Facebook Twitter

№ას-91-87-2014 14 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი, ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. რ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. რ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ნ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. და ი. რ-ების წინააღმდეგ და მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს მ. ბ-სა და მ. რ-ს შორის დადებული გარიგება გურჯაანის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე უძრავ ნივთზე; მოპასუხეებს: მ. რ-სა და ი. რ-ს სოლიდარულად დაეკისროთ მ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240 ლარი და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი - 500 ლარი.

მ. და ი. რ-ებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მ. და ნ. ბ-სთვის სესხის სახით მიღებული ძირიტადი თანხის - 10500 აშშ დოლარის გადახდა და 2010 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური პრეცენტების 525 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების მ .რ-ისა და ი. რ-ის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს დადებული გარიგება მ. რ-სა და მ. ბ-ს შორის გურჯაანის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №.. .. ..). დაკმაყოფილდა მ. რ-ისა და ი. რ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: მ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ, მ. ბ-ს და ნ. ბ-ს მ. რ-ისა და ი. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 10500 აშშ დოლარისა და 2010 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური პროცენტის 525 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მ. რ-ს და ი. რ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 240 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა მ. ბ-ის სასარგებლოდ. ნ. ბ-ს და მ. ბ-ს დაეკისრათ შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 526, 81 (ხუთასოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) მ. რ-ის და ი. რ-ის სასარგებლოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა და ნ. ბ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მ. და ი. რ-ების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. რ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ-სა და ნ. ბ-ს ი. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი თანხის სახით 10500 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 1400 აშშ დოლარის ანაზღაურება, მ. რ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. რ-სა და ი. რ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრაოთ სახელმწიფო ბაჟის 343 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თელავის რაიონული სასამართლოს 12.03.2013წ. გადაწყვეტილება მ. რ-სა და მ. ბ-ს შორის 24.09.2009წ. დადებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული არ არის და შესულია კანონიერ ძალაში (ტ. II, ს.ფ. 128,129).

წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს თელავის რაიონული სასამართლოს 12.03.2013წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და მ. ბ-ს და ნ. ბ-ს მ. რ-ისა და ი. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 10500 აშშ დოლარისა და 2010 წლის სექტემბრიდან ყოველთვიური პროცენტის - 525 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ტ. II, ს.ფ. 131-144).

შეგებებული სარჩელის თანახმად, ი. რ-მ იპოთეკით დატვირთა მეუღლის ბინა და აღებული თანხა 6 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა მ. ბ-ს. შეგებებული სარჩელის ავტორების განმარტებით, მ. ბ-მა არ შეასრულა ვალდებულება ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის თაობაზე და, რომ არ მომხდარიყო უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ი. რ-ე იძულებული გახდა კვლავ დაეგირავებინა უძრავი ქონება 14 000 აშშ დოლარად, სადანაც 10 500 აშშ დოლარი გადაეცა ბინის მოგირავნეს მ. ბ-ის ვალში 29.09.2010წ. სესხი იყო სარგებლიანი, თვეში 5%-ის დარიცხვით და მ. ბ-ს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 525 აშშ დოლარი. შეგებებული სარჩელის ავტორების განმარტებით, ის გარემოება, რომ ბ-ს გააჩნიათ 10 500 აშშ დოლარის ძირი თანხის და პროცენტის გადახდის ვალდებულება, დადასტურებულია ნ. ბ-ის მიერ შედგენილი ხელწერილით (ტ. I, ს.ფ. 76-86).

ამდენად, პალატის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, მხარეთა შორის რეალურად სასესხო ურთიერთობის არსებობა/არასებობის ფაქტი და ასეთი ურთიერთობის არსებობის დადგენის შემთხვევაში განისაზღვროს სასესხო ვალდებულების პირობები და შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 28.03.2011წ. მ. ბ-ი მ. რ-ისა და ი. რ-ის მიმართ აღძრულ სარჩელში მ. ბ-სა და მ. რ-ს შორის 24.09.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდა სწორედ იმ გარემოებას, რომ მ. ბ-ს და მ. რ-ს შორის რეალურად ადგილი ჰქონდა სასესხო ხელშეკრულებას და ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სხვა გარიგება (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 2-11). მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს ვ. რ-ის მიერ შედგენილი ჩანაწერები, რომელიც ერთვის სარჩელს და თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2010წ. გადაწყვეტილება (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 5, 9).

ამდენად, თავად მ. ბ-ი ადასტურებს მას და ი. რ-ს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, ხოლო ზემოაღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მის სარჩელზე თანდართულ ჩანაწერებს სასესხო ურთიერთობის შესახებ.

მ. ბ-ის სარჩელს ერთვის ნ. ბ-ის მიერ შედგენილი ხელწერილი იმის თაობაზე, რომ მას ვ. რ-ის წინაშე გააჩნია 10 500 აშშ დოლარის ოდენობით ძირი თანხის გადახდის ვალდებულება. ამავე ხელწერილით დგინდება, რომ ი. რ-სთვის ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის ოდენობა შეადგენდა 525 აშშ დოლარს. ხელწერილის თანახმად, ხელწერილში მოცემული თანხა დაანგარიშებული იყო 2010 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით (ტ. I, ს.ფ. 17,18).

ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართული ნ. ბ-ის ხელწერილი შედგენილი იქნა მ. ბ-სა და ი. რ-ს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის ფარგლებში და მის უზრუნველსაყოფად, დასტურდება, თავად მ. ბ-ის სარჩელში მოცემული განმარტებებით, კერძოდ, მ. ბ-ი აღნიშნავს, რომ მას და ი. რ-ს შორის არსებული შეთანხმებით, 4000 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ 24.09.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით განკარგული უძრავი ქონება კვლავ უნდა გადაფორმებულიყო მ. ბ-ის სახელზე, თუმცა მიუხედავად 4225 აშშ დოლარის გადახდისა, სახლი არ გადაფორმდა ძველ მესაკუთრეზე. უფრო მეტიც, ი. რ-მ მ. ბ-ის ქალიშვილი აიძულა დაეწერა ხელწერილი იმის შესახებ, რომ მათ ოჯახს გადასახდელი ჰქონდა ძირი თანხა 10 500 აშშ დოლარის, ხოლო პროცენტი 1500 აშშ დოლარის ოდენობით (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 3).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ თავად მხარეთა მიერ სარჩელში და შეგებებულ სარჩელში მოცემული განმარტებების გათვალისწინებით დადგენილად მიჩნია, რომ მ. ბ-ს და ი. რ-ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, ხოლო შემდგომში მ. ბ-ის სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა ნ. ბ-ის თავდებობით. რაც შეეხება სასესხო ვალდებულების პირობებს და ფარგლებს, სააპელაციო პალატამ ორივე მხარის განმარტებების, ასევე ნ. ბ-ის მიერ შედგენილი ხელწერილის ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენდა 10 500 აშშ დოლარს, ყოველთვიური სარგებელი 525 აშშ დოლარს. მხარეთა შეთანხმებით არ დადგენილა სასესხო ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორ მ. რ-ს, საქმის მასალებით დგინდება, რომ სასესხო ურთიერთობა არსებობდა მ. ბ-ს, ი. რ-ს და ნ. ბ-ს შორის, ხოლო მ. რ-ე არ წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მხარეს და შესაბამისად, აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსესხებლის მიერ არ არის გადახდილი სესხის ძირი თანხა - 10 500 აშშ დოლარი, ხოლო გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს 1400 აშშ დოლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე მითითებით, რადგან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით არ განსაზღვრულა 10 500 აშშ დოლარის სასესხო ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა, პალატამ ჩათვალა, რომ მოვალეს ვალდებულება მოთხოვნისთანავე უნდა შეესრულებინა. ი. რ-ის მიერ ასეთი მოთხოვნის, პრეტენზიის წარდგენის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს მის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის თარიღი - 08.07.2011წ. (ტ. I, ს.ფ. 76-86).

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი პროცენტის დაკისრებას ითხოვს 2010 წლის სექტემბრიდან, ხოლო პრეტენზიის წარდგენის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 08.07.2011წ., პალატამ მიიჩნია, რომ მთლიანობაში მსესხებელს ეკისრებოდა 10 თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც შეადგენს 5225 აშშ დოლარს (10X525).

პალატამ მიიჩნია, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. ბ-ის მიერ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულების ან საპროცენტო სარგებლის გადახდის ფაქტს, მ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა თავად შეგებებული სარჩელის ავტორი ი. რ-ე სასამართლოში წარდგენილ შეგებებულ სარჩელშივე ადასტურებს მ. ბ-ის მიერ საპროცენტო სარგებლის ანგარიშში გარკვეული თანხების გადახდის ფაქტებს. კერძოდ, შეგებებული სარჩელის თანახმად, „ოქტომბრის თვე გადახდილი იქნა წინასწარ, ხოლო ნოემბერი გადაიხადა მ. ბ-მა“, „მ. ბ-ის დედამ ი. რ-ს გადასცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო მისმა შვილმა, ნ. ბ-მა 1800 აშშ დოლარი“ (ტ.3, ს.ფ. 77).

ამდენად, თავად შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებებით დგინდება მ. ბ-ის სასესხო ვალდებულების ანგარიშში ორი თვის საპროცენტო სარგებლის (ოქტომბრის და ნოემბრის) 1050 აშშ დოლარის, 1000 აშშ დოლარის და 1800 აშშ დოლარის, ანუ ჯამში, 3850 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში მსესხებელს ეკისრებოდა 10 თვის საპროცენტო სარგებლის - 5225 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, დადგენილია, რომ გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს 1400 აშშ დოლარს. გადასახდელია ასევე სესხის ძირი თანხა - 10 500 აშშ დოლარის ოდენობით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დადგენილია, რომ მ. ბ-ს და ი. რ-ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. სესხის ძირი თანხა შეადგენდა 10 500 აშშ დოლარს, ხოლო ყოველთვიური სარგებელი 525 აშშ დოლარს. მხარეთა შეთანხმებით არ განსაზღვრულა სასესხო ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა. მ. ბ-ის სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ნ. ბ-ის თავდებობით.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე და 893-ე, 361-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მსესხებლის მიერ არ არის გადახდილი სესხის ძირი თანხა - 10 500 აშშ დოლარი, ხოლო გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს 1400 აშშ დოლარს. ამდენად, საფუძვლიანია ი რ-ის შეგებებული სარჩელი მ. ბ-ისთვის და ნ. ბ-ისთვის სოლიდარულად სესხის ძირი თანხის 10 500 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის - 1400 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება მ. რ-ის შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მხარეს და, შესაბამისად, აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, არ არსებობს მ. რ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ბ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მსგავსად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ,

1. მ. ბ-ს ვ. რ-საგან ნასესხები ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, რომელიც ძირის და სარგებლის სახით უნდა გადაეხადა მ. ბ-ს. აღნიშნულის დასტურია მოწმე გ. ლ-ის ჩვენება – მ. რ-ის განმარტებით, სადავო თანხა გ. ლ-მა ჩაუთვალა მ. ბ-ს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ. ლ-მა კი უარყო აღნიშნული ფაქტი და განმარტა, რომ გასესხებული თანხა გადასცა თ. ა-ს და არა მ. ბ-ს და მასვე მოსთხოვა დაბრუნება.

2. მ. ბ-მა არ შეასრულა სასესხო ვალდებულება. ხელწერილით, ვ. რ-ის აღიარებით დადასტურებულია მ. ბ-ის მიერ ვ. რ-ისათვის თანხის დაბრუნების ფაქტი. ნასესხები თანხის მოცულობა დასტურდება მ. ბ-ის კუთვნილი სახლის ნასყიდობის ფასითაც, რისი გადახდის შემდეგაც რ-ები ვალდებულები იყვნენ მოეხდინათ მესაკუთრეზე სახლის უკან გადმოფორმება, რაც არ გაუკეთებიათ.

3. მ. ბ-ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გამო რომ არ მომხდარიყო უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ი. რ-ე იძულებული გახდა კვლავ დაეგირავებინა მეუღლის თ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება 14000 აშშ დოლარად, საიდანაც 10 500 აშშ დოლარი გადაეცა ბინის მოგირავნეს მ. ბ-ის ვალში 29.09.2010 წ. სესხი იყო სარგებლიანი, თვეში 5%-ის დარიცხვით და მ. ბ-ს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 525 აშშ დოლარი; სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მ. ბ-მა ნამდვილად ისესხა ვ. რ-საგან 6000 აშშ დოლარი, რა ოდენობის სარგებელი უნდა გადაეხადა მას. პალატა ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა განსაზღვრულიყო 6000 აშშ დოლარის სესხების შემთხვევაში სარგებელი 525 აშშ დოლარის ოდენობით. ნ. ბ-ს მამისგან არ ჰქონია მინიჭებული ფულადი ვალდებულების აღიარების უფლებამოსილება. პალატამ შეფასება არ მისცა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის სადავო ფაქტობრივი გარემოების 3.2.2. პუნქტით დადგენილ იქნა, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოპასუხე ი. რ-ს მოსაზრებას, რომ ამჟამად მ. ბ-ს მისთვის გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 10500 აშშ დოლარი და სარგებელი 1550 აშშ დოლარი. გარდა ამისა, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა რომ ვ. რ-მ სწორედ მ. ბ-ის გამო დატვირთა იპოთეკით მეუღლის კუთვნილი ბინა, იგი სესხს არ წარმოადგენდა, არც ვ. რ-ე არ უნდა ყოფილიყო მოსარჩელე და თ. ა-ს უნდა მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. რ-ე მ. რ-ის მსგავსად არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა.

4. აღნიშნულის გამო მ. ბ-ის ფულადი ვალდებულება ვ. რ-ის მიმართ ძირითადი თანხის სახით განისაზღვრა 10 500 აშშ დოლარით და ყოველთვიური 525 აშშ დოლარის ოდენობის სარგებელით; პალატამ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში მითითებული ორივე სასესხო ვალდებულება არსებობდა თ. ა-თან, რომელსაც არც ერთი თეთრი მ. ბ-ის ანდა ნ. ბ-სათვის არ მიუცია.

5. შემდგომში მ. ბ-ის სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ნ. ბ-ის თავდებობით.

კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დადგენია, რომ ვ. რ-მ მ ანდა ნ. ბ-ს ასესხა 10500 აშშ დოლარი.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არამც თუ მ. ბ-ის და ვ. რ-ის შეუსრულებელი სასესხო ვალდებულების არსებობა დასტურდება, არამედ თავდებობის შესახებ ნორმები კატეგორიულად გამორიცხავს ნ. ბ-ის თავდებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1020 ლარი) 70% –714 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ თ. მ-ის მიერ 2014 წლის 14 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1020 ლარი) 70% –714 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე