საქმე №ას-98-93-2014 1 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ხ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება (ძირითად სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. და გ. ლ-ების მიმართ და მოითხოვა 19050 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქ.ბათუმში, უ-ის №29 შესახვევში მდებარე ი. ლ-ის სახელზე რიცხული ბინის რეალიზება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ი ლ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ი ლ-სა და ა ხ-ს შორის 2012 წლის 3 ოქტომბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. და გ. ლ-ებს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 17025 აშშ დოლარის გადახდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა მისი ანაზღაურება იპოთეკით დატვირთული ქონების –ქ. ბათუმში, უ-ის შესახვევ №29-ში მდებარე ს/კ ........ რეალიზაციის ხარჯზე, ი. და გ. ლ-ებს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხა 843 ლარის ოდენობით, ი. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. ლ-ს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17 025 აშშ დოლარის გადახდა და გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა მისი ანაზღაურება იპოთეკით დატვირთული ქონებიდან, ი. ლ-ს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 843 ლარის ოდენობით, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ხ-ის სარჩელი ი. ლ-ის მიმართ, სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, ი. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 3 ოქტომბრის ა. ხ-სა და ი. ლ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და შეწყდა ი. ლ-ისათვის საკუთრების უფლებით რიცხული ქ.ბათუმში, უ-ის შესახვევ №29-ში მდებარე ქონებაზე (ს/კ .......) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა, გ. ლ-ის მიმართ კი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 3 ოქტომბერს ა. ხ-სა და ი. ლ-ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით 15000 აშშ დოლარზე ყოველთვიური სარგებლის – 4,5 %-ის დარიცხვით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ი. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
ი. და გ. ლ-ები არიან მამა-შვილი.
ა. ხ-ის წერილობითი შეტყობინებით უდავოდ დადასტურებულია, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს ა. ხ-ს და ი. ლ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შემდგარა, არ წარმოშობილა და ი. ლ-ეს სესხის თანხა ა. ხ-საგან არ მიუღია.
პალატის მითითებით, ა. ხ-ის წერილობითი შეტყობინებით, რომ „გ. ლ-ს მართლაც მთლიანად გადავეცი თანხა“, დასტურდება ა. ხ-ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არა ი., არამედ გ. ლ-სათვის გადაცემა.
გ. ლ-სა და ა. ხ-ს შორის არსებულ სავალო ურთიერთობას ადასტურებს 2013 წლის 15 იანვარს, გ. ლ-ის მიერ შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილიც. აღნიშნული ხელწერილით დადგენილია, რომ გ. ლ-მ, რომელსაც გადაეცა ა. ხ-საგან ნასესხები 15 000 აშშ დოლარი, იკისრა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება დარიცხულ სარგებელთან ერთად 2013 წლის 25 თებერვლამდე.
აღნიშნულ ვადაში გ. ლ-ს თანხა ა. ხ-სათვის არ დაუბრუნებია. ი. ლ-ს ა. ბ-საგან სესხის თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით არ მიუღია.
სესხის სამართლებრივი ურთიერთობა ა. ხ-სა და ი. ლ-ს შორის არ წარმოშობილა.
ი. ლ-მ საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა მთლიანად საკუთარი სესხის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ხ-ის წერილობითი შეტყობინებით უდავოდ დადასტურებულია, რომ 2012 წლის 3 ოქტომბერს ა. ხ-ს და ი. ლ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შემდგარა და ი. ლ-ს სესხის თანხა ა. ხ-საგან არ მიუღია. ამავე წერილობითი შეტყობინებით ა. ხ-ის მიერ აღიარებულ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ თანხა 15000 აშშ დოლარი გადაეცა გ. ლ-ს.
გ. ლ-სა და ა. ხ-ს შორის არსებულ სავალო ურთიერთობას ადასტურებს 2013 წლის 15 იანვარს, გ. ლ-ის მიერ შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილი. აღნიშნული ხელწერილით დადგენილია, რომ გ. ლ-მ, რომელსაც გადაეცა ა. ხ-საგან ნასესხები 15 000 აშშ დოლარი, იკისრა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება 2013 წლის 25 თებერვლამდე დარიცხულ სარგებელთან ერთად.
გ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
პალატის მითითებით, ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა. ამ ურთიერთობის ერთ მონაწილეს, რომელსაც მეორისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, ეწოდება კრედიტორი, ხოლო მეორეს, რომელიც ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება – მოვალე.
მართალია, 2012 წლის 3 ოქტომბერს ა. ხ-ს და ი. ლ-ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით 15000 აშშ დოლარზე ყოველთვიური სარგებლის 4,5 %-ის დარიცხვით, სესხი უზრუნველყოფილ იქნა ი. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მაგრამ მხარეთა განმარტებებითა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დგინდება, რომ ა. ხ-ს და ი. ლ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შემდგარა და ი. ლ-ს სესხის თანხა ა. ხ-საგან არ მიუღია. ა. ხ-ი სასესხო ურთიერთობაში შევიდა გ. ლ-სთან და მას გადასცა 15000 აშშ დოლარი. შესაბამისად, კრედიტორ ა. ხ-ის მოვალე პირს წარმოადგენს არა ი. ლ-ე, არამედ გ. ლ-ე, რომლის მიმართ ა. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, არ არსებობს, არც წარმოშობილა, იგი შეიცვალა სხვა ურთიერთობით, სახელდობრ, გ. ლ-სა და ა. ხ-ის ურთიერთობით (სასესხო ურთიერთობით). ამ ურთიერთობის უზრუნველყოფის თაობაზე კი მესაკუთრე და კრედიტორი არ შეთანხმებულან და არც შეთანხმების რეგისტრაცია მოუხდენიათ საჯარო რეესტრში. ამდენად, მესაკუთრის თანხმობა და შეთანხმება, მესამე პირთან გაფორმებული სასესხო ურთიერთობის გამო, მისი საკუთრების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ არსებობდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 288-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სწორედ სამოქალაქო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული იმ იმპერატიული დათქმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და ის გამომდინარეობს სხვა ძირითადი ვალდებულებიდან, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიცვლება სხვა მოთხოვნით, ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ ახალი შეთანხმების აუცილებელი რეგისტრაცია რეესტრში, რათა ზუსტად დადგინდეს თუ რომელი ძირითადი უფლებიდან გამომდინარეობს იპოთეკა, ანუ რომელი მოთხოვნაა უზრუნველყოფილი იპოთეკით.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არანაირი შეთანხმება და, მით უფრო, ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ახლად წარმოშობილი უფლების უზრუნველყოფის თაობაზე მხარეთა შორის არ შემდგარა. აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, სრულიად გამორიცხავს სესხის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული იპოთეკის გამოყენებას გ. ლ-ის ვალდებულების შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ. ლ-ის მიერ ა. ხ-ის წინაშე აღებულ სასესხო ვალდებულებაში ი. ლ-ის თანამონაწილეობა დაუდასტურებელია.
პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე, მოპასუხემ თავის პასუხში უნდა მიუთითოს, რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებანი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოცემული დავის საგანი. დავა ეხება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოშლას, ხოლო მოსარჩელემ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე. 288-ე, 352-ე და 405-ე მუხლებზე.
პალატამ სამართლებრივად არ შეაფასა გ. ლ-ის მიერ ცალმხრივად შედგენილ ხელწერილი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებას და კასატორს მასზე ხელი არ მოუწერია.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე და 286-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალმხრივად და არაობიექტურად შეაფასა. საქმეში წარმოდგენილია დისკებზე ჩაწერილი სასამართლო სხდომის ოქმები, რომლებიც ასევე არ შეფასებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1489,26 ლარის 70% – 1042,482 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. ხ-ს (პირადი №) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1489,26 ლარის 70% – 1042,482 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე