Facebook Twitter

№ას-94-90-2014 7 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ც. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3 546,74 აშშ დოლარისა და 681,48 გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

2006 წლის 29 დეკემბერს, თ. დ-მ 12 600 აშშ დოლარად შეიძინა სოფ. დ-ში მდენარე 600კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თ. დ-ს მიწის ნაკვეთის შესაძენად არ გააჩნდა ფულადი სახსრები, ამასთან მისი სახელფასო მონაცემები არ აკმაყოფილებდა საბანკო კრედიტის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს, რის გამოც თ. დ-ის თხოვნით ც. მ-მ სს ,,ს. ბ-თან” გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მიიღო სესხი 12 600 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიური 17%-ს დარიცხვით. აღნიშნული თანხიდან ნახევარი ც. მ-მ გადასცა თ. დ-ს, რათა თ. დ-ს გადაეხადა მისი ბიძის ვალი, რომელიც თ. დ-ის მიერ აღებული იქნა მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით, ხოლო დარჩენილი ნახევრით გადახდილი იქნა თ. დ-ის სხვა ვალები.

თ. დ-მ იკისრა ვალდებულება თავად დაეფარა მოსარჩელის მიერ ბანკიდან სესხის სახით მიღებული თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, კერძოდ თ. დ-ს 2007 წლის 18 იანვრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილი 280,34 აშშ დოლარის ოდენობით. თავდაპირველად თ. დ-ე ფარავდა ც. მ-ის მიერ მის სასარგებლოდ სესხის სახით აღებულ თანხას, თუმცა 2008 წლის ნოემბრიდან დაიწყო გრაფიკის დარღვევა, ხოლო მოგვიანებით საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა. მოპასუხის მიერ სესხის თანხის დაფარვის შეწყვეტის გამო, მოსარჩელე იძულებული იყო თავად დაეფარა ბანკის მიმართ არსებული დავალიანება. დავალიანების დაფარვის მიზნით ბანკის მიერ თანხა ჩამოჭრილ იქნა ც. მ-ის საკრედიტო ბარათიდან (ოვერდრაფტიდან). ოვერდრაფტიდან თანხის ჩამოჭრის გამო ც. მ-ს აღნიშნულ ანგარიშზე წარმოეშვა სესხის თანხის და პროცენტის დავალიანება. 2010 წლის თებერვლის თვეში ც. მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. დ-ის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. 2010 წლის თებერვლის თვისთვის სესხის თანხის დავალიანება შეადგენდა 7 960 აშშ დოლარს, ხოლო ც. მ-ის საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება 2 338,35 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და თ დ-ს ც მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 960 აშშ დოლარის და 2 338,35 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი თ დგებუაძის საკასაციო საჩივარი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

გადაწყვეტილებით თ. დ-სთვის დაკისრებული თანხა წარმოადგენდა 2010 წლის თებერვლის თვისთვის ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, ხოლო ვინაიდან თ. დ-ის მიერ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების იძულებითი ამოღება განხორციელდა 2012 წლის 29 თებერვალს, თ. დ-ის მიერ გადახდილი თანხით სრულად ვერ დაიფარა ბანკის წინაშე არსებული დავალიანება.

ც მ-ის მიერ თ დ-ის ვალდებულების ანგარიშში სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 15 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სულ გადახდილი იქნა 20 360,59 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო ბარათის (ოვერდრაფტის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 019,83 ლარი. თ. დ-ის მიერ ც. მ-ისს სასარგებლოდ სულ გადახდილი იქნა 16 813,55 აშშ დოლარი და 2 338,35 ლარი. ამდენად, ც. მ-ის მიერ თ. დ-ის ვალდებულების ანგარიშში გადახდილი იქნა 3 546,74 აშშ დოლარით და 681,41 ლარით მეტი თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. დ-ს ც. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 546,74 აშშ დოლარის და 681,41 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ს ც. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იმ დროისთვის არსებული დავალიანების გადახდა, რაც გადახდილი იქნა მოპასუხის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა ბანკთან ანგარიშსწორება, სრულად დაეფარა დავალიანების თანხა და თავიდან აეცილებინა დამატებითი თანხების გადახდა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან 2008 წლის ნოემბრის თვიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ შეწყვიტა სესხის დაფარვა, გასულია სამ წელზე მეტი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თ. დ-ს მოსარჩელე ც. მ-ის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. დ-ს მოსარჩელე ც. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 546.74 აშშ დოლარის გადახდა; თ. დ-ს მოსარჩელე ც. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 681.48 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება გამოტანილია წინამდებარე დავის მონაწილე მხარეებს შორის და შესულია კანონიერ ძალაში; აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები წინამდებარე დავის განხილვისას არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას. შესაბამისად, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმული არ არის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიღებულ იქნა არსებითად სწორი გადაწყვეტილება, კერძდო:

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. განსახილველი ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ შეძენილი ან დაზოგილი ქონების დაბრუნების შესაძლებლობას კი იძლევა 976-ე-991-ე მუხლები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება ზემოდასახელებულ ნორმებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალის ანგარიშში გადახდილი თანხის გადახდის კანონშესაბამისობა კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა; უსაფუძვლოა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ბანკთან დროული ანგარიშსწორებით შეეძლო თავიდან აეცილებინა დამატებითი თანხების გადახდა; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. მ-ის ქმედებით ზიანის წარმოშობის დამადასტურებელი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და მხოლოდ აპელანტის აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოება, რომ თ. დ-ს წინა დავაში დაეკისრა ს. ბ-ის წინაშე იმ დროისთვის არსებული დავალიანებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, აღნიშნული თანხის მიღების შემდეგ, მოსარჩელეს შეეძლო სრულად დაეფარა დავალიანბეა და ამ გზით თავიდან აეცილებინა დამატებითი თანხების გადახდა, ხოლო თუ მოსარჩელემ ეს არ გააკეთა და გააგრძელა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულების გრაფიკით გადახდა, კასატორის აზრით, დამდგარ ზიანზე თ დ-ე პასუხს არ აგებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით თ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (340.23 ლარი) 70% –238.16 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (340.23 ლარი) 70% – 238.16 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე