№ას-455-430-2014 1 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-ა 2005“
მოპასუხე - შპს „წ-ი XXI“, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი - შპს „ს. გ. წ. კ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ლიცენზიის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბ-ა 2005-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „წ-ი XXI-ის“, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ ლიცენზიის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ა 2005-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ-ა 2005-სა“ და შპს „ა. წ-ს“ შორის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს და მესამე პირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იურიდიული ინტერესის არსებობისას. იურიდული ინტერესი კი, პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გამოვიდა.
აღნიშნული განჩინება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების სისტემა და დაინტერესებულ პირს, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, შეუძლია, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდა კანონით ზუსტად გათვალისწინებული გამონაკლისისა. გასაჩივრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიშვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლში არ არის მითითებული იურიდიული ინტერესის თაობაზე. ამ ნორმიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ მხარეს შეუძლია, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმება. რაც შეეხება იურიდიულ ინტერესს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს პარტნიორის უფლებამოსილებებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, რომელსაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს შპს „წ-ი XXI“, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება სააგენტოს ინტერესებსაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (იხ. მაგ სუსგ №ას-169-159-2014). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ა 2005-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ-ა 2005-სა“ და შპს „ა. წ-ს“ შორის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიღებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს მისთვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას, ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მსურველმა მხარემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, რომ გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე ახდენს გავლენას.
კერძო საჩივრის ავტორი ზოგადად მიუთითებს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს პარტნიორის უფლებამოსილებებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, მოცემულ შემთხვევაში - შპს „წ-ი XXI“, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ამ მითითებას მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მხარე არ ასაბუთებს, კონკრეტულად რა შედეგს წარმოშობს მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და რა ფორმით შეეხება მის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მესამე პირების სარჩელზე მოპასუხედ გამოდის უშუალოდ საზოგადოება, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი სარგებლოს გასაჩივრების უფლებით. პარტნიორს არ გააჩნია უფლებამოსილება საზოგადოების ნაცვლად იდავოს მესამე პირებთან არსებულ მოთხოვნებზე, გარდა „მეწარმეთა შესახებ კანონით“ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე