საქმე №ას-1449-1367-2012 3 ივლისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი., ნ. და ჟ. წ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. მ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ., ჟ. და ი. წ-ების მიმართ და მოითხოვა:
1. ი. წ-ისათვის 1600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
2. ნ. წ-ისათვის 3450 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
3. ნ. წ-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით, ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ტ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ი. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა;
3. ნ. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 125 აშშ დოლარის გადახდა;
4. ნ .წ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული, ქარელის რაიონის სოფელ ხ-ში (საკადასტრო კოდი №.......) მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ.
ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო, ამავე პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო, ნ., ჟ. და ი. წ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2012 წლის 31 ივლისს ფოსტის მეშვეობით შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ნ., ჟ. და ი. წ-ებმა, აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებოდნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვდნენ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილია ასევე 2012 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული მეორე განჩინება, რომლითაც ნ., ი. და ჟ. წ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატამ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 2 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნ., ი. და ჟ. წ-ების მიერ წარდგენილი იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 364-ე და 379-ე მუხლების თანახმად, განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, ან მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში მიმართონ სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო და შეგებებულ სააპელაციო საჩივრებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება მხარის მიერ დამოუკიდებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრების მიუხედავად და მისი განხილვაც მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი ბედის გაუთვალისწინებლად, მაშინ, როცა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ, მის საწინააღმდეგოდ, რაც ფაქტობრივად მიუთითებს, რომ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეუტანლობისას შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა აღძრული არ იქნებოდა. ცხადია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ძირითადი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ან მასზე უარის თქმა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას გამოიწვევს. შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა აღიძრას იმ მოთხოვნის ფარგლებში, რა მოთხოვნაც დაყენებულია ძირითადი სააპელაციო საჩივრით. ამასთან, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება უნდა გამორიცხავდეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და პირიქით.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ ტ. მ-ას მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. წ-ის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ამ უკანასკნელისათვის 3450 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, შეგებებული სააპელაციო საჩივრით ნ., ჟ. და ი. წ-ები ასაჩივრებენ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა და ი. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა; ნ. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 125 აშშ დოლარის გადახდა და ნ. წ-ის დავალიანების ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.
საქმის არსებითად განხილვის შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველი, რომლითაც აპელანტი ი. წ-ე ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ტ. მ-ას სასარგებლოდ მისთვის 1600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, არ გამორიცხავდა ძირითადი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ი. წ-ის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თავისი არსით, სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა და იგი „შეგებებული სააპელაციო საჩივრის“ დანიშნულებას ვერ შეიძენდა მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოდგენილი იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის ძირითადი სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეზე ნ., ჟ. და ი. წ-ების სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე იმავე მოთხოვნით, რაც მათ შეგებებული სააპელაციო საჩივრით დააყენეს შემდგომში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინების თანახმად, დაუშვებლობის გამო, დატოვებული იქნა განუხილველად.
პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან და მისი შეტანა განპირობებულია ძირითადი სააპელაციო საჩივრის არსებობით, შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ძირითადი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების იდენტურია და მისი დასაშვებობაც სწორედ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, რომლებსაც კანონმდებელი ადგენს სააპელაციო საჩივართან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 125 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული დავალიანების ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი. პალატის მითითებით, ნ. და ჟ. წ-ების სააპელაციო საჩივარი, მართალია, აღძრული იყო იმ მოთხოვნის ფარგლებში, რა მოთხოვნაც დაყენებული იყო ძირითადი სააპელაციო საჩივრით, თუმცა მათი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ღირებულება შეადგენდა 125 აშშ დოლარს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, მისი დაუშვებლობის წინაპირობას წარმოადგენდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის უნდა დარჩენილიყო განუხილველად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ი., ნ. და ჟ. წ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-189-ე, ასევე 379-ე მუხლისა, სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, ხოლო საქმის განხილვისას რაიმე ახალი გარემოება არ დადგენილა. ტ.მ-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 4600 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც მას დაუკმაყოფილდა 1600 აშშ დოლარი, სწორედ ამ თანხის დაკისრებაზე იქნა წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი. როგორც სასარჩელო, ისე შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ერთმანეთისგან გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს არასწორად შეაფასა შეგებებულ სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, 125 აშშ დოლარის ნაწილში არსებული მოთხოვნა მიიჩნია შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნად, მაშინ, როდესაც სრულიად დაუსაბუთებლად არ მიიჩნია ამავე შინაარსის მოთხოვნად 1600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში წარდგენილი პრეტენზია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი., ნ. და ჟ. წ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტ მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ი., ნ. და ჟ. წ-ების მიმართ და მოითხოვა:
1. ი. წ-ისათვის სესხის სახით გადაცემული 1600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
2. ნ. წ-ისათვის სესხის სახით გადაცემული 3450 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
3. ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია ნ. წ-ისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არასავალდებულო (ფაკულტატური) თანამონაწილეობა, ანუ სარჩელების სუბიექტური გაერთიანება (სსკ-ის 86-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). ტ. მ-ას შეეძლო აღეძრა დამოუკიდებელი სარჩელი როგორც ი. წ-ის, ასევე - ნ. და ჟ. წ-ების მიმართ, მაგრამ მან ერთ სარჩელში გააერთიანა ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნები რამდენიმე მოპასუხის მიმართ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, რამდენიმე მოპასუხის მიმართ აღძრულია არა ერთიანი, არამედ სხვადასხვა (განცალკევებული) მოთხოვნები, შესაბამისად, თითოეულ მოპასუხეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნაზეა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ტ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ი. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა;
3. ნ. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 125 აშშ დოლარის გადახდა;
4. ნ. წ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ჟ. წ-ის საკუთრებაში არსებული, ქარელის რაიონის სოფელ ხ-ში (საკადასტრო კოდი №.....) მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-ამ.
ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო, ამავე პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ., ჟ. და ი. წ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2012 წლის 31 ივლისს შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ი., ნ. და ჟ. წ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ი. წ-ს ტ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, ნ. წ-ს - 125 აშშ დოლარის გადახდა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. წ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მას დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა, დაუშვებელია, ვინაიდან ზემოხსენებული შეგებებული სააპელაციო საჩივარი სინამდვილეში წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ი .წ-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ამავე ნაწილის მიმართ დარჩა განუხილველად სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით. ეს განჩინება შესულია კანონიერ ძალში. ამდენად, ი. წ-ე სააპელაციო საჩივრით განმეორებით ასაჩივრებს მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რასაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ი. წ-ს დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა პროცესუალურად შეუძლებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილზე ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია და ვერც შეიტანდა, რადგან მისი სარჩელი ი. წ-ის მიმართ სრულად დაკმაყოფილდა. ცხადია, რომ ტ.მ-ა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს ასევე, რომ ი. წ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ვერ იქნება დაშვებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც, რომელიც სააპელაციო საჩივრით აქვს გასაჩივრებული ტ. მ-ას, ვინაიდან გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი არ არის გამოტანილი ი. წ-ის წინააღმდეგ, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებაზე არც სააპელაციო და არც შეგებებული სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ასევე ნ. და ჟ. წ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (სსკ-ის 369-ე, 379-ე მუხლები), წაეყენება იგივე მოთხოვნები, როგორიც ძირითად სააპელაციო საჩივარს (სსკ-ის 368-ე მუხლი), მათ შორის, შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავეში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 125 აშშ დოლარი, ანუ საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ნ. და ჟ. წ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი., ნ. და ჟ. წ-ების კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 393.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი., ნ. და ჟ. წ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე