე. გ.-ლ-ს გააჩნიათ უძრავი ქონება - მდებარე ქ. ბაღდათში ა-ის ქუჩა მე-2 შესახვევი №5-ში. სახლს საერთო კედელი ჰყოფდა ნ. გ-ის საკუთრებიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით (ს.ფ. 19-20) ირკვევა, რომ 2011 წლის 02 დეკემბერს ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ც. გ-ის საკუთრებაში და ე. გ.-ლ-ის მფლობელობა-სარგებლობაში არსებული ქ. ბაღდათში ა-ის ქუჩის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.
საქართველოს შსს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს 2012 წლის 2 მარტის №26/ს.ტ-107ს.ქ. დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 02 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზია მოკლე ჩართვა. ხანძრის კერა დაფიქსირდა შენობის ჩრდილოეთ მხარეს, სხვენის შუა ნაწილში (ს.ფ. 47-51).
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 2 მარტის №26/ს.ტ-107/ს.ქ. დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 02 დეკემბერს, ქ. ბაღდათში, ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზია მოკლე ჩართვა. ხანძრის კერა დაფიქსირდა, შენობის ჩრდილოეთ მხარეს, სხვენის შუა ნაწილში.(ს.ფ.25-29) ამავე დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ელექტრომრიხველის დაზიანების მიზეზია შემავალი ძაბვის პარალელურად ჩართული კონდესატორის დაზიანება. აღნიშნული კონდესატორის დაზიანება შეიძლება გამოეწვია ნომინალურზე მაღალი ძაბვის მიწოდებას ბინაში შემავალ ქსელში.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №ს/ტ438 დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 02 დეკემბერს, ქ. ბაღდათში, ნ. გ-ის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შემდგომ ამოღებული ელქტროსადენის ერთ ნაწილს (№7 პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულს), აღენიშნება გარდამავალი წინაღობისა და მეორადი (ხანძრის შემდგომი) მოკლე ჩართვის დამახასითებელი ნიშნები, ხოლო მეორე ნაწილ (№5 პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულს) ელექტროსადენს აღენიშნება პირველადი (ხანძრამდელი) მოკლე ჩართვის დამახასიათებელი ნიშნები. (ს.ფ. 56-59).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ ნ გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12200 ლარის ანაზღაურება. იმავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 მაისის 2/ბ-57 გადაწყვეტილებით სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 43.095,27 ლარის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის 1500 ლარის ანაზღაურება.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის თანახმად, ქ. ბაღდათში, ა-ის მე-2 შეს. №5-ში მდებარე სახლზე ე. გ-ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 31.304.4 ლარი. იმავე დასკვნით, ქ. ბაღდათში, ა-ის მე-2 შეს. №5-ში მდებარე სახლის საწყის მდგომარეობამდე აღდგენისათვის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 15.813.2 ლარს.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ს., მ. და გ. გ-ებმა განმარტეს, რომ მათთვის ცნობილია იმის შესახებ, რომ 2011 წლის 02 დეკემბერს იმ უბანს სადაც მოსარჩელე ცხოვრობს მიეწოდებოდა უხარისხო ელ. ენერგია. მათივე განმარტებით, ც. გ-ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული იყო კეთილმოწყობილი და ყველა ოთახში იდგა ავეჯი. მეორე სართულს ჰქონდა ხის კარ-ფანჯარა, ასევე მეორე სართულზე ეწყო პარკეტი იატაკის მოსაწყობად.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მ. ქ-მ განმარტა, რომ ქ. ბაღდათში, ა-ის მე-2 შეს. №5-ში მდებარე სახლზე აღდგენითი სარემონტო სამუშაოები ჩაატარა მან, სხვა კერძო პირებთან ერთად. მისივე განმარტებით, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი თშK 221/06-074 მარკის ელექტრომრიცხველის დაზიანების მიზეზია შემავალი ძაბვის პარალელურად ჩართული კონდესატორის დაზიანება (გაგლეჯვა); აღნიშნული კონდესატორის დაზიანება შეიძლება გამოეწვია ნომინალურზე მაღალი ძაბვის მიწოდებას ბინაში შემავალ ქსელში; მოკლე ჩართვისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღინიშნება, როგორც ელექტრომრიცხველში, ასევე 50 ამპერიან ავტომატურ გამომრთველში, რომელიც მოკლე ჩართვაზე რეაგირებს გამართულად. (ს.ფ. 41-46).
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
საქმის განხილვისას უდავოდ დადასტურდა, რომ მოსარჩელეებს ელ. ენერგიას აწვდის მოპასუხე ორგანიზაცია, რადგან დენის გამანაწილებელი, რომლითაც ელ. ენერგია მიეწოდება მოსარჩელეებს, წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. ასევე დადასტურდა, რომ მრიცხველი მოსარჩელის სახლში დაამონტაჟა მოპასუხის წარმომადგენელმა მუშაკმა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1 და 317.1-ე, 992-ე მუხლებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილი იყო ზიანის მიყენების - დელიქტის საფუძველზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოიხატება საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურებაში, რაც გამოწვეულია სს ,,ე. პ. ჯ-ას’’ გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 02 მარტის №26/ს.ტ-107/ს.ქ. დასკვნის შეფასების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბაღდათში, დ. ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზია ნომინალურზე მაღალი ძაბვის მიწოდება ბინაში შემავალ ქსელში. ვინაიდან, მომეტებული საფრთხის წყარო-დენის ტრანფორმატორი, საიდანაც ქ. ბაღდათში დ. ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მოპასუხე სს ”ე.-პ. ჯ-ას” კუთნილებაა, პალატის აზრით, სკ-ის მე-1000 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს ბინაში ელექტროენერგიით გაჩენილი ხანძრის გამო, მოპასუხე სს ”ე.-პ. ჯ-ას” გააჩნია ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს, ქ. ბაღდათში დ. ა-ის მე-2 შესახვევი №5-ში მდებარე ც. და ე. გ-ების საცხოვრებელ სახლს ხანძრის გაჩენის დროს მიეწოდებოდა უხარისხო ელექტროენერგია.
პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე სს ”ე.-პ. ჯ-ას” წარმომადგენელთა მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს, ქ. ბაღდათში დ. ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ც. და ე. გ-ების საცხოვრებელ სახლს ხანძრის გაჩენის დროს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა და, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებმაც აჩვენეს, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს უხარისხო ელ. ენერგია მიეწოდებოდათ მოსარჩელეებს, არც ერთი არ წარმოადგენდა იმ მიმართულების აბონენტს, რომელსაც ც. და ე. გ-ები მიეკუთვნებოდნენ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ გარემოების დასადასტურებლად, სს ”ე.-პ. ჯ-ას” სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
საქმეში განთავსებული ე.წ. ”გამოკვლევის აქტი”, რაც შედგენილია სს ,,ე. პ. ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ბაღდათის მომსახურეობის ცენტრის თანამშრომლების მიერ, მართალია შეიცავს ჩანაწერს, რომ ,,ც. გ-სა და ნ. გ-ს ხანძრის გაჩენამდე და ხანძრის შემდეგ ძაბვა არ მიეწოდებოდა”, მაგრამ ამ ფაქტის დასადასტურებლად, გარდა შიდა საუწყებო ჩანაწერისა სხვა უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, მათ შორის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არ ყოფილა აქტში მითითებული ის 2 აბონენტი, რომლებიც სს ”ე.-პ. ჯ-ას” მითითებით მუდმივი მაცხოვრებლებია და იმავე მიმართულების აბონენტებია, რომელსაც ც. და ე. გ-ები წარმოადგენენ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სს ”ე.-პ. ჯ-ა”, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი და უხარისხო პროდუქტის მიმწოდებელი, ვალდებულია აანაზღაუროს ც. და ე. გ-ებისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.
პალატის განმარტებით, მართალია აპელანტებს ც. და ე. გ-ებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ მოძრავი ნივთების ანუ ავეჯის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სათანადო წერილობითი მტკიცებულებები (მაგ. აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა, ქონების შეძენის დამადასტურებელი ან გადახდის ქვითრები), მაგრამ მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ც. და ე. გ-ებს საცხოვრებელ სახლში გააჩნდათ გარკვეული სახის და ღირებულების ავეჯი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა (ხანძარი კი გამოწვეულია სს ,,ე. პ. ჯ-ას” ბრალეული მოქმედებით). ასეთ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია ც. და ე. გ-ების საცხოვრებელ სახლში დამწვარი ნივთების ანუ ავეჯის ღირებულება შეფასდეს 5 000 ლარით და ავეჯის დაზიანებისათვის ამ თანხის სს ,,ე. პ. ჯ-ასათვის”დაკისრება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლზე და იმის გათვალისწინებით, რომ ც. და ე. გ-ების საცხოვრებელი სახლი და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები მთლიანად დაზიანებულია (დამწვარია) და მისი პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა შეუძლებელია, მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვღულიყო შემდეგნაირად: 1) სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის თანახმად, ქ. ბაღდათში, ა-ის მე-2 შეს. №5-ში მდებარე სახლზე ე. გ-ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 31.304.4 ლარი. იმავე დასკვნით, ქ. ბაღდათში, ა-ის მე-2 შეს. №5-ში მდებარე სახლის საწყის მდგომარეობამდე აღდგენისათვის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 15.813.2 ლარს. სულ 47 117,6 ლარს. 2) საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ს., მ. და გ. გ-ებმა განმარტეს, რომ ც. გ-ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული იყო კეთილმოწყობილი და ყველა ოთახში იდგა ავეჯი. მეორე სართულს ჰქონდა ხის კარ-ფანჯარა, ასევე მეორე სართულზე ეწყო პარკეტი იატაკის მოსაწყობად. ამ თანხების (47 120,6 ლარს (სახლის დაწვით გამოწვეული ზიანის ოდენობას) + 5000 ლარი (ავეჯის ღირებულება) გადახდა ც და ე გ-ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სს ”ე.-პ ჯ-ას”.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხე) სს ”ე.-პ. ჯ-ას” წარმომადგენელთა მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ც. და ე. გ-ებს მითითებული მოძრავი ნივთები არ გააჩნდათ და რომ ამ ნივთების ღირებულების 100 000 ლარით განსაზღვრა არარეალურია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელ სახლში მითითებული მოძრავი ნივთები, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და თვით მხარის განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენს, რომ ც. და ე. გ-ების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები მთლიანად დაიწვა. ც. და ე. გ-ებმა მოძრავი ნივთების ღირებულება 100 000 ლარით განსაზღვრეს, რაც პალატამ არ გაიზიარა დამწვარი ავეჯის ამ ოდენობის ღირებულებას სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო. თუმცა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ც. და ე. გ-ებს საცხოვრებელ სახლში გააჩნდათ გარკვეული სახისა და ღირებულების ავეჯი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. და, ვინაიდან არ არსებობდა სათანადო მტკიცებულება ღირებულების განსაზღვრისათვის ასეთ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია ც. და ე გ-ების საცხოვრებელ სახლში დამწვარი ნივთების ანუ ავეჯის ღირებულება შეფასდეს 5 000 ლარით და ავეჯის დაზიანებისათვის ამ თანხის სს ,,ე. პ. ჯ-ასათვის”დაკისრება.
ვინაიდან, აპელანტმა (მოპასუხემ), სს ”ე.-პ. ჯ-ამ” სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელეს მიერ მითითებული, განადგურებული მოძრავი ნივთების ღირებულების, 5 000 ლარის საწინააღმდეგო მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ”ე.-პ. ჯ-ამ” ვერ შეძლო სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელეს 5000 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები არ გააჩნდა.
ამ მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოძრავი ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.
პალატამ ასევე არ გაიზიარა სს ”ე.-პ. ჯ-ას” წარმომადგენელთა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ც. და ე. გ-ების საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს შპს ,,აუდიტ ცენტრ იბერიას’’ 2013 წლის 27 მაისის დასკვნაში დაფიქსირებული ოდენობით- 29 450 ლარით. პალატის განმარტებით, მითითებული დასკვნით დადგენილია ც. და ე. გ-ების სახლის საბაზრო ფასი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით და არა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისათვის საჭირო ღირებულება. ვინაიდან, საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურებულია, სკ-ის 408-409-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა მიეცეს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება და აღნიშნულის მიზნით, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №009845-2012/02/3 დასკვნის მიხედვით- 47 120,6 ლარი.
სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის სს,,ე. პ. ჯ-ას” მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, შედგენილია და ეხება მხოლოდ ნ. გ-ის საკუთრებას და შემხებლობა არ აქვს მოსარჩელის საკუთრებასთან რადგან, სსს კოდექსის 106-ე მუხლით დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 მაისის 2/ბ-57 გადაწყვეტილებით სს ,,ე.-პ. ჯ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 43.095,27 ლარის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის 1500 ლარის ანაზღაურება. იმავე საქმეში მოპასუხეებად მითითებული იყო ც. გ-ე და ე. გ.-ლ-ე, რომელთა მიმართ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის- სს,,ე. პ. ჯ-ას” მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. გ-ე არ წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლით - ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. იმავე კოდექსის 155 -ე მუხლით - მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ე.ი. მფლობელობა ფაქტია და ამ მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ ც. გ-ე და ე. -გ. ლ-ე არიან დედა -შვილი. ასევე უდავოა, რომ ე. -გ.- ლ-ს კანონშესაბამისად არ შეუწყვეტია ნივთით მფლობელობა და სარგებლობა, რადგან სს კოდექსის 156-ე მუხლით მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს მას. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ე. გ.- ლ-მ მიატოვა მფლობელობა, მას აქვს მოთხოვნის უფლება და იგი სათანადო მოსარჩელეა და მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია არ მოქმედებს.
რაც შეეხება აპელანტების ც. და ე. გ-ების მოთხოვნას 100 000 ლარის (სს ”ე.-პ. ჯ-ასათვის” დაკისრებაზე (ანუ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე) პალატამ არ გაიზიარა სათანადო მტკიცებულებების არ არსებობისა და წარმოუდგენლობის გამო.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში, პალატამ მიიჩნია, რომ კანონიერი იყო, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარი, ხოლო ექსპერტიზისათვის 1131,50 ლარი.
ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (და იგივე ბედი ეწია სარჩელს სააპელაციო სასამართლოშიც ანუ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა), მოპასუხეს სწორად დაეკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟი 37.445.32 ლარის 3% - 1123.35 ლარი (დაკისრებული თანხის 3%). ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული ექსპერტიზის ხარჯი 1131.50 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 500 ლარი და არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ამ ნაწილში.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ სს ,,ე. პ. ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ც. გ-ისა და ე. გ.-ლ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც ნაწილობრივ საფუძვლიანი, ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე. პ. ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის დავები, თავისი არსიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ისეთ სპეციფიკურ დავათა რიცხვს, რომელთა გადაწყვეტის დროს აუცილებელია საექსპერტო დასკვნა, რომელიც უტყუარად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურებს მოსარჩელე მხარის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს და ამ ხანძრის გაჩენას ს/ს „ე.-პ. ჯ-ას“ ბრალეულობას (განზრახ ან გაუფრთხილებლად), რასაც ამ კონკრეტულ შემთხვეფვაში ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად ექსპერტიზის არაერთზის ჩატარებისა, ც. და ე. გ-ებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ენერგოკომპანიის ბრალს მათთვის ზიანის მიყენებაში. საქმეში არ არსებობს არანაირი უშუალო მტკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებდა თუ რა გახდა გ-ების საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზი და, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის განადგურება მოხდა ენერგოკომპანიის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოსარჩელე მხარის სურვილებზე და მოსაზრებებზე დაყრნობით ჩათვალა, რომ გ-ების საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს წამოადგენდა უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდება და მხოლოდ მოსარჩელეთა სურვილებზე და მითითებებზე დაყრდნობით, ყოველგვარი უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, განსაზღვრა ს/ს „ე.-პ. ჯ-ას“ მიერ გ-ებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანი ისე დააკისრა, რომ არ დაუდგენია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურებასა და სს „ე.-პ. ჯ-ას“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის განადგურება მოხდა ხანძრის შედეგად და ამ უკანასკნელს მიადგა გარკვეული ოდენობის ზიანი, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავთ ხანძრის გამომწვევ მიზეზად უხარისხო ელ.ენერგიის მიწოდებას და მოკლე ჩართვის ფაქტის არსებობას. 2011 წლის 29 ნოემბრიდან 03 დეკემბრამდე აღნიშნულ უბანს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა, რასაც ადასტურებს როგორც ამონაწერები სადისპეჩერო და ქვესადგურის ოპერატიული და განწესების რეგისტრაციის ჟურნალებიდან, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 19.12.2011 წერილი და ამავე სამსახურის პასუხისმგებელი მორიგის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ თითქოსდა ს.ს. „ე. პ. ჯ-ამ“ ამ ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა მხოლოდ ბაღდათის მომსახურების ცენტრის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ე.წ. „გამოკვლევის აქტი“ და რომ სხვა არანაირი მტკიცებულება ამ გარემოების დამადასტურებელი არ წარმოუდგენია, არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლომ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გარეშე იგნორირება გაუკეთა, არ გამოიკვლია და არ მისცა სათანადო შეფასება ყველა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისგან განსხვავებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელეებს მიეწოდებოდათ უხარისხო ელ.ენერგია.
კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან ვერც აპელანტი და ვერც სასამართლო ვერანაირად ვერ ადასტურებენ კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და ვერც რაიმე სამართლებრივ ნორმას მიუთითებენ, რომელიც კომპანიამ დაარღვია.
კასატორი არ ეთანხმება ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მითითებას. აღნიშნული მუხლი შეეხება პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის. საფრთხე კი მომეტებულად უნდა ჩაითვალოს. თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო. რომ შუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. თავისი არსით ქმედება, რომელიც დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან, დაშვებულია, მართლზომიერია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აქაც დაეკისრება პირს მხოლოდ ბრალეული მოქმედების შემთხვევაში, ასეთის არსებობა კი უდაოდ გამორიცხულია, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების გათვალისწინებით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 1009-ე, 1010-ე და 1011-ე მუხლებზე მითითებას, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კომპანიის მხრიდან წუნდებული პროდუქციის მიწოდების ფაქტი, თუმცა რას ეფუძნება მისი ეს მოსაზრება, არსად არ არის განმარტებული. ბუნებრივია, ვერ განმარტავდა სასამართლო, რადგან საქმეში არ არსებობს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა დადგენილი ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზების ფაქტობრივი გარემოება და არასწორადაა შეფასებული ექსპერტიზის დასკვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით სს „ე. პ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე. პ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ე. პ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2856.03 ლარის) 70% –1999.22 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე. პ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 9 იანვარს №639 ელეტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2606.03 ლარისა) და 2014 წლის 6 თებერვალს №989 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (250 ლარის ), სულ 2856.03 (2606.03 +250) ლარის 70% – 1999.22 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე